„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარი „სკიჯის სახლი“კოტეჯებს ამატებს და გურიაში დამზადებული ჩირის ექსპორტს გეგმავს
,,სკიჯის სახლი“ გურიაში, სოფელ ხიდისთავში ეკოტურისტული ობიექტია. თბილისიდან მამაპაპისეულ სახლში გადასულმა დარეჯან ბერძენიშვილმა საქმიანობა ჩირის წარმოებით დაიწყო და უკვე საკუთარი საწარმო და საოჯახო სასტუმრო აქვს, რომელსაც ძალიან მალე რამდენიმე კოტეჯი დაემატება.
დარეჯან ბერძენიშვილი ,,აწარმოე საქართველოში“ მიკროგრანტების პროგრამის ბენეფიციარია. 2020 წელს USAD-ის „სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის“ გრანტის მოგების შედეგად კომპანია „სკიჯმა“ 150 წლიან გურულ ოდაში ჩირების საამქრო ააშენა და ევროპული მანქანა-დანადგარებით აღჭურვა.
როგორც თავად ამბობს, გურული ჩირი ტურისტულ პროდუქტად გადააქცია, რომლის რეალიზაციასაც უკვე ქვეყნის გარეთ გეგმავს.
„მიმდინარე ეტაპზე სასტუმროს ვაშენებთ. ძირითადი საქმიანობა ჩირის წარმოებაა, რასაც სასტუმროს ხაზი დავამატეთ. კონცეფცია იგივეა, როგორიც მეღვინეობის დარგშია - მარანი და სასტუმრო. გურულ ოდაში მოთავსებული ჩირის საამქრო საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისია. საწარმო ევროპული ტექნოლოგიით არის აღჭურვილი.
საქმიანობა მცირე, 6000-მდე ლარის გრანტით დავიწყე, რაშიც ,,აწარმოე საქართველოში“ დაგვეხმარა. პროგრამის გრანტი ჯამში 15 000 ლარია. მოგვიანებით საამქრო USAD-ის დახმარებით გაფართოვდა. წარმოებულ ჩირს ჯერჯერობით ადგილზე ვყიდით, თუმცა ვგეგმავთ ექსპორტზე გატანას, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროდუქტის აზიურ ქვეყნებში განსაკუთრებით მზარდი მოთხოვნაა, ექსპორტს ამ მიმართულებით დავიწყებთ“, - ამბობს დარეჯან ბერძენიშვილი.
რაც შეეხება ეკოტურისტული პროექტს, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა თიბისის და „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით დაიგეგმა.
„ტურიზმის მიმართულებით ამბიციური გეგმა გვაქვს. გვინდა გასტრონომიული ტურიზმის ერთ-ერთ წამყვან ცენტრად ვიქცეთ რეგიონში. წლის ბოლომდე იგეგმება 12 სტუმარზე გათვლილი 3 სასტუმრო კოტეჯის და გასტროტურისტული ლოკაციის - სამზარეულო-სასადილო მშენებლობა, რომელიც „სკიჯის სახლში“ მისულ სტუმრებს გურული ტრადიციული კერძების განსაკუთრებულ, ჩირებით გამდიდრებულ გემოებს შესთავაზებს. მთლიანობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ აწყობილი ბიზნესია, რომელზეც მუშაობა წლის ბოლომდე დასრულდება. საბოლოდ გვექნება განსხვავებული კონცეფციის ბიზნესი: ჩირის წარმოების გარშემო განვითარებული, ხილის საჩვენებელი მეურნეობა, კოტეჯები და ტრადიციული სამზარეულო,“ - ამბობს დარეჯან ბერძენიშვილი.
გვიხსნის, რომ „სკიჯი“ ძველი ქართული სიტყვაა და ქიშმიშსა და ჩამიჩს ნიშნავს, სწორედ ამიტომ თავის კომპანიას, რომლის მთავარ საქმიანობაც ხილის და ჩირის წარმოებაა, „სკიჯი“ დაარქვა. ამ ეტაპზე ,,სკიჯის სახლი“ 5 ადამიანს ასაქმებს.
სხვა სიახლეები
საქართველო ღვინის ტურიზმის კარგი მაგალითია, რომლის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ტომ შტაიხენი
06.03.2026.16:01
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში მიმდინარე ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენაზე საქართველო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი, სადაც 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
სამი დღის განმავლობაში ITB Berlin-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრები შედგა ისეთ საერთაშორისო პლატფორმებთან და მედიებთან, როგორებიცაა Booking, Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Think Strawberries, TUI, Conde Nast Traveler და სხვ.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრები ეცნობიან ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს, ასევე საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო. გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობები დაამყარონ და ერთობლივი ტურისტული პროდუქტები შეიმუშავონ.
ლუქსემბურგის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლისა და ტურიზმის გენერალური დირექტორის, ტომ შტაიხენის განცხადებით, საქართველო ღვინის ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ქვეყანაა და სწორედ ამ გამოცდილების გაცნობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინტერესს ლუქსემბურგისთვის. მისი თქმით, ლუქსემბურგისთვის ღვინის ტურიზმის განვითარება სტრატეგიულ მიმართულებად განიხილება და, ამ მხრივ, საქართველოს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა
ტომ შტაიხენის განმარტებით, ლუქსემბურგი ამჟამად ღვინის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს რეგიონი, სადაც მეღვინეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ხელისუფლება ცდილობს ტურიზმის განვითარებით ამ სექტორს დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შეუქმნას.
„ლუქსემბურგში ვმუშაობთ გეგმაზე, რომლის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარება. გვაქვს რეგიონი, სადაც მეღვინეობა მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელია და გვინდა, ღვინის ტურიზმის მეშვეობით მას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შევუქმნათ. სწორედ ამიტომ გვინდა დავუკავშირდეთ კოლეგებს, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, საქართველო კი ნამდვილად ცნობილია ღვინის ტურიზმით," - აცხადებს ტომ შტაიხენი.
მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის მიმართულებით ახალი ინიციატივების განვითარებასა და სექტორის მდგრადობას.
„ჩვენი მიზანია ვისწავლოთ, გავიზიაროთ გამოცდილება და დავუკავშირდეთ კოლეგებს. გვინდა ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი ამ მიმართულებით და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გავუზიაროთ. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ვითანამშრომლებთ," - აღნიშნავს ტომ შტაიხენი.
ITB Berlin მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა, რომელსაც წელს დაახლოებით 100 ათასი ვიზიტორი ესწრება და 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია არის წარმოდგენილი.
გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან.
საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.