აჭარაში ტურიზმის დინამიკა სრულად აღდგენილია - რეგიონის მთავრობა
აჭარაში წარმატებული ზაფხულის ტურისტული სეზონი გრძელდება. აჭარაში უკვე განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1 მილიონ 200 ათასს აღემატება. ამის შესახებ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით ტურისტების მსგავსი მასშტაბური რაოდენობა სრულად შეესაბამება სეზონის დასაწყისში არსებულ გეგმებსა და მოლოდინებს.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა სამიზნე ქვეყნიდან გაზრდილია ტურისტული ნაკადები. საერთო ძალისხმევა, რომელიც აქამდე გავწიეთ და შრომა რომელსაც ახლაც ვაგრძელებთ აისახება კონკრეტულ შედეგებზე. მიმდინარე წარმატებული ტურისტული სეზონის ფონზე იზრდება რეგიონის ეკონომიკა. ასევე, მიმდინარე თვის შემოსულობები გასული თვის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით გაზრდილია 30 % -ით, რაც, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას მეტი პროექტი განვახორციელოთ და კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ რეგიონის მოსახლეობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ყველა მიმდინარე პროექტს, რომელიც ახალ ტურისტული ლოკაციებს შექმნის რეგიონში. კიდევ უფრო მეტი მიმოსვლა, საჰაერო რეისები დაემატება რეგიონს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს“,- აღნიშნა რიჭვაძემ.
აჭარაში სრულად აღდგა ტურიზმის დინამიკა. მზარდია ვიზიტორთა ნაკადები და სტატისტიკა როგორც 2022 წელთან, ასევე 2019 წელთან შედარებით. საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები +88 % - ით არის გაზრდილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. გაზრდილია ვიზიტების რაოდენობა სამიზნე ქვეყნებიდან : გერმანია +12.3%, ისრაელი 25%, ლატვია +241.4%, ლიეტუვა +136%, ყაზახეთი +98.7%, ბრიტანეთი +41.2%, საუდის არაბეთი +31%, თურქეთი +51.1%.
მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში. აქტიურად ჩაეშვა და მიმდინარეობს ონლაინ მარკეტინგული კამპანიები 10 ქვეყანაში. გრძელდება რეისების განახლება და დამატება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 31 ივლისს განახლდება კვირაში 2 სიხშირით ფრენები ლიეტუვიდან. გაიზარდა შიდა ფრენების რაოდენობაც, რაც გაამარტივებს ბათუმთან წვდომას როგორ შიდა ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის და რაც მთავარია კერძო სექტორს, მისცემს საშუალებას მათი სერვისები და ტურისტული პროდუქტები მოარგონ რეისებს.
სხვა სიახლეები
საქართველო ღვინის ტურიზმის კარგი მაგალითია, რომლის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ტომ შტაიხენი
06.03.2026.16:01
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში მიმდინარე ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენაზე საქართველო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი, სადაც 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
სამი დღის განმავლობაში ITB Berlin-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრები შედგა ისეთ საერთაშორისო პლატფორმებთან და მედიებთან, როგორებიცაა Booking, Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Think Strawberries, TUI, Conde Nast Traveler და სხვ.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრები ეცნობიან ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს, ასევე საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო. გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობები დაამყარონ და ერთობლივი ტურისტული პროდუქტები შეიმუშავონ.
ლუქსემბურგის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლისა და ტურიზმის გენერალური დირექტორის, ტომ შტაიხენის განცხადებით, საქართველო ღვინის ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ქვეყანაა და სწორედ ამ გამოცდილების გაცნობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინტერესს ლუქსემბურგისთვის. მისი თქმით, ლუქსემბურგისთვის ღვინის ტურიზმის განვითარება სტრატეგიულ მიმართულებად განიხილება და, ამ მხრივ, საქართველოს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა
ტომ შტაიხენის განმარტებით, ლუქსემბურგი ამჟამად ღვინის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს რეგიონი, სადაც მეღვინეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ხელისუფლება ცდილობს ტურიზმის განვითარებით ამ სექტორს დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შეუქმნას.
„ლუქსემბურგში ვმუშაობთ გეგმაზე, რომლის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარება. გვაქვს რეგიონი, სადაც მეღვინეობა მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელია და გვინდა, ღვინის ტურიზმის მეშვეობით მას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შევუქმნათ. სწორედ ამიტომ გვინდა დავუკავშირდეთ კოლეგებს, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, საქართველო კი ნამდვილად ცნობილია ღვინის ტურიზმით," - აცხადებს ტომ შტაიხენი.
მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის მიმართულებით ახალი ინიციატივების განვითარებასა და სექტორის მდგრადობას.
„ჩვენი მიზანია ვისწავლოთ, გავიზიაროთ გამოცდილება და დავუკავშირდეთ კოლეგებს. გვინდა ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი ამ მიმართულებით და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გავუზიაროთ. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ვითანამშრომლებთ," - აღნიშნავს ტომ შტაიხენი.
ITB Berlin მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა, რომელსაც წელს დაახლოებით 100 ათასი ვიზიტორი ესწრება და 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია არის წარმოდგენილი.
გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან.
საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.