დღეს კრუიზებზე ბუმია, მოთხოვნა 60%-ით გაიზარდა - „კრუიზერი“
საკრუიზო მოგზაურობაზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება. კორონავირუსის გამო კრუიზების მიმართულება ტურისტულ ინდუსტრიაში ყველაზე მეტად დაზარალდა და მისი აღდგენის პერიოდიც გაცილებით გვიან დაიწყო.
თამამად შეიძლება თქმა, რომ დღეს კრუიზებზე ბუმია.
როგორც ტურისტული კომპანია ,,კრუიზერის“ გაყიდვების გენერალური მენეჯერი ნინი სოხაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, 2022 წელთან შედარებით, მოთხოვნა 60%-ით არის გაზრდილი და მოლოდინი გაცილებით მეტია.
„კრუიზების ბიზნესი საქართველოსა და მსოფლიოში პანდემიამდე იზრდებოდა. კორონავირუსის გავრცელების გამო გაჩერდა და ყველაზე გვიან აღდგა. დიდი ზარალის შემდეგ სექტორი ძალიან კარგი პირობით დაბრუნდა ბაზარზე ყველა მიმართულებით. შარშან იყო ბუმი, მთელი ქვეყნიდან, დიდი სიხშირე ჰქონდა ამ ტიპის მოგზაურობას, წელსაც გაცილებით მზარდი ტენდენციაა და გასულ წელთან შედარებით, 60%-ით არის მოთხოვნა გაზრდილი და უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს.
გვაქვს როგორც სოლო მოგზაურობები, ასევე ჯგუფური ტურები, სადაც ძირითადად სამეგობრო მიდის ხოლმე, 3-4 კაიუტაზე მეტი ერთდროულად იჯავშნება.
ყველაზე მოთხოვნადი ხმელთაშუა ზღვისა და თურქეთ-საბერძნეთი მიმართულება, ვინაიდან ვიზა არ გვჭირდება და რეისები კომფორტულია. ყველაზე მეტი სიხშირით ბარსელონა მუშაობს. ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი მიმართულებაა - იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და სხვა. ვთვლი, რომ დარგს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ვინც ერთხელ წავიდა, 1 წლის განმავლობაში მესამედ დაგეგმა საკრუიზო მოგზაურობა. გემით მოგზაურობა საქართველოშიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება“, - ამბობს ნინი სოხაძე.
რაც შეეხება ფასებს, როგორც ,,კრუიზერის“ გაყიდვების გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, ყველა საკრუიზო კომპანიისთვის მეტ-ნაკლებად განსხვავებულია.
ბიუჯეტი იმის მიხედვით იზრდება, თუ რამდენდღიანია მოგზაურობა. ფასს განსაზღვრავს ასევე გემის კლასიც.
„საკრუიზო მიმართულება კომფორტული, დახვეწილი და ამავე დროს ძვირადღირებულია.
ჩვენს შემთხვევაში, გვაქვს 36 დღიანი კრუიზებიც. საგზურის საშუალო ღირებულება ორ ადამიანზე 5000 ლარია. შესაბამისად, საშუალო და მაღალბიუჯეტურ მგზავრებზეა გათვლილი. მოთხოვნა ძალიან მზარდია.
გაზრდილია სტატისტიკა ევროპის მასშტაბით, რაც სხვადასხვა კვლევას ეყრდნობა: ყოველი 10 ადამიანიდან 8 აუცილებლად გეგმავს შემდგომ მოგზაურობას. ადამიანები შეეჩვივნენ, რომ კომპანიას აქვს კარგი შემოთავაზებები, თუ დაჯავშნიან გარკვეული პერიოდით ადრე, ფასდაკლებები მოქმედებს სრული ტურის ღირებულებაზე, ადგილები წინასწარ იჯავშნება. სტატისტიკა მზარდია, კრუიზების მოგზაურები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ყველაზე კარგი შეთავაზება მიიღონ. 4 თვეა, რაც ჩვენი კომპანია ჩამოყალიბდა. თუმცა საერთო სტატისტიკით, რაზეც წვდომა მაქვს, ჯამში 2 000 ადამიანმა იმოგზაურა სეზონის განმავლობაში და წელს მათი რაოდენობა 3-ჯერ მეტია“, - აცხადებს ნინი სოხაძე.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე დაგეგმილია კრუიზი გიორგი კეკელიძესთან ერთად, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და მწერალი 20 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს უხელმძღვანელებს.
„შემეცნებითაც უფრო დატვირთული ტური გვექნება. გაიმართება სხვადასხვა ტიპის საინტერესო საუბრები, თემატური ლექციები. დანარჩენი იდენტურია, ყველა დეტალია გათვალისწინებული და მოგზაურობის მსურველებს შეუძლიათ ჩემოდანი ჩაალაგონ და იმოგზაურონ. მოლაპარაკებები მიდის სხვა ცნობილ სახეებთან, კიდევ ორი მსგავსი ტური იგეგმება, მოლაპარაკების პროცესში ვართ“, - ამბობს ნინი სოხაძე.
რაც შეეხება გიორგი კეკელიძესთან ერთად სრული ტურის ღირებულებას, აივნიანი კაიუტის არჩევის შემთხვევაში 6200 ლარია, შიდა კაიუტის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 4950 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, ,,კრუიზერი“ 2022 წელს შეიქმნა. კომპანიაში 10 ადამიანია დასაქმებული. ამ ეტაპზე „კრუიზერი“ 12 საკრუიზო კომპანიასთან თანამშრომლობს.
სხვა სიახლეები
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) ICAO-ს რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა
13.11.2025.00:14
11-12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ(UAG) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) რეგიონულ ვორქშოფს უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით ჩატარდა.
ვორქშოფის მიზანი აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლება და ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა იყო.
ღონისძიებაზე, რომელსაც 19 ქვეყნის 35-მდე მონაწილე ესწრებოდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართი (Annex 14) განიხილეს, რომელიც აეროდროების დიზაინსა და სტანდარტებს მოიცავს. ასევე, იმსჯელეს კლასიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის დატვირთვის მაჩვენებლების განსაზღვრას შეეხება.
ღონისძიება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG) ლევან კარანაძემ გახსნეს.
აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა საჰაერო ხომალდისა და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით.