კარგი სეზონია, მოთხოვნა დიდია - Hotel Carpe Diem Gudauri-ს გენერალური დირექტორი ზამთრის ტურისტულ სეზონზე
სასტუმრო Hotel Carpe Diem Gudauri მიმდინარე ზამთრის ტურისტული სეზონის სტარტით კმაყოფილია და იმედი აქვს, რომ თუ ამინდი ხელს არ შეუშლის, სეზონი წარმატებით ჩაივლის და კურორტს უფრო მეტი სტუმარი ეყოლება.
„კარგი სეზონია, მოთხოვნა დიდია და დატვირთულობაც ძალიან კარგია. ახალი წლის პერიოდში სასტუმრო შარშანაც სავსე იყო. ამ ეტაპზე რთულია კონკრეტული პროგნოზების გაკეთება - ყველაფერი დამოკიდებულია ამინდზე. ბოლო პერიოდში ამინდი სერიოზულად გვიშლის ხელს, თუმცა სტარტი ნამდვილად კარგია.
ადგილობრივების გარდა აქტიურობენ უცხოელებიც. ძირითადად სტუმრები ისრაელიდან არიან, რაც ჩვენს შემთხვევაში წინასწარ ჯავშნებს უკავშირდება. ისრაელიდან ჩამოსული სტუმრები საშუალოდ 5–7 დღე რჩებიან, ხოლო ადგილობრივები დაახლოებით 2 ღამეს“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Hotel Carpe Diem Gudauri-ს გენერალურმა დირექტორმა ილია ბარბაქაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე ტურისტულ სეზონზე გუდაურში მდებარე სასტუმრო Carpe Diem-ს მომსახურების ტარიფების გაზრდაც მოუწია.
„მიმდინარე წელს ფასების ზრდაც მოგვიწია, დაახლოებით 10%-ით, რაც გაზრდილ ხარჯებს უკავშირდება: გაიზარდა ხელფასები, გაიზარდა პროდუქტებზე ფასები და მეც მიწევს ტარიფების გაზრდა“, - აცხადებს სასტუმროს დირექტორი.
Carpe Diem Gudauri-ს გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ კურორტისთვის აუცილებელია ისეთი აუდიტორიის მოზიდვა, რომელიც ზამთრის დასვენებას ანიჭებს უპირატესობას.
„საჭიროა ისეთი ტურისტების მოზიდვა, რომლებმაც იციან, რა არის ზამთრის ტურიზმი. ვგულისხმობ სამიზნე აუდიტორიაზე უფრო მეტად აქცენტირებას, რადგან კურორტზე შემოდის ისეთი ტურისტიც, რომელსაც ზამთრის კურორტის სპეციფიკა არ აქვს გაცნობიერებული. ვფიქრობ, კერძო სექტორი ტურისტების მოსაზიდად მაქსიმუმს აკეთებს. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველა არსებულ რესურსს ვიყენებთ იქნება ეს შიდა თუ გარე რეკლამა, რათა ჩვენი ხმა სამიზნე აუდიტორიას მივაწვდინოთ“, - აცხადებს ილია ბარბაქაძე.
სასტუმრო Carpe Diem Gudauri 2011 წელს გაიხსნა და 61 სასტუმრო ნომერს აერთიანებს.
სხვა სიახლეები
როდესაც ქვეყანას ემატება პირდაპირი რეისები, ეს ქმნის 5-10 წლიან პერსპექტივას - HSC Group Hospitality-ის დირექტორი
01.04.2026.11:00
2025 წელი ტურიზმის მაჩვენებლების კუთხით რეკორდული იყო და ამავდროულად მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებების პერიოდსაც წარმოადგენდა, რომლებიც საქართველოს ტურიზმის გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას HSC Group Hospitality-ის დირექტორმა, გიორგი დოლიძემ განაცხადა. HSC Group Hospitality ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე განთავსების ობიექტს მართავს, მათ შორის თბილისის ცენტრში მდებარე Glaros Old Town-ს.
მისი თქმით, როდესაც ქვეყანას ემატება დამატებითი პირდაპირი რეისები, ეს ქმნის 5-10, ზოგ შემთხვევაში კი 15-წლიან პერსპექტივასაც კი მაღალი მსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვის კუთხით.
„როდესაც 2025 წელი ჩემთვის იყო რეკორდული წელიწადი ტურიზმის მაჩვენებლებით, ასევე იყო იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წელიწადი, რაც დაფუძნებული იყო საქართველოს არა მოკლევადიან პერსპექტივაზე, არამედ გრძელვადიან მომავალზე. გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც 10-15-20 მიმართულებიდან, შენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებებიდან, საიდანაც ყველანი ვსაუბრობთ და ვთანხმდებით, რომ გვჭირდება მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვა, ამ მიმართულებებზე რომ გემატება არაერთი პირდაპირი რეისი, ეს ნიშნავს იმას, რომ 5-10 და შეიძლება 15-წლიანი პერსპექტივაც კი ჰქონდეს ამ განვითარებას - საქართველოში მოვიზიდოთ სწორედ ის კატეგორია ტურისტების, რომლებიც საშუალოზე უფრო მეტს დახარჯავენ. ამისთვის, ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ კეთდება როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურებულია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა, როგორც სხვადასხვა მნიშვნელოვან გამოფენებში ერთობლივი მონაწილეობის მიღებით, ასევე მარკეტინგული აქტივობებითა და სამიზნე აუდიტორიაზე სწორად გათვლილი მარკეტინგის განხორციელებით იმ მიმართულებებზე, სადაც დაგვემატა ფრენა.
ჩვენ გასულ წელს ვნახეთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკაში, თუ სად რა ბიუჯეტი იყო მარკეტინგში დახარჯული და რას აპირებდა 2026 წელს. ისეთი დადებითი მაჩვენებლები იყო, სწორი ციფრები და სწორი სტრატეგია ჩანდა, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ იქ ხდებოდა წერტილოვანი მარკეტინგი, სადაც ფრენები გვემატებოდა ან უნდა დაგვმატებოდა. შესაბამისად, ამა თუ იმ ბაზარს ჩვენი ქვეყნის არსებული რესურსებითა და ასევე კერძო სექტორის ძალისხმევით ვაწვდით ინფორმაციას და, ასე ვთქვათ, ვაცნობთ საქართველოს მეტ პოტენციალს - რატომ უნდა ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, რა დახვდებათ და როგორ შეძლებენ დასვენებას, ასევე რა კულტურულ თუ სხვადასხვა ტურისტულ აქტივობებში შეიძლება მონაწილეობა“, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.