ჩინელი ტურისტებისათვის საქართველო საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა - ნატა კვაჭანტირაძე
ჩინელი ტურისტებისათვის საქართველო საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჩინელები საკმაოდ აქტიური და ორგანიზებული მოგზაურები არიან და შესაბამის ინვესტიციას დებენ დასვენებაში.
„აღნიშნულ საკითხზე ასოციაციის წევრებთან ჯერ მიმსჯელია, თუმცა ნებისმიერი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან ტურისტის მისაღებად, რა თქმა უნდა დადებითი ეფექტის მომტანია.
ტურიზმის ჭრილში თუ ვისაუბრებთ ჩინურ ბაზარზე, ამ ქვეყნის მოქალაქეები საკმაოდ აქტიურად მოგზაურობენ და ძალიან ორგანიზებული მოგზაურები არიან. შესაბამისად, მათთვის საქართველო საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად და იმისთვის რომ ეზიარონ განსხვავებულ კულტურას.
ჩვენი ქვეყანა ნამდვილად განსხვავდება ჩინური კულტურისგან და შესაბამისად ეს მათი ინტერესის სფერო უნდა იყოს, როგორც კულტურის, ასევე ჩვენი გასტრონომიისა და ღვინის ჭრილში.
ზოგადად ჩინელი ტურისტი საკმაოდ კარგ ინვესტიციას დებს დასვენებასა და მოგზაურობაში. მათ უყვართ შენაძენების გაკეთება ამა თუ იმ ქვეყანაში და ზოგადად ჩინურ ბაზარს ძალიან ბევრი ქვეყანა უკავშირებს შოპინგის მიმართულებასაც.
ცალსახაა, ჩვენს ქვეყანაში ისინი ცოტა განსხვავებული მიდგომებით უნდა დავაინტერესოთ. ეს შეიძლება იყოს ჩვენი ღვინო, ადგილზე გასტრონომიული ბენეფისები, რაც შესაძლოა, მათთვის საინტერესო იყოს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს იმას რომ აღნიშნული ტურისტები გაწევენ დამატებით დანახარჯებს ამ მიმართულებითაც“, - აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ჩინელი ტურისტებისთვის ბაზრის გახსნა უკვე დააანონსა და მათ საქართველოში შემოსვლა ერთი თვის განმავლობაში ვიზის გარეშე შეეძლებათ.
იმავდროულად, იგეგმება ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების რაოდენობის ზრდა. აღნიშნულ საკითხზე ჩინურ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უკვე აწარმოებს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, COVID-პანდემიამდე ანუ 2019 წელს საქართველოს ჩინეთიდან 48 071 ტურისტი სტუმრობდა, 2022 წელს კი მათმა რაოდენობამ მხოლოდ 7 380 შეადგინა.
შესაბამისად კლება 2019 წელთან შედარებით 84,6%-ია.
რაც შეეხება მიმდინარე წლის ორი კვარტლის სტატისტიკას, ქვეყანამ 6 თვეში 12 659 ტურისტი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში კოვიდ შეზღუდვები მხოლოდ რამდენიმე თვის უკან მოიხსნა და შესაბამისად ქვეყნის მოსახლეობამ აქტიური გადაადგილება რამდენიმე თვეა რაც დაიწყო.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
06.04.2026.13:26
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.
Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.