მადრიდში საქართველო 2025 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელეს
ესპანურენოვანი ჟურნალისტებისა და ტურიზმის სფეროს მწერლების საერთაშორისო ასოციაციამ Vision საქართველო 2025 წლის საუკეთესო ტურისტულ ქვეყნად დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიალი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა.
ჯილდო Vision-ის პრეზიდენტმა თომას როდრიგესმა, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალექსანდრე ჭკუასელს გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ესპანელი და ლათინური ამერიკის ქვეყნების ჟურნალისტები, ბლოგერები, ტურიზმის სფეროს მწერლები, ასევე დიპლომატიური მისიებისა და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები.
Asociación Internacional de Periodistas y Escritores Latinos de Turismo “Visión-ში ესპანელ მოგზაურ ჟურნალისტებთან ერთად ლათინო ამერიკის 15 ქვეყანის მედიის წარმომადგენლები არიან გაწევრიანებულები.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2026" საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი
13.03.2026.13:55
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Foodex Japan 2026" ექვსი ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.
საქართველოს პავილიონს იაპონიის სოფლის მეურნეობის, სატყეო და თევზჭერის მინისტრის მოადგილე იუჰეი იამაშიტა ეწვია. მინისტრის მოადგილეს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავამ უმასპინძლეს.
„სოფლის განვითარების სააგენტო წელს უკვე მესამე საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს საქართველოს პავილიონს. გამოფენებში ქართული კომპანიების მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ექსპორტის ზრდისა და ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებით. ვაგრძელებთ მუშაობას დაფინანსების ისეთი მექანიზმების შექმნასა და განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს ხარისხიანი ქართული აგროპროდუქციის წარმოების ზრდას და აძლიერებს მის კონკურენტუნარიანობას“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა.
საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების „მაისი 2020“, „ჰობი“, „გეონატურალი“, „აგროლაინი“, „აჩინებული“ და „წყალი მარგებელი“ წარმოებული პროდუქცია: კაკალი, თაფლი, წყალი და ხილის წვენები.
საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan 2026 აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური საერთაშორისოღონისძიებაა. წელს გამოფენაში 70-ზე მეტი ქვეყნიდან 3,000-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას.