დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ" კონვენციაზე მიერთების საკითხზე იმსჯელა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ" კონვენციის ძალაში შესვლის პროცედურების დასრულების უზრუნველყოფის მიზნით, მის მიმართ გასაკეთებელი დეკლარაციების პროექტი განიხილა.
მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, კონვენციის მთავარი მიზანია თვითმფრინავებისა და სხვა საავიაციო მოწყობილობების შესყიდვის, იჯარის ან ლიზინგის შემთხვევაში, ფინანსური რისკების შემცირება.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კონვენციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ოქმი, რომელიც ავიაციის სფეროში გარანტიების ქმედით მექანიზმებს აწესრიგებს. მისივე თქმით, კონვენციასა და ოქმთან შეერთების პროცედურების დასრულების მიზნით, მიზანშეწონილია ცვლილება შევიდეს საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 6 ნოემბრის დადგენილებაში და დადგენილების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს დეკლარაციების ახალი რედაქციის გათვალისწინებით.
„კონვენციაზე შეერთებით გაუმჯობესდება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო საავიაციო ინდუსტრიაში. კონვენცია ახდენს სამართლებრივი სტანდარტების ჰარმონიზაციას, რაც ამარტივებს ტრანსნაციონალურ ლიზინგს და ფინანსურ ოპერირებას. შესაბამისად, საქართველო წარმოჩინდება როგორც საიმედო პარტნიორი საერთაშორისო ავიაბაზრისთვის, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას საავიაციო სექტორში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხდომაზე განხილულ საკითხს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
სხვა სიახლეები
14.07.2025.17:09
ამდენი ევროპელი მოგზაური საქართველოში არასოდეს არ ყოფილა, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის სტატისტიკის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს გაძლიერებული მარკეტინგული კამპანიები აქვს იმ ბაზრებზე, საიდანაც ქვეყანას პირდაპირი ფრენები გააჩნია.
„ჩვენ როდესაც ვაკეთებთ ქვეყნების ათეულს, ოცეულს ვინც საქართველოს სტუმრობს, როგორც ტურისტი და საერთაშორისო მოგზაური რა თქმა უნდა პირველ ხუთეულში, ათეულში ძირითადად არის ტრადიციული ბაზრები და რა თქმა უნდა არის სამეზობლო. რასაც სახმელეთო საზღვარი გადაზიდავს საჰაერო საზღვარს ყოველთვის გაუჭირდება. საგულისხმოა და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ სტრატეგიულ ბაზრებს რასაც ვაიდენტიფიცირებთ და ვმუშაობთ დაგეგმილად, ეს იქნება მარკეტინგული კამპანიები, წლის განმავლობაში გაწერილი, ფეხდაფეხ ამას მოჰყვება პოლიტიკა - ფრენების მიმართულებით, ახალი მიმართულბების დამატება, ახალი სიხშირეების დამატება. ბრიტანეთიდან 25%-იანი მატება გაქვს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რა თქმა უნდა ეს არის პირდაპირ იმასთან კავშირში, რომ კვირაში 6-ჯერ გაქვს დიდი ბრიტანეთიდან პირდაპირი რეისი. როგორც კი ფრენა დაიწყო British Airways-მა და easyJet-მა ჩვენ მივაყოლეთ ფეხდაფეხ, ერთობლივად ავიაკომპანიებთან და ცალკე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკეტინგული კამპანიები. ეს აქტივობები კი ციფრებში სწორედ ამ ფორმით აისახება. ამდენი ევროპელი მოგზაური საქართველოში არასოდეს არ ყოფილა. ევროპელი მოგზაური, რაც 2025 წლის პირველ ორ კვარტალში იყო არასოდეს არ ყოფილა საქართველოში.
ჩვენ წელს ევროპაში გვყავს პარტნიორი კომპანია, რომელიც გვეხმარება ქვეყნების მიხედვით სეგმენტურად განვახორციელოთ მათზე მორგებული მარკეტინგული კამპანია. ვფარავთ გერმანიას, პოლონეთს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ძირითადად იმ ქვეყნებს, საიდანაც გაქვს პირდაპირი ფრენები. ჩვენ გვყავს კიდე ასეთი ტიპის 4 პარტნიორი კომპანია.
ფრენები ტურიზმის გამწევი ძალაა - მთავარი ხერხემალია. ჩვენც კამპანიებით ვეხმარებით. ასევე გაქვს. ყურის ქვეყნები ჩვენთვის ერთ-ერთი სამიზნე ბაზარია. გაქვს ინდოეთში ასეთივე კამპანია. ინდოეთი ახალი ბაზარია არამხოლოდ ჩვენთვის, ზოგადად ინდოელებმა არც თუ ისე დიდი ხანია ასე მასობრივად დაიწყეს მოგზაურობა.
ეს ერი ზოგადად მრავალრიცხოვანია და ისევე როგორც ჩინეთი და ასეთი ერების შემთხვევაში ყველანაირი სეგმენტი არსებობს - არსებობს მაღალმხარჯველუნარიანი სეგმენტი, არსებობს ადამიანები, რომლებიც შედარებით მცირე ბიუჯეტით მოგზაურობენ. ვფიქრობ საქართველოში არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ტიპის ტურისტმა, თავისი გემოვნების შესაბამის შესაბამისად კარგად დაისვენოს. ინდოელი მოგზაურების შემთხვევაში მათ შედარებით ხანგრძლივი მოგზაურობა ახასიათებთ. ასევე ხანგრძლივი მოგზაურობა ახასიათებთ ჩინელებსაც. განსხვავებული ტურისტული პროდუქტები აინტერესებთ“, - აცხადებს ომიაძე.
მისივე თქმით, კერძო სექტორიც აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ახალი ბაზრებიდან ჩამოსული ტურისტების საჭიროებები დააკმაყოფილონ.'
„თავისთავად ბაზარი ამას გიკარნახებს, სხვაგვარად ვერ მოერგები. ამ კამპანიის ფარგლებში გაქვს, როგორც გადამზადების შესაძლებლობა. სექტემბერში მაგალითად ჩინურ ბაზარზე მორგებული სატრენინგო კურსებს ითვალისწინებს ჩვენი კამპანიაც, რომელსაც ჩინეთის მთავრობის მიერ არის დამტკიცებული პროგრამით განვახორციელებთ.
ეს ახალი ბაზარია როგორც ჩვენთვის ისე სექტორისთვის და ერთგვარად რაღაც პროცესია. ჩვენ ვიცით ევროპელ მოგზაურს როგორ ვუმასპინძლოთ, თუმცა ჩინელებს სხვანაირი მასპინძლობა სჭირდება. ასევე ინდოელებსაც. შესაბამისად ჩვენ კერძო სექტორთან ერთად ამ გზას ერთად გავდივართ და ერთად ვსწავლობთ“, - განმარტავს ომიაძე.