ჩინეთი საქართველოსთვის ძალიან საინტერესო ბაზარია და ITB China-ს პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც საშუალებას მოგვცემს ქვეყნის სწორი პოზიციონირება მოვახდინოთ - Promethea Voyages
ჩინეთი საქართველოსთვის ძალიან საინტერესო ბაზარია, - აცხადებს Promethea Voyages-ის დამფუძნებელი და დირექტორი შორენა ნინიაშვილი. მისივე განმარტებით, ის ფაქტი, რომ წელს საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, ფართოდ გააცნოს თავი ისეთ დიდ ბაზარს, როგორიც არის ჩინეთი.
„ჩინეთი საქართველოსთვის ძალიან საინტერესო ბაზარია და ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ქვეყნის სწორი პოზიციონირება მოვახდინოთ და შესაბამისი სეგმენტი წამოვიყვანოთ საქართველოში. ასევე, ჩინეთში დაგეგმილი მრავალფეროვანი ღონისძიებები მოგვცემს შესაძლებლობას, პოპულარიზაცია გავუწიოთ მიმართულებას და საქართველო თავისი ძირითადი პროფილით - როგორც კულტურული და სათავგადასავლო ტურიზმის ქვეყანა - მაქსიმალურად პოპულარული გავხადოთ ჩინელ ტურისტებში“, - აცხადებს Promethea Voyages-ის დამფუძნებელი.
წელს საქართველო ჩინეთში, შანხაიში, აზიაში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB China-ს პარტნიორი ქვეყანა იქნება. პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია თბილისში გაიმართა. ღონისძიებას ITB China-ს ოფიციალური პირები, საელჩოებისა და ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გამოფენა ITB CHINA 2026 შანხაიში, 26-28 მაისს გაიმართება. პარტნიორი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მაღალ ხილვადობასა და სხვადასხვა სახის აქტივობებს გულისხმობს.
ITB CHINA 2026-ზე საქართველოს საგამოფენო სივრცის ექსკლუზიური ბრენდინგის საშუალება ექნება, საიმიჯო ლოგო გამოფენის ოფიციალურ ვებ გვერდსა და ყველა ოფიციალურ ციფრულ და ბეჭდურ გამოცემაში განთავსდება. საქართველოს საპრომოციო სტენდს 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა, სადაც კულტურული წარმოდგენები, გასტრონომიისა და ღვინის მასტერკლასები და დეგუსტაციები გაიმართება. გამოფენაზე 70-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას, გაიმართება პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები.
საქართველო ITB CHINA გამოფენის გახსნის ოფიციალური ვახშმის მასპინძელი იქნება. გახსნას ტურიზმის დარგის 700-ზე მეტი ლიდერი, ე,წ. „ბაიერი“ და მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება. წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურა, ფოლკლორი, გასტრონომია, მუსიკალური პროგრამა და ღვინის დეგუსტაცია. გამოფენის გახსნის დღეს ლენტის ოფიციალურად გაიჭრება და ე.წ. VIP ტური საქართველოს სტენდით დაიწყება. საქართველოს შესახებ ვიდეორგოლები ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება.
ITB CHINA 2026-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ჩინეთსა და აზიის ქვეყნებში ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ITB CHINA 2025 გამოფენას ჯამში 21,000-მდე ვიზიტორი, 1,400-ზე მეტი ბაიერი და 85 ქვეყნიდან 700 მონაწილე ესწრებოდა. ღონისძიება 75,000-ზე მეტ ბიზნესთან და 1,400-ზე მეტ მედიის წარმომადგენელთან უზრუნველყოფდა წვდომას. წელს გამოფენის ორგანიზატორები მონაწილეთა გაზრდილ რაოდენობას ელიან.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
06.04.2026.13:26
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.
Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.