IMTM 2026 გამოფენაზე საქართველოს მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალია - მაია მურაჩაშვილი
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელში, თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IMTM 2026 მონაწილეობს. ღონისძიება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უმსხვილესია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიის ნაწილია.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. გამოფენაზე 30-ზე მეტი ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი.
გამოფენაში მონაწილე ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლუსის“ წარმომადგენელი მაიკო მურაჩაშვილი, რომელიც წლებია ისრაელის ბაზარზე მუშაობს, აღნიშნავს, რომ IMTM 2026-ზე საქართველოს მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. მისი შეფასებით, გამოფენაზე დამთვალიერებელთა რაოდენობა და აქტიურობა მკაფიოდ აჩვენებს, რომ საქართველო კვლავ რჩება ისრაელელი ტუროპერატორებისა და მოგზაურების ყურადღების ცენტრში. მურაჩაშვილის თქმით, ისრაელი ტრადიციულად სტაბილურ ბაზარს წარმოადგენს, ხოლო არსებული დინამიკა კიდევ უფრო პოზიტიურ მოლოდინს აჩენს მიმდინარე წლისთვის.
„ძალიან დიდი ხანია ისრაელის ბაზარზე ვმუშაობ და უნდა ითქვას, რომ ეს ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი და სტაბილური ბაზარია. ისრაელი საქართველოსთვის ვიზიტორთა ტოპ ხუთეულში ყოველთვის შედის. მაგრამ დღეს გამოფენაზე რაც ხდება, ასეთი რამ არასოდეს მინახავს - ამდენი ვიზიტორი და ამდენი ქართული კომპანია აქ არასოდეს ყოფილა. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოზე ძალიან დიდი მოთხოვნაა... რაც შეეხება გამოფენას - თვითონ დარბაზიც სავსეა და ჩვენი სტენდის ირგვლივაც ძალიან დიდი აქტივობაა“ - აცხადებს მაიკო მურაჩაშვილი.
საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ ქვეყნის კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს გაეცნონ, ქართული პროდუქტები დააგემოვნონ და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ცნობადობისა და პოპულარობის ზრდას. IMTM 2026-ზე საქართველოს სტენდი ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და დატვირთულ სივრცედ ითვლება, რაც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მიმართ მაღალ ინტერესს მოწმობს.
IMTM 2026-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს, გამოფენაზე 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
საქართველო ღვინის ტურიზმის კარგი მაგალითია, რომლის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ტომ შტაიხენი
06.03.2026.16:01
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში მიმდინარე ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენაზე საქართველო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი, სადაც 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
სამი დღის განმავლობაში ITB Berlin-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრები შედგა ისეთ საერთაშორისო პლატფორმებთან და მედიებთან, როგორებიცაა Booking, Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Think Strawberries, TUI, Conde Nast Traveler და სხვ.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრები ეცნობიან ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს, ასევე საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო. გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობები დაამყარონ და ერთობლივი ტურისტული პროდუქტები შეიმუშავონ.
ლუქსემბურგის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლისა და ტურიზმის გენერალური დირექტორის, ტომ შტაიხენის განცხადებით, საქართველო ღვინის ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ქვეყანაა და სწორედ ამ გამოცდილების გაცნობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინტერესს ლუქსემბურგისთვის. მისი თქმით, ლუქსემბურგისთვის ღვინის ტურიზმის განვითარება სტრატეგიულ მიმართულებად განიხილება და, ამ მხრივ, საქართველოს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა
ტომ შტაიხენის განმარტებით, ლუქსემბურგი ამჟამად ღვინის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს რეგიონი, სადაც მეღვინეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ხელისუფლება ცდილობს ტურიზმის განვითარებით ამ სექტორს დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შეუქმნას.
„ლუქსემბურგში ვმუშაობთ გეგმაზე, რომლის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარება. გვაქვს რეგიონი, სადაც მეღვინეობა მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელია და გვინდა, ღვინის ტურიზმის მეშვეობით მას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შევუქმნათ. სწორედ ამიტომ გვინდა დავუკავშირდეთ კოლეგებს, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, საქართველო კი ნამდვილად ცნობილია ღვინის ტურიზმით," - აცხადებს ტომ შტაიხენი.
მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის მიმართულებით ახალი ინიციატივების განვითარებასა და სექტორის მდგრადობას.
„ჩვენი მიზანია ვისწავლოთ, გავიზიაროთ გამოცდილება და დავუკავშირდეთ კოლეგებს. გვინდა ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი ამ მიმართულებით და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გავუზიაროთ. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ვითანამშრომლებთ," - აღნიშნავს ტომ შტაიხენი.
ITB Berlin მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა, რომელსაც წელს დაახლოებით 100 ათასი ვიზიტორი ესწრება და 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია არის წარმოდგენილი.
გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან.
საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.