ქუთაისის საერთაშორო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისმა სამსახურებმა, საქაერონავიგაციის, შსს იმერეთის რაჭა - ლეჩხუმი ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს ფარცხანაყანების განყოფილებამ, განაღმვის სამსახურის სპეციალურმა დანაყოფმა, ასევე, ქუთაისის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რეგიონალური ცენტრის წარმომადგენლებმა.
იმიტირებული სცენარის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტში ძრავზე ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ავარიულად ეშვება, რის შემდეგაც აეროპორტში ცხადდება საერთო განგაში და იკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი. აეროპორტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. სწავლების მიზანია აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მონაწილე ორგანიზაციების და სამსახურების რეაგირების დროის დადგენა, ასევე საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვა.
პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე ორგანიზაციის ჩართულობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორმა გაგა სანიკიძემ, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, სადაც მონაწილეებმა სწავლების შედეგები გააანალიზეს.
,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სიმულაციური სრულმასშტაბიანი სწავლება ჩატარდა. სწავლება ორ ეტაპად იყო დაყოფილი: პირველ ეტაპზე, საჰაერო ხომალდიდან გადმოგვცეს ავარიული დაშვება, რაზეც ჩვენი მხრიდან სწრაფი რეაგირება მოყვა და მოხდა საჰაერო ხომალდზე ხანძრის ლიკვიდაცია. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ბაქანზე მდგარ საჰაერო ხომალდზე მოხდა ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფა. მსგავსი სწავლებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პერიოდულად ტარდება. რაშიც მონაწილეობას იღებს აეროპორტის სამსახურები და ასევე, დასავლეთ საქართველოში არსებული სხვადასხვა სტრუქტურები,-‘’განაცხადა გაგა სანიკიძემ.
გეგმიური სწავლებისას ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტები სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული. სრულმასშტაბიანი სწავლებები საქართველოს აეროპორტებში პერიოდულად, 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. საერთაშორისო აეროპორტების შემდეგ, მსგავსი სახის გეგმური სწავლება წელს, ამბროლაურის აეროპორტშია დაგეგმილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:29
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.