ისრაელის ბაზარი ჩვენი სასტუმროებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა - ნათია გოგიძე
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელში, თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IMTM 2026 (International Mediterranean Tourism Market) მასშტაბური სტენდითაა წარდგენილი. ღონისძიებაში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 30-ზე მეტი ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს, რაც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და ახალი კავშირების დამყარებას ემსახურება.
გამოფენის მიმდინარეობას ბათუმში მდებარე სასტუმროების The Grandeur Hotel-ის და White Sails-ის წარმომადგენელი ნათია გოგიძე დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ კერძო სექტორისთვის IMTM 2026-ში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ისრაელის ბაზარი სასტუმროებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაც ყოველდღიურ ტურისტულ ნაკადებსა და სეზონურ დატვირთვაზეც მკაფიოდ აისახება.
გოგიძის შეფასებით, გამოფენაზე კერძო სექტორის აქტიურობამ და პარტნიორების მხრიდან ინტერესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის ბაზრის მაღალი პოტენციალი საქართველოსთვის. მისი თქმით, სასტუმროები, რომლებიც ისრაელელი სტუმრების საჭიროებებსა და მოლოდინებზე არიან მორგებული, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ და ეს რეალურ შედეგებშიც აისახება.
„ჩვენთვის ისრაელის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყოველდღიურად ძალიან ბევრ ისრაელელ სტუმარს ვმასპინძლობთ… ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ გამოფენაზე ჩამოსვლა და საკმაოდ კარგი შედეგებით მივდივართ აქედან, არსებულ პარტნიორებთან გავამყარეთ ურთიერთობები, საკმაოდ ბევრი ახალი პარტნიორი გავიცანით და იმედი გვაქვს, რომ კარგი სეზონი გველოდება წინ“, – აღნიშნავს ნათია გოგიძე.
თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესია და მას წელს 20 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. საქართველოს სტენდთან მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ, ქართული პროდუქტები დააგემოვნონ და ქვეყნის კურორტებისა და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
საქართველო ღვინის ტურიზმის კარგი მაგალითია, რომლის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ტომ შტაიხენი
06.03.2026.16:01
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში მიმდინარე ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენაზე საქართველო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი, სადაც 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
სამი დღის განმავლობაში ITB Berlin-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრები შედგა ისეთ საერთაშორისო პლატფორმებთან და მედიებთან, როგორებიცაა Booking, Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Think Strawberries, TUI, Conde Nast Traveler და სხვ.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრები ეცნობიან ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს, ასევე საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო. გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობები დაამყარონ და ერთობლივი ტურისტული პროდუქტები შეიმუშავონ.
ლუქსემბურგის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლისა და ტურიზმის გენერალური დირექტორის, ტომ შტაიხენის განცხადებით, საქართველო ღვინის ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ქვეყანაა და სწორედ ამ გამოცდილების გაცნობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინტერესს ლუქსემბურგისთვის. მისი თქმით, ლუქსემბურგისთვის ღვინის ტურიზმის განვითარება სტრატეგიულ მიმართულებად განიხილება და, ამ მხრივ, საქართველოს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა
ტომ შტაიხენის განმარტებით, ლუქსემბურგი ამჟამად ღვინის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს რეგიონი, სადაც მეღვინეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ხელისუფლება ცდილობს ტურიზმის განვითარებით ამ სექტორს დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შეუქმნას.
„ლუქსემბურგში ვმუშაობთ გეგმაზე, რომლის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარება. გვაქვს რეგიონი, სადაც მეღვინეობა მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელია და გვინდა, ღვინის ტურიზმის მეშვეობით მას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შევუქმნათ. სწორედ ამიტომ გვინდა დავუკავშირდეთ კოლეგებს, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, საქართველო კი ნამდვილად ცნობილია ღვინის ტურიზმით," - აცხადებს ტომ შტაიხენი.
მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის მიმართულებით ახალი ინიციატივების განვითარებასა და სექტორის მდგრადობას.
„ჩვენი მიზანია ვისწავლოთ, გავიზიაროთ გამოცდილება და დავუკავშირდეთ კოლეგებს. გვინდა ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი ამ მიმართულებით და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გავუზიაროთ. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ვითანამშრომლებთ," - აღნიშნავს ტომ შტაიხენი.
ITB Berlin მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა, რომელსაც წელს დაახლოებით 100 ათასი ვიზიტორი ესწრება და 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია არის წარმოდგენილი.
გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან.
საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.