ქუთაისის აეროპორტში კიდევ ერთი Convenience store გაიხსნა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ,,სმარტის“ შედარებით მცირე ზომის კიდევ ერთი ობიექტი გაიხსნა.
ახალი მარკეტის ტიპის კვების ობიექტი. ე.წ. Convenience store, ამჯერად გაფრენის დარბაზში, მარცხენა მხარეს 125 კვ.მ ტერიტორიაზეა განთავსებული.
„სმარტი“ მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტში ექსკლუზიური იმპორტის პროდუქტებს, ახალგამომცხვარი პურ-ფუნთუშეულსა და „ტრუჩილოს“ იტალიურ ყავას სთავაზობს.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ,,სმარტის“ სუპერმარკეტი ამჯერად გაფრენის დარბაზში შეემატა, რომლითაც სარგებლობა აეროპორტის მგზავრების გარდა, სხვა მსურველებსაც შეეძლება, ვინც დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ან პირიქით მოძრაობს. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგახსნილ ობიექტზე მთლიანად ადგილობრივები არიან დასაქმებულები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს იმერეთის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას-," განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
უკვე ორ წელზე მეტია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მოფრენის საერთო სივრცეში, „სმარტის“ ძირითადი, შედარებით მსხვილი ობიექტი წარმატებით ფუნქციონირებს.
„სმარტის“ 24 საათიანი მარკეტებისა და კაფეების სერვისით სარგებლობა, მისი ლოკაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ორივე ობიექტზე ჯამურად 20 ადამიანია დასაქმებული.
სხვა სიახლეები
30.07.2025.16:00
სასტუმრო Chiora Inn ჭიორა ინ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელი ჭიორაში მდებარეობს და 4 წელია სტუმრებს აქტიურად მასპინძლობს. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს მენეჯერმა შორენა რეხვიაშვილმა განაცხადა, წლევანდელ წელს რაჭაში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია და „ჭიორა ინის“ მაგალითზე აგვისტოს თვეში ნომრების 80%-ი უკვე დაჯავშნილია.
„ჭიორა ინი“ ოჯახური სასტუმროა, სადაც რვა ინდივიდუალური ნომერია. ყველა ნომერს საკუთარი სველი წერტილი და რაჭის მყინვარების ხედი აქვს.
„სასტუმრო ჭიორა ინ“ აშენდა 2019-2020 წლებში და ხოლო გაიხსნა 2021 წელს. ანუ უკვე 4 წელია რაც სტუმრებს ვემსახურებით. სასტუმრო შედგება 8 სასტუმრო ნომრისგან, საიდანაც 4 ნომერი პირველ სართულზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 4 ნომერი მეორე სართულზე. პირველ სართულზე სასტუმრო ნომრებს აქვთ საკუთარი აივნები, არის აივნებით, ხოლო მეორე სართულის 4 ოთხს კი - პანორამული ხედი დიდი ვიტრაჟებიდან. მთლიანობაში არსებული ნომრებიდან 2 ნომერი არის საოჯახო, სადაც 4 ადამიანი თავსდება.“, - განმარტავს შორენა რეხვიაშვილი, რომელსაც Business Insider Georgia ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული პრესტურის ფარგლებში შეხვდა და ესაუბრა.
„ჭიორა ინის“ ეზოში განთავსებულია გადახურული შენობა, რომელიც განკუთვნილია თავშეყრისა და გართობისთვის. ეზოშია ასევე ჰამაკები, სკამები და საქანელები.
სასტუმროს ეზოში მდებარეობს ასევე რესტორანიც.
„მოთხოვნა მაღალია და სასტუმრო წელს ძალიან დატვირთულია. გახსნის პირველივე წელს „ჭიორა ინი“ იყო საკმაოდ დატვირთული. შემდეგ შოვის მოვლენებს ფონზე ცოტა შემცირდა სტუმრების რაოდენობა, თუმცა წელს საკმაოდ გააქტიურდა.
„ჭიორა ინის“ სტუმრების 50%-ი უცხოელი ტურისტები, ხოლო 50%-ი ადგილობრივი დამსვენებლები არიან. უცხოელი სტუმრებიდან რუსი დამსვენებლები ლიდერობენ, თუმცა სასტუმროს სტუმრები არიან ასევე ტურისტები ევროპიდან, აშშ-დან და სხვა“, - განმარტავს სასტუმროს მენეჯერი.
მისივე თქმით, უცხოელი დამსვენებლები სასტუმროში საშუალოდ 2-3 დღე რჩებიან. სასტუმროს ადმინისტრაცია აქტიურად ეხმარება სტუმრებს სხვადასხვა ტურების დაორგანიზებაში და მათ საჭირო ინფორმაციას და კონტაქტებს აწვდის.
რაც შეეხება სასტუმრო „ჭიორა ინში“ განთავსების ფასებს, ის გასული წლის დონეზეა და 2 კაცზე ნომერი 190 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი არ მოიცავს კვებას. კვებისთვის სასტუმროს რესტორანში არის მენიუ, საიდანაც სტუმრებს სასურველი კერძების შეკვეთა შეუძლიათ.
„ჩვენთან არის საოცარი ხედები და სამზარეულო, რომელიც დამსვენებლებს ძალიან მოსწონთ. ჩვენი მიზანია, რომ სტუმრებს ადგილობრივი სამზარეულო და კერძები გავაცნოთ და შევთავაზოთ“, - ამბობს შორენა რეხვიაშვილი.