IWSC-ის ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია
IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მესამე კონკურს ჩაატარებს. IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში გაიმართება. ტრადიციისამებრ, IWSC-ი საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდით წარდგება, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით, კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება.
ჟიურის შემადგენლობას უხელმძღვანელებს ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და ქომაგი, ქართული ღვინის პოპულარიზატორი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი.
წლევანდელ კონკურსზე კიდევ ერთხელ შეიკრიბა გამორჩეულ პროფესიონალთა გუნდი. გაგაცნობთ ჟიურის წევრებს:
დეივიდ კერმოდი - ღვინის მწერალი და მედია პროფესიონალი. BBC-ის ყოფილი რედაქტორი, ამჟამად უძღვება პოპულარულ პოდკასტს ღვინისა და სპირტიანი სასმელების შესახებ.
გეორგიოს იორდანიდისი - Annabel's London-ის ღვინის განყოფილების ხელმძღვანელი. სპეციალიზდება ღვინის პროგრამების შექმნასა და განვითარებაში.
ვილ ჰილი - Novel Wines-ის ღვინის შესყიდვების დირექტორი. ექსპერტი ნაკლებად ცნობილი ღვინის რეგიონების აღმოჩენაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში.
რეიჩელ პოგმორი - Enotria-ს ღვინის ბაიერი. სპეციალიზდება და იკვლევს ახალი ღვინის რეგიონებს მსოფლიოს მასშტაბით.
სანი ჰოჯი - ღვინის კონსულტანტი და ავტორი. ცნობილია ინოვაციური მიდგომით ღვინის ბიზნესის მართვაში.
ჰერი ქრაუთერი - Good Pair Days-ის ბაიერი და კონსულტანტი. ექსპერტი ღვინის წარმოებიდან გაყიდვების სტრატეგიებამდე.
ერიკ ცვიბელი - The Samling Hotel-ის ღვინის დირექტორი და უფროსი სომელიე. მრავალგზის გამარჯვებული სომელიეების საერთაშორისო კონკურსებში.
სალვატორე კასტანო - ევროპის საუკეთესო სომელიე და Friarwood-ის ღვინის ბაიერი.
„საქართველოში ჩვენი წინა ვიზიტებისას, ჩვენმა საერთაშორისო მსაჯთა გუნდმა აღმოაჩინა არა მხოლოდ ქვეყნის მდიდარი ღვინის მემკვიდრეობა, არამედ - მისი დაყენების ავთენტური კულტურაც. ჭაჭიდან დაწყებული, ქართული კონიაკით დამთავრებული, ქართული ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვნება ნამდვილად იმსახურებს საერთაშორისო ყურადღებას. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, რომ წელს ჩვენი გლობალური შეჯიბრი საქართველოში მოიცავს როგორც ღვინოს, ასევე სპირტიან სასმელებს და მოუთმენლად ველით ამ გამორჩეული ღონისძიების ჩატარებას თქვენს მშვენიერ ქვეყანაში," - აცხადებს IWSC-ის აღმასრულებელი დირექტორი, კრისტელ გიბერი.
IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia-ში მონაწილეობის მისაღებად, რეგისტრაცია 7 ოქტომბერს გაიხსნა და 1 ნოემბრამდეა შესაძლებელი. ქართველ მწარმოებლებს კიდევ ერთხელ მიეცემათშესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი უნიკალური პროდუქცია საერთაშორისო ასპარეზზე.
მეღვინეებს წელს დიდი სიახლე ელოდება: ღვინის პროდუქციის გარდა, შესაძლებელია, ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენა.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/4eUvaCG
სხვა სიახლეები
საქართველო ღვინის ტურიზმის კარგი მაგალითია, რომლის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ტომ შტაიხენი
06.03.2026.16:01
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში მიმდინარე ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენაზე საქართველო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი, სადაც 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
სამი დღის განმავლობაში ITB Berlin-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრები შედგა ისეთ საერთაშორისო პლატფორმებთან და მედიებთან, როგორებიცაა Booking, Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Think Strawberries, TUI, Conde Nast Traveler და სხვ.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრები ეცნობიან ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს, ასევე საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო. გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობები დაამყარონ და ერთობლივი ტურისტული პროდუქტები შეიმუშავონ.
ლუქსემბურგის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლისა და ტურიზმის გენერალური დირექტორის, ტომ შტაიხენის განცხადებით, საქართველო ღვინის ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ქვეყანაა და სწორედ ამ გამოცდილების გაცნობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინტერესს ლუქსემბურგისთვის. მისი თქმით, ლუქსემბურგისთვის ღვინის ტურიზმის განვითარება სტრატეგიულ მიმართულებად განიხილება და, ამ მხრივ, საქართველოს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა
ტომ შტაიხენის განმარტებით, ლუქსემბურგი ამჟამად ღვინის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს რეგიონი, სადაც მეღვინეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ხელისუფლება ცდილობს ტურიზმის განვითარებით ამ სექტორს დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შეუქმნას.
„ლუქსემბურგში ვმუშაობთ გეგმაზე, რომლის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარება. გვაქვს რეგიონი, სადაც მეღვინეობა მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელია და გვინდა, ღვინის ტურიზმის მეშვეობით მას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შევუქმნათ. სწორედ ამიტომ გვინდა დავუკავშირდეთ კოლეგებს, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, საქართველო კი ნამდვილად ცნობილია ღვინის ტურიზმით," - აცხადებს ტომ შტაიხენი.
მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის მიმართულებით ახალი ინიციატივების განვითარებასა და სექტორის მდგრადობას.
„ჩვენი მიზანია ვისწავლოთ, გავიზიაროთ გამოცდილება და დავუკავშირდეთ კოლეგებს. გვინდა ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი ამ მიმართულებით და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გავუზიაროთ. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ვითანამშრომლებთ," - აღნიშნავს ტომ შტაიხენი.
ITB Berlin მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა, რომელსაც წელს დაახლოებით 100 ათასი ვიზიტორი ესწრება და 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია არის წარმოდგენილი.
გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან.
საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.