IBTM-ზე საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესია - ნატალია ჩანადირი
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ესპანეთში, ბარსელონაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან გამოფენაში IBTM World 2025 მიიღო მონაწილეობა. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ წარმომადგენელი ნატალია ჩანადირი.
„IBTM-ზე საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, გვქონდა ბევრი საინტერესო შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ გამოფენას ესწრებიან არა მხოლოდ ადგილობრივი ესპანური კომპანიები, არამედ ისეთი მასშტაბური ბაზრების წარმომადგენლები, როგორებიცაა: ამერიკა, აზია, ევროპა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვიმედოვნებთ, რომ წარმატებით გაგრძელდება ჩვენი მონაწილეობა ამ გამოფენაზე.“
IBTM World 2025-ზე წარმოდგენილი იყო 150 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია, ხოლო გამოფენის სტუმრების რაოდენობამ 12 ათასს გადააჭარბა.
სხვა სიახლეები
ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2026" საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი
13.03.2026.13:55
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Foodex Japan 2026" ექვსი ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.
საქართველოს პავილიონს იაპონიის სოფლის მეურნეობის, სატყეო და თევზჭერის მინისტრის მოადგილე იუჰეი იამაშიტა ეწვია. მინისტრის მოადგილეს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავამ უმასპინძლეს.
„სოფლის განვითარების სააგენტო წელს უკვე მესამე საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს საქართველოს პავილიონს. გამოფენებში ქართული კომპანიების მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ექსპორტის ზრდისა და ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებით. ვაგრძელებთ მუშაობას დაფინანსების ისეთი მექანიზმების შექმნასა და განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს ხარისხიანი ქართული აგროპროდუქციის წარმოების ზრდას და აძლიერებს მის კონკურენტუნარიანობას“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა.
საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების „მაისი 2020“, „ჰობი“, „გეონატურალი“, „აგროლაინი“, „აჩინებული“ და „წყალი მარგებელი“ წარმოებული პროდუქცია: კაკალი, თაფლი, წყალი და ხილის წვენები.
საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan 2026 აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური საერთაშორისოღონისძიებაა. წელს გამოფენაში 70-ზე მეტი ქვეყნიდან 3,000-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას.