ისრაელში საქართველოსადმი დიდი ინტერესია, განსაკუთრებით, კახეთის ტურისტულ მიმართულებაზე - ნინო ისაკაძე
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელში, თელ-ავივში, აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდეს ტურისტულ გამოფენაში IMTM 2026 მონაწილეობს.
გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად, 30-ზე მეტი ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარმოდგენილი. მონაწილეები გამოფენაზე საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესზე ამახვილებენ ყურადღებას.
გამოფენის მიმდინარეობას დადებითად აფასებს სასტუმრო „ყვარლის ტბის რეზორტის“ გაყიდვების დირექტორი ნინო ისაკაძე. მისი თქმით, ვიზიტორებისა და პროფესიონალების მხრიდან საქართველოს მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით მაღალია. ეს ფაქტორი, მისი შეფასებით, მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის ტურისტული ნაკადების ზრდისთვის.
„გამოფენაზე საკმაოდ დიდი ინტერესია საქართველოს, განსაკუთრებით, კახეთის მიმართულებაზე. სხვათაშორის, ისრაელში ბევრად მეტი ინფორმაცია აქვთ საქართველოზე, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. მგონია, რომ ტურისტული გამოფენა ნაყოფიერი იქნება ჩვენთვის“ - აღნიშნა ნინო ისაკაძემ.
IMTM 2026-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს, გამოფენაზე 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდი გამოფენაზე ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალია. სტენდზე ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ქართულ კულინარიას გაეცნონ და საქართველოს კურორტებისა და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
06.04.2026.13:26
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.
Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.