გავლენიანი გამოცემა Condé Nast Traveller კურორტ ბახმაროს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოს ერთ-ერთმა პრესტიჟულმა და გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ, Condé Nast Traveller-მა, საქართველოს ვრცელი სტატია მიუძღვნა. სტატიაში, სათაურით: „ექსკლუზიური ზამთრის მიმართულება, რომელიც 2026 წელს თქვენს რადარზე უნდა მოხვდეს“ გურიის მაღალმთიან კურორტ ბახმაროზეა საუბარი.
სტატიის ავტორი ბახმაროს აღწერს, როგორც ხელუხლებელ და იდუმალ კურორტს, რომელიც ზამთრის თავგადასავლების მოყვარულებს განსაკუთრებულ სიმშვიდესა და ექსკლუზიურობას სთავაზობს. „საქართველოში, კურორტ ბახმაროს ყინულოვანი სილამაზე და შეუდარებელი სიმარტივე ცნობისმოყვარე მოგზაურების ყურადღებას იპყრობს და კარგად ნაცნობი ზამთრის კურორტებისგან შორს მიმართავს“, -აღნიშნულია პუბლიკაციაში.
გამოცემაში საქართველოს ზამთრის ტურიზმი წარმოდგენილია როგორც ახალი, ეკო-მეგობრული და ექსკლუზიური გამოცდილება, რომელიც 2026 წლის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ალტერნატიულ მიმართულებად სახელდება. სტატიაში აღწერილია რა განასხვავებს ბახმაროს კლასიკური და გადატვირთული სათხილამურო კურორტებისგან, ესაა მასობრივი ტურიზმისგან თავისუფალი, „ნელი ტურიზმის“ კონცეფცია, მასშტაბური ინფრასტრუქტურისა და ხალხმრავლობის გარეშე.
Condé Nast Traveller-ი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბახმაროს მდგრადი ტურიზმის მოდელს, სადაც ტრადიციული საბაგიროების ნაცვლად გამოყენებულია ელექტრო თოვლსატკეპნები (Snowcats). გამოცემის შეფასებით: „ეს ინოვაციური მიდგომა ზამთრის მოგზაურობისთვის ახალ სტანდარტს აწესებს, სადაც ტურიზმი ბუნებრივ საოცრებებთან ჰარმონიაში მუშაობს და არა მათ საზიანოდ“.
სტატია ბახმაროს აღწერს როგორც მიმართულებას, სადაც მოგზაურებს ავთენტურ ბუნებრივ გარემოში, შავი ზღვისა და მთების პანორამული ხედების ფონზე, თავადვე შეუძლიათ საკუთარი მარშრუტის „გაკვალვა“, ამასთანავე, მოგზაურებს ურჩევს, აუცილებლად ეწვიონ „მზის ჩასვლის გორას“ , საიდანაც მოწმენდილ ამინდში შავი ზღვის ხედი იშლება.
„ბახმარო არ არის გეგმა, შაბლონი ან სტანდარტული სათხილამურო კურორტი. აქ ფერდობები სრულად თქვენია. შეგიძლიათ თქვენი უნიკალური გზა გაკვალოთ და თოვლზე მხოლოდ საკუთარი თავგადასავლის ნაკვალევი დატოვოთ“.-აღნიშნულია სტატიაში.
Condé Nast Traveller ტურიზმის ინდუსტრიაში ერთგვარი გზამკვლევი გამოცემაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ფუფუნების, ავთენტური და ინოვაციური მოგზაურობის სტანდარტებს აწესებს. გამოცემის სტატიები თუ რეკომენდაციები მილიონობით მაღალმხარჯველი და გამოცდილებაზე ორიენტირებული მოგზაურის ყურადღების იპყრობს.
Condé Nast Traveller გამოქვეყნებული სტატია ძირითადად ბრიტანეთის აუდიტორიაზეა გათვლილი და მოიცავს აქტივობებს გამოცემის სოციალურ ქსელებშიც (Instagram და Facebook) ოთხი კვირის განმავლობაში, 23 თებერვლიდან 22 მარტამდე. პუბლიკაცია მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და უნიკალური ზამთრის მიმართულების პოზიციონირებას.
იხილეთ სტატია ბმულზე:
https://www.cntraveller.com/bc/article/georgia-tourism-off-grid-winter-destination
დღის ტოპ 10 სიახლე
სგპ ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სხვა სიახლეები
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წარმატება საერთო ძალისხმევის შედეგია და საქართველოს საავიაციო სექტორის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას ემსახურება - ლევან მოსეშვილი
25.02.2026.14:37
აეროპორტების საერთაშორისო საბჭომ (ACI) თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის მასშტაბით 5 კატეგორიაში დააჯილდოვა. ჯილდოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე აეროპორტებს შორის, მიენიჭა, სადაც კონკურენცია განსაკუთრებით მაღალია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის შეფასებით, Airports Council International-ის (ACI) მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ევროპის მასშტაბით 5 კატეგორიაში დაჯილდოება მნიშვნელოვანი აღიარებაა როგორც თავად აეროპორტისთვის, ისე მთლიანად ქვეყნის საავიაციო სექტორისთვის.
„Airports Council International-ის მიერ მინიჭებული 5 ჯილდო არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება, რომელიც ადასტურებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა მომსახურების ხარისხით ევროპის მოწინავე აეროპორტებს შორისაა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს შედეგი მიღწეულია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის TAV Georgia-ს მენეჯმენტის პირობებში და Groupe ADP-ის საერთაშორისო გამოცდილებისა და მხარდაჭერის ფარგლებში. მათი ჩართულობა უზრუნველყოფს თანამედროვე მართვის სტანდარტებს, ინოვაციურ მიდგომებსა და ინფრასტრუქტურის უწყვეტ განვითარებას,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის შეფასებით, 6 კატეგორიიდან 5-ში აღიარების მოპოვება ნიშნავს, რომ შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი იცავს საერთაშორისო სტანდარტებსა და მაღალ ხარისხს უსაფრთხოებისა და მგზავრთა კმაყოფილების კუთხით.
მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს, პარტნიორ კომპანიებს, პირველ რიგში TAV Georgia-სა და Groupe ADP-ს, ასევე ჩვენს მგზავრებს ნდობისთვის. ეს წარმატება საერთო ძალისხმევის შედეგია და საქართველოს საავიაციო სექტორის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას ემსახურება,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
2025 წელს ACI-მ საუკეთესო შედეგების მქონე აეროპორტები 6 კატეგორიაში დაასახელა, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 6-დან 5-ში მოიპოვა აღიარება, რაცმომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და მგზავრთა კმაყოფილების მაღალ დონეზე მიუთითებს.