გუდაურმა შარშანდელზე გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა - მაია მურაჩაშვილი
კომპანია Iberia Tours Plus-ის დამფუძნებლის, მაია მურაჩაშვილის შეფასებით, გუდაურმა მიმდინარე ზამთრის სეზონზე შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შედეგები აჩვენა. მისი თქმით, ზრდა შეინიშნება როგორც ფინანსური მაჩვენებლების, ისე კურორტის ცნობადობისა და საერთო დატვირთულობის მიმართულებით.
„წელს გუდაურმა შარშანდელზე გაცილებით უკეთესი შედეგი დადო, როგორც ფინანსური კუთხით, ისე ცნობადობის და დატვირთულობის კუთხით,“ - აცხადებს მურაჩაშვილი. მისი განმარტებით, საშუალო დღიური ფასი დაახლოებით 25-30%-ით არის გაზრდილი, ხოლო დატვირთულობა - 10-12%-ით, რაც მკაფიოდ მიუთითებს მოთხოვნის ზრდაზე.
„მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 25-30 პროცენტით არის მომატებული საშუალო დღიური გაყიდვის ფასი, დატვირთულობაც კი 10-12%-ით მეტია შარშანდელთან შედარებით,“ - აღნიშნავს იგი. მურაჩაშვილის შეფასებით, კურორტზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ აქცენტი უკვე თავისუფალი ადგილების ხელმისაწვდომობაზე კეთდება.
„კურორტზე მოთხოვნა ძალიან დიდია, თუ ადრე კონკურენტების საფასო პოლიტიკას ვაკვირდებოდით, ახლა ვაკვირდებით რამდენად აქვს ადგილი ან არ აქვს ადგილი; იმდენად გაივსო კურორტი. ძალიან ბევრი საერთაშორისო ვიზიტორი მოდის და მაღალ ფასად,“ - ამბობს მაია მურაჩაშვილი. „გუდაურში საერთაშორისო ვიზიტორები მზად არიან მაღალი ფასი გადაიხადონ, რაც ავტომატურად ზრდის მოთხოვნას მაღალი ხარისხის სერვისებზე, რაც კერძო სექტორისთვის დიდ სტიმულს წარმოადგენს“ აღნიშნავს იგი.
2025 წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული რაოდენობა, 5,521,866 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2024 წელთან შედარებით 8.4%-იანი ზრდაა. ასევე რეკორდულად, 6%-ით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი და 4,690.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
გერმანიაში Lufthansa-სა და Eurowings-ის პილოტები გაიფიცნენ
13.04.2026.14:29
ავიაკომპანიების Deutsche Lufthansa AG, Lufthansa Cargo AG და Lufthansa CityLine GmbH პილოტებმა გაფიცვა დაიწყეს. პროტესტს შეუერთდნენ Eurowings GmbH-ის პილოტებიც, რომლებიც რეისებს გერმანიის აეროპორტებიდან ასრულებენ. აქცია პილოტთა პროფკავშირის, Vereinigung Cockpit-ის ინიციატივით ტარდება. გაფიცვამ ყველაზე დიდი შეფერხებები ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში გამოიწვია და 14 აპრილის, ადგილობრივი დროით 23:59 საათამდე გაგრძელდება.
ერთი დღით ადრე Eurowings-ში ვარაუდობდნენ, რომ ფრენების განრიგის „დიდ ნაწილს“ მაინც შეასრულებდნენ Eurowings Europe-ისა და პარტნიორი ავიაკომპანიების მხარდაჭერის იმედით.
ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობის გამო, გაფიცვისგან გათავისუფლდნენ Lufthansa-სა და CityLine-ის ის პილოტები, რომლებიც ასრულებენ რეისებს გერმანიიდან შემდეგი მიმართულებებით: აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ერაყი, იემენი, კატარი, ქუვეითი, ლიბანი, ომანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
პროფკავშირის წარმომადგენლებმა გაფიცვის მიზეზად ის გარემოება დაასახელეს, რომ Lufthansa-ს და Lufthansa Cargo-ს ჯერჯერობით არ წარუდგენიათ წინადადებები კორპორაციული საპენსიო პროგრამების შესახებ. ანალოგიური სიტუაციაა CityLine-ის შემთხვევაშიც თანამშრომლებთან კოლექტიური ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით. წელს ესLufthansa-ს გაფიცვების მეოთხე ტალღაა.