კამპანია „გამომყევი აჭარაში“ წარმატებით მიმდინარეობს
შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დასასრულს უახლოვდება. კამპანიის ფარგლებში, აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტების წვდომები უკვე 200 მილიონს აღწევს. ქართველი ინფლუენსერები, კონტენტ-კრეატორები და ფოტოგრაფები მეორე თვეა აჭარაში მოგზაურობენ და თავიანთ შთაბეჭდილებებს ასიათასობით შიდა ტურისტს უზიარებენ. კამპანიის დასრულებამდე 18 დღე რჩება, რის შემდეგაც მოხდება მონაწილეების მიერ აჭარაზე გამოქვეყნებული კონტენტის ანალიზი, გამარჯვებულები კი სექტემბერში შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოვლინდებიან. წელს, კამპანიის საპრიზო ფონდი გაზრდილია, რაც მონაწილეებს აჭარაში მოგზაურობით უფრო მეტი თანხის მოგების საშუალებას აძლევს.
კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა რეგიონში ორი თვის განმავლობაში იმოგზაურეს და ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები. 2023-ში კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში 100 მილიონი, ხოლო 2024 წელს 240 მილიონზე მეტი წვდომა (reach) დააგროვა. კამპანიის მიზანი წინა წლების მსგავსად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.
სხვა სიახლეები
Kera Ethno Group ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ფართოვდება და ახალ სერვისებს ამატებს
16.03.2026.10:00
Kera Ethno Group • კერა ეთნო ჯგუფი, რომელმაც ოპერირება 2025 წელს დაიწყო, ზაფხულის ტურისტულ სეზონისთვის აქტიურად ემზადება. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში ტურისტული ობიექტის დამფუძნებელმა, რევაზ ჯანელიძემ აღნიშნა, იგეგმება გარე სივრცეების მოწესრიგება და საბავშვო გასართობი მოედნების მოწყობა. მნიშვნელოვანი სიახლეა ქუთაისის აეროპორტიდან უფასო ტრანსფერის სერვისის დამატებაც, რომელიც სტუმრებისთვის ზაფხულის სეზონიდან ამოქმედდება.
„ახლა ტურისტული სეზონი ნამდვილად არ არის, თუმცა 2025 წელი, რომ შევაჯამოთ, ახალბედა ობიექტისთვის კარგი მაჩვენებლები გვქონდა. ტურისტული ნაკადი დაახლოებით 60–70%-ს შეადგენდა, დანარჩენი კი ადგილობრივი სეგმენტი იყო. რაც შეეხება მიმდინარე გეგმებს, დავიწყეთ ახალი პროექტები - საუბარია ბავშვთა საგანმანათლებლო აგრო-ტურებზე, რომელიც მოიცავს აგრო-ტურიზმის განვითარებას როგორც ქალაქში, ასევე რეგიონსა და ქვეყანაში ზოგადად. გარდა ამისა, გვაქვს სხვადასხვა მიმართულებები: წამყვან უნივერსიტეტებთან ვდებთ ხელშეკრულებებს, რათა სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა გადაამზადონ და გაიარონ სტაჟირება აგრო მიმართულებით, მენეჯმენტის, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებებით“, - განმარტავს რევაზ ჯანელიძე.
დამფუძნებლის თქმით, ეს ყველაფერი „კერასა“ და „ჰერბიას“ ერთობლივი პროექტია და „კერას“ განვითარების სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია.
„რაც შეეხება გაფართოებას, ვგეგმავთ როგორც გარე სივრცეების, ისე საბავშვო გასართობი მიმართულებების განვითარებას. ამ პროექტებზე უკვე დაწყებულია მუშაობა. რეალურად, გარე სივრცეების მოწესრიგება დაწყებულია და ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დასრულდება. დღეს ობიექტზე აქტიურად შემოდიან ტურისტები. ტურისტული მოძრაობა მაღალია, ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა რეგიონში არსებული კონფლიქტების ფონზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. ჩვენი პარტნიორების თქმით, მოთხოვნა მაღალია. საქართველო რეგიონში ინარჩუნებს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს, რაც ტურისტულ ინტერესზეც აისახა“, - აცხადებს რევაზ ჯანელიძე.
„კერას“ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ობიექტი ადგილია, სადაც არა მხოლოდ ნივთებს, არამედ ღირებულებებსაც სთავაზობენ. ტურისტული ობიექტი აერთიანებს:
საოჯახო მარანს - ღვინის 8000-წლიან კულტურის ცოცხალ გამოხატულებას;
ძველი სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთების მუზეუმს - წარსულის ყოფითი მემკვიდრეობის არქივს;
განთავსების სერვისს „საცხოვრისი“ - ცხოვრების სტილს, რომელიც დაფუძნებულია წარსულისა და ხარისხზე ორიენტირებული სტუმართმოყვარეობის შერწყმაზე;
კვების ობიექტს „სანადიმო“ - კერძები მზადდება ადგილობრივ, ნატურალურ პროდუქტებზე;
ვორქშოპებს, მასტერკლასებსა და საკონფერენციო სივრცეს - თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების პლატფორმას;
აგრო და კულტურულ ტურს ერთ ეზოში - სტუმარს მრავალფეროვან შთაბეჭდილებებსა და პოზიტიურ ემოციებს ანიჭებს;
ჰერბიას - წამყვან ბრენდს, რომლის ბუნებრივი პროდუქტები უკვე აღიარებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
„კერა“ უკვე წარმოადგენს სტანდარტს, რომელიც ემსახურება მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ახალ ეტაპზე გადაჰყავს როგორც წყალტუბოს, ისე მთელი საქართველოს კულტურულ-ეკონომიკური პოტენციალი.
„კერა“ - სივრცე, სადაც სტუმრის მოლოდინი ყოველთვის მართლდება.