ავიაკომპანია IndiGo-ს მიერ საქართველოში ახალი რეგულარული მიმართულების დამატება ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ტურისტული ინდუსტრიისთვისაც - ირაკლი ნადარეიშვილი
ინდური ავიაკომპანია IndiGo საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას დელის შემდეგ ამჯერად ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქიდან - მუმბაიდან შეასრულებს.
„წამყვანი ინდური ავიაკომპანია IndiGo საქართველოს ბაზარზე 2023 წლიდან შემოვიდა და ამ პერიოდის განმავლობაში რეგულარულ რეისებს ასრულებს ქალაქ დელისა და თბილისს შორის. ამან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის ინდოელი ტურისტების დაკავშირებადობის თვალსაზრისით", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Indigo დელი - თბილისი - დელის მიმართულებით 2024 წელს 75 034 მგზავრს მოემსახურა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია IndiGo-ს ახალი მიმართულებით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის მიერ თბილისი - მუმბაის საჰაერო ხაზზე ფრენების დაწყება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან იგეგმება. რეგულარული ავიარეისები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, კომპანიის მიერ კვირაში 3 სიხშირით ფრენების შესრულება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება არამარტო ორ ქვეყანას შორის საავიაციო კავშირის თვალსაზრისით, არამედ ხელშემწყობი ფაქტორი იქნება საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვისაც - ინდოეთის ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად.
„ზოგადად ავიადაკავშირებადობა და პირდაპირი ფრენები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა როგორც ტურიზმის, ისე საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების თვალსაზრისით. ამ მიმართულებით მომავალშიც კვლავ გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველო ღვინის ტურიზმის კარგი მაგალითია, რომლის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ტომ შტაიხენი
06.03.2026.16:01
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში მიმდინარე ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენაზე საქართველო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი, სადაც 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
სამი დღის განმავლობაში ITB Berlin-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრები შედგა ისეთ საერთაშორისო პლატფორმებთან და მედიებთან, როგორებიცაა Booking, Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Think Strawberries, TUI, Conde Nast Traveler და სხვ.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრები ეცნობიან ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს, ასევე საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო. გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობები დაამყარონ და ერთობლივი ტურისტული პროდუქტები შეიმუშავონ.
ლუქსემბურგის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლისა და ტურიზმის გენერალური დირექტორის, ტომ შტაიხენის განცხადებით, საქართველო ღვინის ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ქვეყანაა და სწორედ ამ გამოცდილების გაცნობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინტერესს ლუქსემბურგისთვის. მისი თქმით, ლუქსემბურგისთვის ღვინის ტურიზმის განვითარება სტრატეგიულ მიმართულებად განიხილება და, ამ მხრივ, საქართველოს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა
ტომ შტაიხენის განმარტებით, ლუქსემბურგი ამჟამად ღვინის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს რეგიონი, სადაც მეღვინეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ხელისუფლება ცდილობს ტურიზმის განვითარებით ამ სექტორს დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შეუქმნას.
„ლუქსემბურგში ვმუშაობთ გეგმაზე, რომლის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარება. გვაქვს რეგიონი, სადაც მეღვინეობა მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელია და გვინდა, ღვინის ტურიზმის მეშვეობით მას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შევუქმნათ. სწორედ ამიტომ გვინდა დავუკავშირდეთ კოლეგებს, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, საქართველო კი ნამდვილად ცნობილია ღვინის ტურიზმით," - აცხადებს ტომ შტაიხენი.
მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის მიმართულებით ახალი ინიციატივების განვითარებასა და სექტორის მდგრადობას.
„ჩვენი მიზანია ვისწავლოთ, გავიზიაროთ გამოცდილება და დავუკავშირდეთ კოლეგებს. გვინდა ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი ამ მიმართულებით და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გავუზიაროთ. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ვითანამშრომლებთ," - აღნიშნავს ტომ შტაიხენი.
ITB Berlin მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა, რომელსაც წელს დაახლოებით 100 ათასი ვიზიტორი ესწრება და 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია არის წარმოდგენილი.
გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან.
საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.