გლობალური არასტაბილურობის ფონზე ტურიზმის სექტორი ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად დარგად რჩება - მაია ომიაძე
გლობალური არასტაბილურობის ფონზე ტურიზმის სექტორი ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად დარგად რჩება, თუმცა ბაზრების დივერსიფიკაცია კომპანიებს განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს, - აღნიშნულის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ისაუბრა. მისი თქმით, ნაწილი ოპერატორებისა, რომლებიც კონკრეტულ ბაზრებზე არიან დამოკიდებული, გამოწვევების წინაშე დგანან, მაშინ როცა სხვა კომპანიები ზაფხულის სეზონს აქტიურად ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ დარგში არსებულ გამოწვევებზე და გეგმებზე სასაუბროდ მაია ომიაძე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა და მათგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
„ქართულ ტურიზმის სექტორში არსებული ვითარება შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ: ერთი მხრივ, ეს არის სამომავლო ტენდენციები და მოლოდინები, ხოლო მეორე მხრივ თავად სექტორის რეაქცია.
ბუნებრივია, სექტორის რეაქცია პირდაპირ კავშირშია მომხმარებლის ქცევასთან. მოგეხსენებათ, ნებისმიერი გლობალური თუ რეგიონული ტურბულენტობის დროს, პირველი, რაზეც ადამიანი ეკონომიას აკეთებს ან რის შეწყვეტასაც წყვეტს ფინანსური დაზოგვის მიზნით, სწორედ მოგზაურობა და ტურიზმია.
შესაბამისად, ტურიზმი რეალურად ყველაზე მოწყვლადი სექტორია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დარგი პერიოდულად ერთგვარ „რეანიმაციულ“ რეჟიმში იმყოფება.
დღეს სექტორში განწყობები არაერთგვაროვანია. შეხვედრებზე იყვნენ ადამიანებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე არ მუშაობენ, მათ საერთოდ არ აქვთ ჯავშნების გაუქმება და აქტიურად ემზადებიან ზაფხულის სეზონისთვის. ვინაიდან ბაზარი დივერსიფიცირებულია, ტურიზმის ინდუსტრია საკმაოდ ჭრელია და საფრთხის შეგრძნებაც ყველასთვის სხვადასხვანაირია. თუმცა, ბუნებრივია, სულ სხვა მდგომარეობაში არიან ის კომპანიები, რომლებიც მხოლოდ ისრაელის ან არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზარზე იყვნენ ორიენტირებულნი“, - აცხადებს ომიაძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციის პარალელურად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალი მიმართულებების ათვისებაზე, მათ შორის შუა აზიის ქვეყნებში „როუდ შოუებისა“ და B2B შეხვედრების ორგანიზებაზე, რაც მიზნად ისახავს ახალი პარტნიორების მოზიდვასა და ბაზრის გაფართოებას. მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე მზარდი რეპუტაციით სარგებლობს, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის უსაფრთხოების იმიჯს, როგორც ერთ-ერთ მთავარ გზავნილს.
„ევროპის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, ბრიტანეთიდან დიდი ოდენობით საკმაოდ მაღალი დონის "ბაიერები" არიან ჩამოსულები.
დღეს დარგის ერთ-ერთ გავლენიან ბიზნესმენთან მქონდა საუბარი და მან აღნიშნა, რომ საქართველოს რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე თვიდან თვემდე სტაბილურად იზრდება.
მან განსაკუთრებული ხაზი გაუსვა ჩვენს მთავარ გზავნილს - უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ტრადიციული სტუმართმასპინძლობა და სერვისების ხარისხი, თუმცა უსაფრთხოება არის ის უდიდესი მონაპოვარი, რომელსაც საქართველო მსოფლიოს სთავაზობს და რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან აქტიურად და პოზიტიურად იღებს“, - აცხადებს მაია ომიაძე.
სხვა სიახლეები
საკმაოდ ინტენსიური აქტივობები გვაქვს დაგეგმილი ზაფხულისა და შემოდგომის სეზონებისთვის, პარალელურად კი უკვე აქტიურად ვემზადებით ზამთრის სეზონისთვის - მაია ომიაძე
15.04.2026.12:05
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე მიიჩნევს, რომ ტურიზმის სექტორი ცოცხალი ორგანიზმია, რის გამოც გეგმები კვარტლურად გადახედვასა და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებას ექვემდებარება. მისი თქმით, გლობალური მოვლენების ფონზე საქართველო აგრძელებს ბაზრების დივერსიფიკაციას, ტრადიციულ ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებსა და ახალი ქვეყნების ათვისებას, რაც მოიცავს როგორც საერთაშორისო გამოფენებს, ისე ზაფხული-შემოდგომის სეზონებისთვის დაგეგმილ აქტივობებს.
„ვინაიდან ტურიზმი თავისი ბუნებით ძალიან ცოცხალი ორგანიზმია, ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით დასახული გეგმების შესრულებას. კვარტალური მონაცემების - იქნება ეს შემოსავლების სტატისტიკა თუ ვიზიტორების რაოდენობა - ანალიზის საფუძველზე, საჭიროებისამებრ, ჩვენს სამოქმედო გეგმაში გარკვეული კორექტივები შეგვაქვს.
მიმდინარე მსოფლიო მოვლენები გვიბიძგებს, გარკვეულწილად გადავხედოთ ჩვენს გეგმებს. თუმცა, უცვლელი რჩება ჩვენი მთავარი ხედვა - ბაზრების დივერსიფიკაცია და ტრადიციულ ბაზრებზე აქტიური მარკეტინგული კამპანიების წარმოება.
ჩვენ საკმაოდ ინტენსიური აქტივობები გვაქვს დაგეგმილი ზაფხულისა და შემოდგომის სეზონებისთვის, პარალელურად კი უკვე აქტიურად ვემზადებით ზამთრის სეზონისთვის.
ჩვენს დღის წესრიგშია ახალი მიმართულებები, ახალი ქვეყნები და ახალი გამოფენები. სულ მალე, მაისის ბოლოს, საქართველო შანხაიში, ITB China-ზე, პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარსდგება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა ეროვნული სტენდით ღირსეულ პრეზენტაციას გამართავს.
ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ბიზნესსექტორი ჩვენთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. საკმაოდ ინტენსიური და დატვირთული სამუშაო დღეები გველოდება. ვფიქრობთ, ჩინური მხარეც არანაკლები ინტერესით ელოდება ამ დღეს“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
მისი განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საერთაშორისო მასშტაბის პროექტებია, მათ შორის საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება მსოფლიოს წამყვან მედია გამოცემებში, როგორიცაა The New York Times, Financial Times, Condé Nast Traveller და Vogue, სადაც ქვეყანა ყოველწლიურად პოზიტიურად არის წარმოდგენილი.
როგორც ომიაძემ აღნიშნა, მიმდინარე წელი ტურიზმის მიმართულებით იქნება აქტიური და დატვირთული, მრავალმხრივი საერთაშორისო კამპანიებითა და ახალი ინიციატივებით.