აჭარაში ტურისტული პროდუქტების ამსახველი ახალი საპრომოციო ბროშურები დაიბეჭდა
აჭარის საპრომოციო მასალები განახლდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა თემატიკის, ახალი საპრომოციო ბროშურები მოამზადა. „გასტრონომია და ღვინო“, „ბუნება და ეკოტურიზმი“, „ისტორია, კულტურა და სპორტი“, „საქმიანი ტურიზმი“ იმ ბროშურებს შორისაა, რომლებსაც ვიზიტორები საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა თუ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ეცნობიან. განახლდა აჭარის რუკა და ბათუმი-აჭარის გზამკვლევიც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ, რეგიონში არსებულ 26-ვე, მარკირებულ საფეხმავლო მარშრუტს თავი ერთ რუკაზე მოუყარა. განახლებული რუკით მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველები ყველა საფეხმავლო მარშრუტზე დამოუკიდებლად შეძლებენ გადაადგილებასა და მოგზაურობას.
განახლებული რუკისა და ბროშურების აღება ტურისტებს რეგიონში არსებულ 9-ვე ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრში უფასოდ შეუძლიათ. იქვეა შესაძლებელი სააგენტოს მიერ ბოლო წლებში დაბეჭდილი წიგნების აღებაც. წიგნებს შორისაა „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“, „თევზეული ქართულ სამზარეულოში“, „ხალხური ტრადიციები და რიტუალები აჭარაში“, „ხალხური თამაშობები და სათამაშოები აჭარაში“ და „ხალხური რეწვა აჭარაში“. აღნიშნული წიგნების ელექტრონული ვერსიების ნახვა მსურველებს სააგენტოს ვებ-გვერდზეც https://visitajara.com/ka შეუძლიათ. ვებ-გვერდზევეა განთავსებული რუკების GPS ფაილებიც. ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრები ბათუმში, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, აეროპორტსა და სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზეა განთავსებული.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს
20.02.2026.09:49
„გემო ფესტი“ სვანეთში ბრუნდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2026 წლის პირველი გასტროფესტივალი მესტიაში, სეტის მოედანზე, 21-22 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.
„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. „გემო ფესტის“ ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.
„გემო ფესტი“ 2 დღის განმავლობაში, შაბათ-კვირას მესტიაში გაიმართება, ყველას ველოდებით სეტზე. „გემო ფესტის“ მთავარი მიზანია გასტროტურისტული პროდუქტის განვითარება, შიდა ტურიზმის ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობებში უფრო მეტად ჩართვა და ხელშეწყობა, რომ მათ გასტროტურისტული პროდუქტი შექმნან. სხვადასხვა რეგიონში „გემო ფესტის“ ჩატარების შემდეგ, მთლიანობაში, სულ 56 „გემოელი“ გვყავს და შედეგი არის, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა ბიზნესად ჩამოაყალიბა თავისი პროდუქცია - ზოგმა საფესტივალო პროდუქტი შექმნა და სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობს, ასევე გაიხსნა სამასპინძლო ობიექტები“,- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება, სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: LEVI LOVE DISCO, DUCKTAPE, O’SOUL SPINNER, TOBAKO TWEEN, ONIANI.