Kass Land Diamond Resort-ი, ატრაქციების პარკი - რა სიახლეები ელოდებათ წელს KASS LAND-ის სტუმრებს
რამდენიმე კვირაში KASS LAND • წალკის კანიონი • Tsalka Canyon-ის ტერიტორიაზე Kass Land Diamond Resort ოფიციალურად გაიხსნება. როგორც Business Insider Georgia-სთან Kass Group-ის დირექტორმა ეკატერინე თოდრიამ განაცხადა, რეზორტი ამ დროისათვის სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და პირველი სტუმრები იანვარში მიიღო.
გარდა განთავსების ობიექტისა KASS LAND-ის ტერიტორიაზე ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ბევრი სიახლე იგეგმება.
„სასტუმროს ოფიციალური გახსნა იგეგმება ივნისის თვეში და აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.
ასევე იგეგმება მასშტაბური ატრაქციების პარკის გახსნა, რომელიც საუკეთესო გასართობი ადგილი იქნება ოჯახებისთვის. ატრაქციების პარკი მოიცავს გიგანტურ სლაიდს, ჩამოსასრიალებლებს, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილ განსხვავებულ ატრაქციებს და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელ ტრასაზე მოწყობილ კარტინგს.
ვინაიდან მსგავსი სახის რეზორტი საქართველოში არ არსებობს და დაინტერესება საკმაოდ მაღალია, ვფიქრობთ, რომ ვიზიტორების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - განმარტავს ეკატერინე თოდრაძე.
რეზორტი მოიცავს 62 ვილჰაუსს და 55 ნომრიან სასტუმროს, ჯამში 350 სტუმრის განთავსება არის შესაძლებელი. სასტუმრო რამდენიმე თვეა სატესტო რეჟიმში მუშაობს და აქვს ჯავშნები როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური.რეზორტის ტერიტორიაზე დამატებით ვილჰაუსების მოწყობა იგეგმება.
ეკატერინე თოდრაძის თქმით, 2024 წელს KASS LAND-ს 100 ათასი ვიზიტორი სტუმრობდა. აღნიშნული მაჩვენებლებიდან კი უცხოელი ვიზიტორების წილი დაახლოებით 65% იყო, საქართველოს მოქალაქეების კი 35%. უცხოელი ვიზიტორებიდან კი განსაკუთრებით აქტიურობდნენ ქვეყნები - რუსეთი, ისრაელი, ინდოეთი, ემირატები, ყაზახეთი და ა.შ
აღსანიშნავია, რომ KASS LAND-ში მაღალი სეზონი მაისიდან იწყება ოქტომბრამდე გრძელდება.
სხვა სიახლეები
ბათუმში ფესტივალი „განდაგანა“ 14-15 ნოემბერს ჩატარდება
11.11.2026.16:02
ბათუმში სოფლის ფესტივალი „განდაგანა“ 14-15 ნოემბერს ჩატარდება. ორი დღით, აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებით, კულტურითა და სოფლის ნობათით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი. გასული წლის მსგავსად, წელსაც „გარდენია შევარდნაძე“ ფესტივალზე აჭარული სოფლის თემატურ სივრცეს წარმოადგენს, სადაც შთამბეჭდავი დეკორაციებით წარმოჩენილი იქნება აჭარული ყოფა, რაც მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას შეუწყობს ხელს. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური კვების კუთხეები, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება თიხის, ქარგვის, კულინარიული მასტერკლასები და შეჯიბრებები.
ფესტივალ „განდაგანაზე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვაც, სადაც 200-მდე ადგილობრივი და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მეწარმის ხელნაკეთი ნამუშევრები, სოფლის ნობათი და კერძები იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ბენდები იზრუნებენ. მათ შორის იქნება ბენდი „ ურსა“, „გორდელა“, „კახაბერი და ხანუმები“, „ოდა“, „თეატრალური კვრატეტი“, „ქართული ხმები“, „შვიდკაცა“ და სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.