Air Serbia საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად მუშაობს ახალი ბელგრადი – თბილისის მიმართულების პოპულარიზაციაზე | ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი
სერბეთის ავიაკომპანია Air Serbia უკვე საქართველოს ბაზარზეა. Business Insider Georgia-მ ავიაკომპანიის გენერალურ დირექტორთან ირჟი მარეკისთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. Air Serbia-ს გენერალური დირექტორის განცხადებით,საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების დაწყების გადაწყვეტილება საკმაოდ დეტალური კვლევების საფუძველზე იქნა მიღებული.
რა გათვლებით და მგზავრთნაკადის შესახებ პროგნოზებით შემოვიდა Air Serbia საქართველოს ავიაბაზარზე. რა მოლოდინები აქვს ავიაკომპანიას ბელგრადსა და თბილისს შორის პოტენციურ დატვირთულობაზე?
ახალი მიმართულების ამოქმედება მოითხოვს ბაზრის დეტალურ კვლევას და მგზავრთნაკადის ანალიზს, რათა უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი კომერციული მდგრადობა. ჩვენი ხუთწლიანი ქსელის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში კავკასია განვსაზღვრეთ, როგორც რეგიონი, რომელსაც აქვს ძლიერი პოტენციალი გამყვანი / შემომყვანი მგზავრობის თვალსაზრისით. ხელმისაწვდომ ბაზრებს შორის თბილისი გამოირჩევა მზარდი ტურისტული მიმზიდველობით, ეკონომიკური კავშირებით და ევროპასთან დაკავშირების მზარდი ინტერესით. მიმდინარე პროგნოზები ბელგრადი-თბილისის მიმართულებაზე მიუთითებს პირდაპირი და ტრანზიტული ტრაფიკის დაბალანსებულ ნაზავს. საქართველოსა და სერბეთს შორის მგზავრთნაკადის ძლიერ მოთხოვნას ველოდებით, ვინც ბელგრადს იყენებს, როგორც მოსახერხებელ სატრანზიტო ცენტრს ბალკანეთის, ცენტრალური და დასავლეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით დასაკავშირებლად.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უკვე ოპერირებს ბევრი საერთაშორისო გადამზიდავი, რამდენად იმოქმედა ამ კონკურენტულმა გარემომ თქვენს გადაწყვეტილებაზე? იგეგმება თუ არა ფრენების პროგრამის შენარჩუნება ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში?
ჩვენ საერთაშორისო გადამზიდავების ოპერირება საქართველოს ბაზარზე ძლიერი და მზარდი მოთხოვნის არსებობის მაჩვენებლად მივიჩნევთ. ჩვენი გადაწყვეტილება თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყების შესახებ ეფუძნება აუთვისებელი პოტენციალის სტრატეგიულ შეფასებას, განსაკუთრებით ჩვენი ბელგრადის ჰაბის გავლით ტრაფიკის თვალსაზრისით, რომელიც 100-ზე მეტ მიმართულებასთან შეუფერხებელ კავშირის შესაძლებლობას იძლევა ჩვენს ქსელში. როგორც ბალკანეთის რეგიონში წამყვანი გადამზიდავი, ჩვენი მიზანია რეგიონული კავშირის გაძლიერება, საიმედო და კონკურენტუნარიანი მომსახურების შეთავაზებით, მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ვგეგმავთ ბელგრადი-თბილისის მიმართულებაზე ოპერირებას მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის ზამთრის სეზონის განმავლობაში, რაც ასახავს ჩვენს გრძელვადიან ვალდებულებას და ნდობას ამ ბაზრის, მისი მდგრადი ზრდის მიმართ.
იმისათვის, რომ აღნიშნული მიმართულება უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახდეს იგეგმება თუ არა ავიაკომპანიის თანამშრომლობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ერთობლივად სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიების წარმოება?
Air Serbia საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად მუშაობს ახალი ბელგრადი–თბილისის მიმართულების პოპულარიზაციაზე.
აქტივობების პირველი ეტაპის ფარგლებში, საინაუგურაციო რეისის დროს მედიის წარმომადგენლების გაცნობითი მოგზაურობა მოვაწყვეთ და სერბი ჟურნალისტები თბილისში ჩამოვიყვანეთ, რათა ისინი ადგილზე გაცნობოდნენ საქართველოს კულტურას და სტუმარმასპინძლობას. გარდა იმისა, რომ ვაცნობთ თბილისსა და საქართველოს სერბ მოგზაურებს, როგორც მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებას — იქნება ეს მსოფლიო დონის სამთო-სათხილამურო კურორტები თუ ქვეყნის მრავალფეროვანი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა — ჩვენ ასევე არანაკლებად ვართ დაინტერესებული სერბეთის პოპულარიზაციით ქართულ ბაზარზე.
თბილისში ჩვენი წარმომადგენლობის მეშვეობით ვცდილობთ, ვიყოთ სერბეთის ღირსეული ელჩები და სრულად წარმოვაჩინოთ ის, რისი შეთავაზებაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია — დინამიური ურბანული ცხოვრება, ავთენტური გასტრონომია და მდიდარი ტრადიციები. ორ მეგობარ ერს შორის ამ ხიდის აგებით, ჩვენ გვჯერა, რომ როგორც სერბი, ასევე ქართველი მოგზაურები აღმოაჩენენ დასვენების და გართობის ახალ შესაძლებლობებს.
როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებები შეიძლება აღმოჩნდეს სერბეთიდან ჩამოსული ტურისტებისათვის საქართველოში საინტერესო და ასევე რას ურჩევთ ქართველ ტურისტებს, რომელთაც სერბეთის მონახულება სურთ?
ჩვენი რწმენით, ქართული ტურისტული მიმართულებები სერბი მოგზაურებს მრავალფეროვან და საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს. თბილისი მოლოდინია მათთვის გახდეს მთავარი ტურისტული ატრაქცია.
დედაქალაქის გარდა, ასევე ველოდებით ინტერესს საქართველოს მთიანი რეგიონების მიმართ, განსაკუთრებით ზამთრის სპორტის მოყვარულთა მხრიდან, რომლებიც ქვეყნის სათხილამურო კურორტებით დაინტერესდებიან. გარდა ამისა, ჩვენ ველოდებით რელიგიური და კულტურული ტურიზმის ზრდას, რადგან სერბი მოგზაურები სულ უფრო მეტად ეძებენ მნიშვნელოვან და ინტერაქტიულ გამოცდილებას. ქართველი ვიზიტორებისთვის კი სერბეთი გთავაზობთ ურბანული ცხოვრების, ისტორიისა და ბუნებრივი სილამაზის დინამიურ ნაზავს. ბელგრადი არის ქალაქი, რომელიც ცხოვრობს დილითაც და ღამითაც, თავისი მიმზიდველი კულტურის, არქიტექტურისა და გასტრონომიის შესანიშნავი კომბინაციით.
ისეთი ქალაქი, როგორიცაა ნოვი - სადი, ასევე სერბეთის მონასტრები, სპა-ცენტრები და ღვინის რეგიონები, დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ახალი ადგილების აღმოჩენისა და დასვენებისთვის. ამ პირდაპირი მიმართულების დაწყებით, Air Serbia მიზნად ისახავს გამარტივებული მგზავრობის ხელშეწყობას და ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის წახალისებას.
ჩვენ საკუთარ თავს ვხედავთ არა მხოლოდ გადამზიდავ კომპანიად, არამედ კულტურებს შორის ხიდად, რომელიც ეხმარება სერბ მოგზაურებს აღმოაჩინონ საქართველოს ხიბლი და ამავდროულად ამაყად წარმოვაჩენთ სერბეთს, როგორც სტუმართმოყვარე და ინსპირაციულ მიმართულებას ქართველი სტუმრებისთვის.
რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით, საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება და ურთიერთგაგების მემორანდუმი სულ ახლახან გაფორმდა, როგორი თანამშრომლობა ჩამოგიყალიბდათ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებასთან?
საქართველოსა და სერბეთის სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებებს შორის საჰაერო მომოსვლის შესახებ შეთანხმებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ორმხრივი კავშირების განმტკიცებისა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო კავშირის უზრუნველყოფისათვის. 5 ივნისს ბელგრადში ხელმოწერილმა შეთანხმებამ შექმნა საჭირო მარეგულირებელი ჩარჩო რეგულარული რეისების დასაწყებად და გახსნა კარი სამოქალაქო ავიაციის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ამ ინსტიტუციურმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბელგრადი-თბილისის სერვისის დროული გაშვების ხელშეწყობაში. მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი კოლეგების მიერ მთელი პროცესის განმავლობაში გამოვლენილი გახსნილობის, პროფესიონალიზმისა და ძლიერი თანამშრომლობისთვის. მათი მხარდაჭერა ასახავს რეგიონული კავშირის გაძლიერების და ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული გაცვლისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საერთო ვალდებულებას. ჩვენთვის ეს ორმხრივი ნდობის სიმბოლოა და უფრო ფართო პარტნიორობის დასაწყისი. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წლებში ამის საფუძველზე დავამყარებთ მჭიდრო თანამშრომლობას ქართულ ავიაციისა და ტურიზმის სექტორებთან, რათა უზრუნველვყოთ ამ მნიშვნელოვან მიმართულების უწყვეტი წარმატება და განვითარება.
სხვა სიახლეები
ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალი „Wanderlust" ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს
10.12.2025.11:48
პრესტიჟული, ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალი „Wanderlust" ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატია სათაურით „გამოსცადე დაუვიწყარი თავგადასავალი ბათუმში” ჟურნალის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა და ის მკითხველს აჭარის თვალწარმტაც ბუნებაში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. „ბათუმი შავ ზღვასა და კავკასიონის მწვერვალებს შორის მოქცეული საქართველოს ზღვისპირა მარგალიტია. ის გიხსნით კარს აჭარის ველური და ხელუხლებელი ბუნებისკენ. ეს არის ადგილი, სადაც ყოველი ნაბიჯი ახალ შთაბეჭდილებებს ბადებს და ცნობისმოყვარე მოგზაურებს ავთენტური შეხვედრებისკენ მიუძღვება. ასე რომ, უკვე შეგიძლიათ განსხვავებული გამოცდილებებით გამორჩეული მოგზაურობა დაგეგმოთ აქ,“ ბათუმის ტურისტულ შესაძლებლობებზე საუბრით იწყება სტატია, რომელშიც ბათუმთან ერთად ვრცლადაა აღწერილი ადგილობრივი სამზარეულო, აჭარის სამთო-სათავაგადასავლო ტურისტული პროდუქტები და ველობილიკები.
„Wanderlust" თავგადასავლების მაძიებლებს ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინით სარგებლობისკენ მოუწოდებს და ურჩევს ბათუმში ვიზიტისას ჩირუხის მთას ესტუმრონ. „გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის უბრალოდ ზიპლაინი - ეს ევროპის ყველაზე გრძელი უწყვეტი ორზოლიანი ზიპლაინია. ასე, რომ თავგადასავლების მოყვარული ადამიანი დაიმგზავრეთ და გასწიეთ საქართველოს ალპებში შუადღის ჰაერის მიერ მოტანილი განსაკუთრებული ადრენალინის გამოსაცდელად. ფრენას იწყებთ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე და გადაუფრენთ თვალწარმტაც ალპურ მდელოებს და მწვანე ბორცვებს. ჩირუხის ზიპლაინი ნამდვილად გამორჩეულ სამოგზაურო გამოცდილებას შეგძენთ“.
სტატიაში საუბარია ალპური მდელოებისა და იალაღების დალაშქვრის შესაძლებლობებზეც, რაც მოგზაურებს ადგილობრივების გაცნობისა და ახალი თავაგადასავლების მიღების საშუალებას აძლევს. „ბათუმი აჭარის დედაქალაქია და იგი მცირე კავკასიონის მთების ძირში მდებარეობს. მისი ულამაზესი ალპური ბუნება იდეალურ გარემოს ქმნის ლაშქრობისა და ქვეყნის ხელშეუხებელი კუთხეების გასაცნობად. გაზაფხული და ზაფხული აქ ლაშქრობისთვის საუკეთესო დროა — ეს პერიოდი გაძლევთ საშუალებას შეხვდეთ ადგილობრივ მწყემსებს, რომლებიც ყოველწლიურად შინაურ ცხოველებთან ერთად აჭარულ მთებში სახლობენ და მესაქონლეობას ეწევიან. მათი ცხოვრების წესის ასე ახლოდან გაცნობა მართლაც განსაკუთრებული გამოცდილებაა“.
აჭარულ სამზარეულოზე საუბრისას, სტატიის ავტორი მკითხველს ადგილობრივი კერძების დაგემოვნებისა და ღვინის მარნებში სტუმრობისკენაც მოუწოდებს. „აუცილებლად გასინჯეთ „იახნი“ - ერთ-ერთი გამორჩეული ადგილობრივი კერძი, რომლის მოსამზადებლადაც საქონლის მკერდის მსუქანი ნაჭრები იშუშება ნელ ცეცხლზე და იკმაზება სპეციალური სანელებლებითა და ნიგვზით. რეგიონისთვის კიდევ ერთი სახასიათო კერძია, ბორანო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსამზადებელია. ადგილობრივ ყველს ასხამენ დამდნარ ადგილობრივ კარაქს, რის შედეგადაც მიიღება ფონდიუს მსგავსი კერძი, თუმცა აჭარული კერძი უფრო კალორიულია“.
აჭარული სამზარეულოს გაცნობის შემდეფ ჟურნალი მკითხველს ზორტიყელის მთაში ცხენებით ჯირითისა და აჭარის მრავალფეროვანი ველო ბილიკების დალაშქვრისკენ მოუწოდებს. „საქართველოს შავი ზღვის სანაპირო გამორჩეულ, სხვადასხვა დონის ველო - მარშრუტებს გთავაზობთ. თუ მარშრუტს ბათუმიდან დაიწყებთ და ბათუმის ზღვისპირა ველობილიკებით გაისერნებთ, ნახავთ სუბტროპიკული მცენარეებით გამწვანებულ ბათუმის კენჭიან სანაპიროებს და ულამაზეს სოფლებს. ბუნების მოყვარულებს, იუნესკოს მიერ აღიარებული ქობულეთის დაცული ტერიტორიის ტორფნაზე გამავალი დაკლაკნილი ბილიკები უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ რეგიონის საოცრად მრავალფეროვან ჰაბიტატებს. აქაური ბილიკები ასევე შესაფერისია ყველა დონის ველოსიპედისტებისთვის. უფრო გამოცდილი, მთის ველოთავგადასავლების მაძიებლებმა კი ახლომდებარე აჭარის მთებს უნდა მიაშურონ, სადაც რთული მთის ველოსიპედის მარშრუტები დახვდებათ - ბილიკები ალპურ ტყეებსა და მდელოებში გაგატარებთ და მოგცემთ საშუალებას დატკბეთ მთებზე გადაჭიმული თვალწარმტაცი ხედებით“.
„Wanderlust" მაღალრეიტინგული ონლაინ და ბეჭდური გამოცემაა, რომელიც ყურადღებას სათავგადასავლო და კულტურულ მოგზაურობაზე ამახვილებს. გამოცემა განსაკუთრებით ცნობილია თავისი გამორჩული ფოტოგრაფიითა და სიღრმისეული სამოგზაურო გაიდებით. სტატიის ლინკი :
https://www.wanderlustmagazine.com/inspiration/experience-the-ultimate-adventure-in-batumi-georgia/