Galt & Taggart - ი 2025 წლის ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზს $4.5 მილიარდიდან $4.6 მილიარდამდე აუმჯობესებს
Galt & Taggart - ი თვის ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის ოქტომბრის მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5.3%-ით გაიზრდება, რაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპი და მაღალი მაჩვენებელია.
საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის სექტემბერში წლიურად 6.4%-ით გაიზარდა, აგვისტოში დაფიქსირებული 6.6%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, რეალური მშპ 2025 წლის 9 თვეში წლიურად 7.7%-ით გაიზარდა. სექტემბერში ზრდა ძირითადად განპირობებული იყო შემდეგი დარგები: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. Galt & Taggart - ის პროგნოზით რეალური მშპ-ს ზრდა 2025 წელს 7.5%, ხოლო 2026 წელს 6.0% იქნება.
2025 წლის ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზს $4.5 მილიარდიდან $4.6 მილიარდამდე აუმჯობესებს, ხოლო 2026 წელს მოელის რომ აღნიშნული მაჩვენებელი $4.9 მილიარდს გაუტოლდება.
ცნობისთვის, სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2025 წლის III კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,666.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.6%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წლის სამ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 3,637.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 5.1%).
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის III კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 14.3%-ით განისაზღვრა და 238.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.3%-ია.
სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა აზერბაიჯანიდან და ისრაელიდან მიღებული შემოსავლები, შესაბამისი 36.3% და 28%-იანი წლიური ზრდის ტემპებით.
კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები - 2025 წლის III კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 14.3%-ით შემცირდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
საქართველო ღვინის ტურიზმის კარგი მაგალითია, რომლის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ტომ შტაიხენი
06.03.2026.16:01
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში მიმდინარე ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენაზე საქართველო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი, სადაც 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
სამი დღის განმავლობაში ITB Berlin-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრები შედგა ისეთ საერთაშორისო პლატფორმებთან და მედიებთან, როგორებიცაა Booking, Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Think Strawberries, TUI, Conde Nast Traveler და სხვ.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრები ეცნობიან ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს, ასევე საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო. გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობები დაამყარონ და ერთობლივი ტურისტული პროდუქტები შეიმუშავონ.
ლუქსემბურგის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლისა და ტურიზმის გენერალური დირექტორის, ტომ შტაიხენის განცხადებით, საქართველო ღვინის ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ქვეყანაა და სწორედ ამ გამოცდილების გაცნობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინტერესს ლუქსემბურგისთვის. მისი თქმით, ლუქსემბურგისთვის ღვინის ტურიზმის განვითარება სტრატეგიულ მიმართულებად განიხილება და, ამ მხრივ, საქართველოს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა
ტომ შტაიხენის განმარტებით, ლუქსემბურგი ამჟამად ღვინის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს რეგიონი, სადაც მეღვინეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ხელისუფლება ცდილობს ტურიზმის განვითარებით ამ სექტორს დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შეუქმნას.
„ლუქსემბურგში ვმუშაობთ გეგმაზე, რომლის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარება. გვაქვს რეგიონი, სადაც მეღვინეობა მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელია და გვინდა, ღვინის ტურიზმის მეშვეობით მას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შევუქმნათ. სწორედ ამიტომ გვინდა დავუკავშირდეთ კოლეგებს, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, საქართველო კი ნამდვილად ცნობილია ღვინის ტურიზმით," - აცხადებს ტომ შტაიხენი.
მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის მიმართულებით ახალი ინიციატივების განვითარებასა და სექტორის მდგრადობას.
„ჩვენი მიზანია ვისწავლოთ, გავიზიაროთ გამოცდილება და დავუკავშირდეთ კოლეგებს. გვინდა ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი ამ მიმართულებით და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გავუზიაროთ. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ვითანამშრომლებთ," - აღნიშნავს ტომ შტაიხენი.
ITB Berlin მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა, რომელსაც წელს დაახლოებით 100 ათასი ვიზიტორი ესწრება და 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია არის წარმოდგენილი.
გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან.
საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.