ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო გამოფენა „The China Food & Drinks Fair“ ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობით გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქალაქ ჩენგდუში გამართულ ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენაში „The China Food & Drinks Fair“ ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები პარტნიორებთან და პოტენციურ იმპორტიორებთან გამართეს.
გამოფენა „The China Food & Drinks Fair“ ჩინეთში 1955 წლიდან ტარდება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენაა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით ღვინის მწარმოებელი და მილიონამდე ვიზიტორი ესწრება.
გასულ კვირას, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში ,,Fine Wine Hotel Exhibition” და ,,Fine Wineseer”, ჩენგდუში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი უძღვებოდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს.
ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მსგავსი მასშტაბური წარდგენა ქვეყანაში, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია; ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის, სადაც 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მონაწილეობას იღებენ მასშტაბურ გამოფენებზე: ,,Fine Wine Hotel Exhibition“, „The China Food & Drinks Fair“, ,,RAW Wine Shanghai“, „Shanghai International Wine Challenge“ (SIWC), „Interwine China“ და სხვა.
სხვა სიახლეები
საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის - კლოდ ჟურნე
17.04.2026.12:10
თბილისში საერთაშორისო B2B Summit by Tarifa გაიმართა, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მხარდაჭერით მოეწყო. სამიტის მიზანია ქვეყნის საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების გაცნობა და უცხოელ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცება. ღონისძიებაში ევროპიდან 50-მდე ბაიერი და საქართველოს 40 ტურისტული კომპანია იყო ჩართული.
ფრანგული კომპანია „Echapevoo“-ს წარმომადგენელი კლოდ ჟურნე საქართველოს MICE ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად არსებული გლობალური გამოწვევებისა, რომლებიც გავლენას ახდენს საქმიან ტურიზმზე, საქართველოს მიმართ ინტერესი კვლავ მაღალია.
„მიმაჩნია, რომ საქართველო საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის. ჩვენი კომპანია სწორედ ამ სფეროში ვსპეციალიზდებით და მხოლოდ ბიზნესსექტორთან ვთანამშრომლობთ. ბიზნესი კი, ზოგადად, სიფრთხილით გამოირჩევა. ამ ეტაპზე, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, საქართველოსთვისაც გამოწვევაა. მიუხედავად ყველაფრისა, ყველა ფრანგს, ვინც საქართველოში ჩამოდის, ეს ქვეყანა ძალიან უყვარდება”, - აცხადებს კლოდ ჟურნე.
კლოდ ჟურნეს შეფასებით, Tarifa Summit და მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენაში და ახალი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში. “ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ახალი სასტუმროსა და იმ საუკეთესო შეთავაზებების გაცნობა, რისი მოცემაც საქართველოს შეუძლია. ჩვენი კლიენტები, როგორც წესი, მოკლე ვიზიტებისას სამი ან ოთხი ღამით რჩებიან, ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ საუკეთესო გამოცდილების კონცენტრირება ისე, რომ ტრანსფერებზე ბევრი დრო არ დაიხარჯოს. მათ სურთ მცირე დროში რაც შეიძლება მეტი აღმოაჩინონ, რისთვისაც საქართველო საუკეთესო მიმართულებაა”, - აღნიშნა კლოდ ჟურნემ.