გემო ფესტმა ძალიან ბევრი მოგზაური გაახარა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბევრ ადგილობრივ მოსახლეს შემოსავალი შეუქმნა - მაია ომიაძე
გემო ფესტმა ძალიან ბევრი მოგზაური გაახარა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბევრ ადგილობრივ მოსახლეს შემოსავალი შეუქმნა, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
გემო ფესტი 2025-მა საკუთარ ვიზიტორებს მომავალ წლამდე უკვე დაემშვიდობა, თუმცა მიმდინარე წელს ის საკმაოდ აქტიურად ჩატარდა ქვეყნის სამ რეგიონში და ბევრი სტუმარიც მიიღო.
„ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გემო ფესტი პირველად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ – ბორჯომში. ფესტივალი იყო ძალიან აქტიური, მრავალი სტუმრითა და განსხვავებული გემოებით. 15-მდე მონაწილე გვყავდა კვების მიმართულებით – მთლიანად სამცხე-ჯავახეთიდან. ასევე იყვნენ ადგილობრივი მეწარმეები, რომლებიც ყიდდნენ განსაკუთრებულ ადგილობრივ პროდუქტებს.
იცით, რომ სამცხე-ჯავახეთი ცნობილია თენილი ყველითა და მისი სხვადასხვა ნაირსახეობით. ეს განსხვავებული გემოები, რომლებიც სრულიად განასხვავებს ამ რეგიონის გასტრონომიას დანარჩენი საქართველოსგან, წარმოდგენილი იყო ძალიან მრავალფეროვნად ორდღიანი ფესტივალის განმავლობაში.
წელს ამ რეგიონით დასრულდა გემო ფესტივალის ე.წ. ტურნე.“
მისი თქმით, ფესტივალმა უამრავი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმარი მოიზიდა და ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი ეკონომიკური სარგებელიც მოუტანა.
„ამ ფესტივალმა ძალიან ბევრი მოგზაური გაახარა – როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო. და რაც ყველაზე მთავარია, ბევრ ადგილობრივ მოსახლეს შეუქმნა შემოსავლის წყარო. რეგიონში შეიქმნა მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობა ტურისტების ვიზიტის შედეგად.
იცით, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ პროექტის არის მეწარმეობისა და გასტრონომიის განვითარება და, შესაბამისად, გასტრო-ტურიზმის ხელშეწყობა. ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს პროექტმა წარმატებით გაართვა თავი,“ - განაცხადა მაია ომიაძემ.
გემო ფესტი 2026 წლიდან კვლავ დაბრუნდება და ქართულ გასტრონომიას ახალი გემოებით გააცოცხლებს.
„როგორც ყოველთვის, დიდი კონკურენციაა გემო ფესტივალზე - ანუ, რომელი რეგიონი გახდება მისი მასპინძელი.
მომავალ წელს გემო ფესტი კვლავ დაბრუნდება. არის ტრადიციული ადგილები, მაგრამ ჩვენი მიზანია მთელი საქართველო მოვიაროთ და ყველა რეგიონს ვეწვიოთ - რათა მათი სამზარეულო ხელახლა აღმოვაჩინოთ და ახალი სიცოცხლე შევძინოთ. შესაბამისად, გემო ფესტი მომავალ წელს ახალი რეგიონებით აუცილებლად დაბრუნდება,“ – აცხადებს მაია ომიაძე.
სხვა სიახლეები
პროექტი „გამომყევი აჭარაში“ კონტენტ კრეატორებს წელსაც იწვევს რეგიონში სამოგზაუროდ
20.11.2025.13:12
შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს წელსაც მოუწოდებს რეგიონში იმოგზაურონ. კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 16 ივნისიდან იწყება. 1 ივლისიდან კი მონაწილეებს საშუალება ექნებათ აგვისტოს ბოლომდე აჭარაში იმოგზაურონ, საინტერესო კონტენტი შექმნან, გამომწერებს გაუზიარონ და კამპანიის მთავარი პრიზები მოიგონ. წელს, კამპანიის საპრიზო ფონდი გაიზარდა და მონაწილეებს აჭარაში მოგზაურობით უფრო მეტი თანხის მოგების საშუალება ეძლევათ.
კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა რეგიონში ორი თვის განმავლობაში იმოგზაურეს და ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები. 2023-ში კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში 100 მილიონი, ხოლო 2024 წელს 240 მილიონზე მეტი წვდომა (reach) დააგროვა. კამპანიის მიზანი წინა წლების მსგავსად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.
პროექტი „გამომყევი აჭარაში“ თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს ჩაერთოს პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიაროს გამომწერებს, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა და გახდეს პროექტის გამარჯვებული. პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაცია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე followajara.ge. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მონაწილეს შემთხვევითობის პრინციპით მოუწევს „სამოგზაურო პაკეტი“, რომელშიც წინასწარაა განსაზღვრული აჭარაში მონაწილის მიერ გადასაღები სამთო და საზღვაო ტურისტული ადგილები/ობიექტები.
აუცილებელია, უკვე რეგისტრირებულმა მონაწილეებმა კამპანიის პერიოდში იმოგზაურონ აჭარაში, მოინახულონ “სამოგზაურო პაკეტში” მითითებული ადგილები, თითოეულ ადგილზე შექმნან აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებული, შიდა ტურისტების მასტიმულირებელი კონტენტი და განათავსონ სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #გამომყევიაჭარაში. კამპანიის მთავარი პრიზი წელს 150, 000 ლარი იქნება. მის მოსაგებად აუცილებელია, მონაწილემ კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა (Reach), რაც ჯამში უნდა აღემატებოდეს 20 მილიონ წვდომას.
გარდა მთავარი პრიზისა, რომელსაც მიიღებს პირველ ადგილზე გასული ინფლუენსერი, ფულადი საჩუქრები და პრიზები იქნება გათვალისწინებული წვდომების მიხედვით პირველ სამეულში მოხვედრილი ინფლუენსერებისთვისაც. კამპანიის წესებისა და პირობების გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე followajara.ge.