ლაშქრობა, ჰაიკინგი, პარაპლანით ფრენა - საზაფხულო თავგადასავლები საქართველოში - Le Figaro
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გავლენიანი ფრანგული გამოცემა Le Figaro საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს აქვეყნებს.
Le Figaro-ს ჟურნალისტი იან ბერნარ გილბო მკითხველს საქართველოს უნიკალურ ბუნებასა და მრავალფეროვან ტურისტულ აქტივობებს აცნობს: ლაშქრობა, პარაპლანით ფრენა, კაიაკინგი, ხეობებში მოგზაურობა.
„ბუნებისა და სიწყნარის მოყვარული მოგზაურებისთვის ევროპასა და აზიას შორის მდებარე საქართველო მიმზიდველია. საქართველოში ტურისტული ადგილები ალპებსა და კარპატებზე ნაკლებად ხალხმრავალია და ნელ-ნელა დამკვიდრდა, როგორც ადამიანზე მორგებული სათავგადასავლო მიმართულება“, - წერს გილბო.
Le Figaro-ს ჟურნალისტი აღწერს თბილისს, გუდაურს, სტეფანწმინდას, ყაზბეგის ეროვნულ პარკს.
„გუდაური ზამთარში სათხილამურო კურორტია, ზაფხულში კი ეს კურორტი პარაპლანის მოყვარულთა თავშეყრის ადგილია. აქ დაფრინავენ კლდეების, ხეობებისა და მთების თავზე“, - წერს გილბო.
სტატიაში აღწერილია სვანეთი და თუშეთი, როგორც საქართველოს ორი ყველაზე ავთენტური მთიანი რეგიონი. ჟურნალისტი იან ბერნარ გილბო მკითხველს მესტიასა და უშგულს შორის არსებულ სალაშქრო მარშრუტს აცნობს. სტატიაში ხაზგასმულია ქართული სტუმართმოყვარეობა. Le Figaro განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს მდინარეებსა და კანიონებს.
„საქართველოს აღმოჩენა მდინარეებითაც შეიძლება. დასავლეთ საქართველოში მარტვილის ხეობა განსაცვიფრებელია — აქ თქვენ ნახავთ ვიწრო კლდეებში გამდინარე სუფთა წყალსა და აყვავებულ მცენარეებს. აქ სეირნობა შეიძლება პატარა ნავით ან კაიაკით. ხეობაში სიჩუმეა და მხოლოდ ნიჩბების ხმა არღვევს ამ სიწყნარეს. უფრო ჩრდილოეთით, მდინარე რიონი ჯომარდობის მოყვარულებს იზიდავს. ადვილად მისადგომია, მაგრამ მდინარე საკმაოდ სწრაფია და მაგარ შეგრძნებებს აღვიძებს“ - წერს Le Figaro-ს ჟურნალისტი.
სხვა სიახლეები
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) ICAO-ს რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა
13.11.2025.00:14
11-12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ(UAG) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) რეგიონულ ვორქშოფს უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით ჩატარდა.
ვორქშოფის მიზანი აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლება და ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა იყო.
ღონისძიებაზე, რომელსაც 19 ქვეყნის 35-მდე მონაწილე ესწრებოდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართი (Annex 14) განიხილეს, რომელიც აეროდროების დიზაინსა და სტანდარტებს მოიცავს. ასევე, იმსჯელეს კლასიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის დატვირთვის მაჩვენებლების განსაზღვრას შეეხება.
ღონისძიება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG) ლევან კარანაძემ გახსნეს.
აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა საჰაერო ხომალდისა და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით.