აჭარა საზღვაო სეზონს განახლებული ტურისტული სერვისებითა და პროდუქტებით ხვდება - თინათინ ზოიძე
აჭარა საზღვაო სეზონს განახლებული ტურისტული სერვისებითა და პროდუქტებით ხვდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის აჭარაში ახალი სასტუმროები და კვების ობიექტები გაიხსნა.
„საზღვაო ტურისტული სეზონისთვის აჭარაში საკმაოდ დადებითი და პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. უნდა ითქვას, რომ ვიზიტების რაოდენობა არის მზარდი. ასევე შემოსავლები ტურიზმიდან არის მზარდი. მაგალითად, მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა 38%-ით იყო გაზრდილი. ჩვენ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მზარდია სტატისტიკა მაღალ მთიან მუნიციპალიტეტებში ტურისტულ მარშრუტებზე. თუ წინა წლის სტატისტიკას ავიღებთ, 422 ათასს აღემატებოდა მთის მარშრუტებზე ვიზიტების რაოდენობა. სეზონისთვის აჭარაში ძალიან ბევრი ახალი ობიექტი: ახალი სასტუმროები, ახალი კვების ობიექტები და გასართობი ობიექტები გაიხსნა, როგორც ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე მთიან მუნიციპალიტეტებში. 20%-ით იზრდება საოჯახო ტიპის განთავსების ობიექტების რაოდენობა მთების ტურისტულ მარშრუტებზე. ასევე ძალიან დატვირთული ღონისძიებების კალენდარი აქვს რეგიონს. ამიტომაც ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აჭარა საზღვაო და ზაფხულის ტურისტულ სეზონს ხვდება განახლებული ტურისტული სერვისებით და ტურისტული პროდუქტებით, რომელშიც იგულისხმება, კერძო სექტორის მიერ გახსნილი და დამატებული ახალი ობიექტებიც. ყველა უწყება ძალიან აქტიურად მუშაობს, რომ ინფრასტრუქტურული საკითხები იქნება თუ სხვა სერვისებთან დაკავშირებული საკითხები იყოს მოწესრიგებული“, - აღნიშნა თინათინ ზოიძემ.
რაც შეეხება ბოლო დღეებში აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს და შესაძლო ეფექტის მინიმიზებას საქართველოს ტურიზმზე, თინათინ ზოიძე აცხადებს, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს სამიზნე ბაზრებზე და ახდენს მის დივერსიფიკაციას.
„ჩვენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციის ნაწილში. იცით, რომ 25-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება მარკეტინგული აქტივობები. ეს ეხება როგორც წამყვან ქვეყნებს, ჩვენს სამიზნე ქვეყნებს, იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ამავდროულად ჩვენი სამიზნე ქვეყნებია როგორც ჩინეთი, ისე ინდოეთი. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სკანდინავიის ქვეყნებზეც. რა თქმა უნდა ის პრობლემა, რომელიც არის ჩვენს რეგიონში შექმნილი, ეს ეხება როგორც ირან-ისრაელს შორის კონფლიქტს გავლენას ახდენს არამხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელს მსოფლიოზე. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა მალე მოხდება, რადგანაც ეს არის გლობალური პრობლემა, რომელშიც მთელი მსოფლიო არის ჩართული. ტურიზმი არის სფერო, რაზეც ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. მშვიდობა - როცა მოგზაურობას ეხება საქმე და ადამიანების გადაადგილებას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“, - აცხადებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ცნობისათვის, 21-22 ივნისს, ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება. ყველაზე ფერადი ფესტივალი, რომელსაც ბათუმი ყოველწლიურად მასპინძლობს, წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. ჩატარების ადგილის მსგავსად უცვლელი იქნება ფესტივალის სლოგანიც „ზაფხული იწყება აქ“. ულამაზესი საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალე სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ.
სხვა სიახლეები
საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის - კლოდ ჟურნე
17.04.2026.12:10
თბილისში საერთაშორისო B2B Summit by Tarifa გაიმართა, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მხარდაჭერით მოეწყო. სამიტის მიზანია ქვეყნის საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების გაცნობა და უცხოელ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცება. ღონისძიებაში ევროპიდან 50-მდე ბაიერი და საქართველოს 40 ტურისტული კომპანია იყო ჩართული.
ფრანგული კომპანია „Echapevoo“-ს წარმომადგენელი კლოდ ჟურნე საქართველოს MICE ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად არსებული გლობალური გამოწვევებისა, რომლებიც გავლენას ახდენს საქმიან ტურიზმზე, საქართველოს მიმართ ინტერესი კვლავ მაღალია.
„მიმაჩნია, რომ საქართველო საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის. ჩვენი კომპანია სწორედ ამ სფეროში ვსპეციალიზდებით და მხოლოდ ბიზნესსექტორთან ვთანამშრომლობთ. ბიზნესი კი, ზოგადად, სიფრთხილით გამოირჩევა. ამ ეტაპზე, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, საქართველოსთვისაც გამოწვევაა. მიუხედავად ყველაფრისა, ყველა ფრანგს, ვინც საქართველოში ჩამოდის, ეს ქვეყანა ძალიან უყვარდება”, - აცხადებს კლოდ ჟურნე.
კლოდ ჟურნეს შეფასებით, Tarifa Summit და მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენაში და ახალი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში. “ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ახალი სასტუმროსა და იმ საუკეთესო შეთავაზებების გაცნობა, რისი მოცემაც საქართველოს შეუძლია. ჩვენი კლიენტები, როგორც წესი, მოკლე ვიზიტებისას სამი ან ოთხი ღამით რჩებიან, ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ საუკეთესო გამოცდილების კონცენტრირება ისე, რომ ტრანსფერებზე ბევრი დრო არ დაიხარჯოს. მათ სურთ მცირე დროში რაც შეიძლება მეტი აღმოაჩინონ, რისთვისაც საქართველო საუკეთესო მიმართულებაა”, - აღნიშნა კლოდ ჟურნემ.