ბათუმში, ჰორეკა სექტორისთვის ტურისტული სეზონი შემოსავლიანი იყო, თუმცა ბინების გაქირავება არ იყო მომგებიანი - Seagull Hotel
ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე სასტუმრო Seagull Hotel-ში 2023 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს აფასებენ და განმარტავენ, რომ მათ მაგალითზე დატვირთულობამ მაღალ ტურისტულ სეზონზე 90%-ი შეადგინა, ხოლო წლიურ ჭრილში დატვირთულობა საშუალოდ 75%-ია.
როგორც Business Insider Georgia-თან სასტუმრო Seagull Hotel-ის მფლობელი საინვესტიციო კომპანია Ruebush Group-ის საინვესტიციო მრჩეველმა თემურ დიასამიძემ განაცხადა, სასტუმროს ვიზიტორების დიდი ნაწილი უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან.
„ზაფხულის ტურისტულ სეზონზე Seagull Hotel-ს საკმაოდ მაღალი დატვირთვა ჰქონდა, მთლიანობაში ჩვენი დატვირთულობა 85-90%-ის დონეზე იყო. სტუმრების 25-30%-ი ადგილობრივები, ხოლო დანარჩენი უცხოელები იყვნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ახლად გახსნილი სასტუმრო ვართ ცნობადობა დაბალია და ამიტომ ძირითადად უცხოელი მომხმარებლები გვყავდა, რომლებიც ჩვენთან სხვადასხვა დაჯავშნის სისტემების საშუალებით შემოდიოდნენ.
უცხოელი სტუმრების უმეტესობა კი აზიის, გალფისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იყვნენ. ასევე უკრაინიდან, მცირე რაოდენობით ბელორუსის მოქალაქები და რამდენიმე რუსი სტუმარიც გვყავდა“, - განმარტავს თემურ დიასამიძე.
მისივე თქმით, ზაფხულის მაღალ ტურისტულ სეზონზე Seagull Hotel-ში ნომრის ფასები 80-90 დოლარის ფარგლებში იყო, თუმცა შემოდგომის სეზონიდან ფასები 60-50 დოლარამდე შემცირდა და ტარიფი კიდევ დაიწევს.
რაც შეეხება შემოდგომის სეზონს, როგორც თემურ დიასამიძე აცხადებს, Seagull Hotel-ს შემოდგომის და ზამთრის სეზონზე ჯავშნები საკმაოდ აქვს და მათი რაოდენობა მზარდია.
„ვინაიდან ბუტიკის ტიპის სასტუმრო გვაქვს და შესაბამისი მომსახურებაც, მოთხოვნა არის. ბაზარზე საკმაოდ ბევრი მომხმარებელი გვყავს. ჩვენ ბინებსაც ვაქირავებდით და ის ვიზიტორი, რომელიც ადრე ბათუმში ჩამოდიოდა და ბინებში რჩებოდა ახლა უკვე ჩვენს სასტუმროშიც ჩერდება. წლის განმავლობაში 70-75%-იანი დატვირთულობა გაქვს.
თუმცა, ჩვენი მაგალითის მთლიან სექტორზე გადატანა სწორი არ იქნება, რადგანაც სხვებთან შედარებით ორმაგი დატვირთვა გაქვს“, - ამბობს დიასამიძე.
საინვესტიციო კომპანია Ruebush Group-ის საინვესტიციო მრჩეველი ზოგად ტურისტულ სეზონსაც აფასებს და ამბობს, რომ 2023 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი სასტუმროებისთვის და რესტორნებისთვის საკმაოდ შემოსავლიანი იყო.
„ტურისტული სექტორი უნდა დავყოთ სხვადასხვა კლასტერებად: სასტუმროები, ტურისტული კომპანიები, რესტორნები, ტურები და გიდები.
გეტყვით, რომ სასტუმროებისთვის კარგი წელი იყო. კარგი წელი იყო რესტორნებისთვისაც, მაგრამ ბინების გაქირავება არ იყო ისეთი მომგებიანი, როგორც წინა წლებში. ასევე კარგი წელი არ იყო ტურისტული კომპანიებისთვის და გიდებისთვის იმიტომ, რომ ადგილობრივები ჩამოსულებმა ჩაანაცვლეს. ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ ბინების გაქირავებაზეც, სადაც წელს ჩავარდნა იყო და ამ ბიზნესით დაკავებულმა სუბიექტებმა ნაკლები შემოსავალი მიიღეს. სასტუმროებმა და რესტორნების შემოსავალი კი საკმაოდ კარგი იყო“, - აცხადებს დიასამიძე.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო Seagull Hotel-ი ერთი წელია რაც ბაზარზეა და 27 სასტუმრო ნომერს აერთიანებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
06.04.2026.13:26
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.
Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.