2026 წელი ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის თვალსაზრისით ძალიან კარგად დაიწყო, ტურისტული ნაკადები და სასტუმროების ჯავშნები გაზრდილია როგორც ზამთრის კურორტებზე, ისე ქვეყნის სხვა ტურისტულ ლოკაციებზე - მაია ომიაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2026 წლის ზამთრის ტურისტული სეზონის მიმდინარეობას დადებითად აფასებს. როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, განთავსების ობიექტებიდან და ტურისტული კომპანიებიდან მიღებული ინფორმაციით, ტურისტული ნაკადები და სასტუმროების ჯავშნები გაზრდილია როგორც ზამთრის კურორტებზე, ისე ქვეყნის სხვა ტურისტულ ლოკაციებზე.
მაია ომიაძე ხაზს უსვამს, რომ ტურისტული სექტორი აქტიურად დაიწყო, თუმცა, კიდევ უფრო მეტი მოგზაურის მისაღებად, მათ შორის მაღალმხარჯველი სეგმენტის მოსაზიდად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს მიზნობრივ ბაზრებზე მასშტაბურ კამპანიებს ჩაატარებს.
„2026 წელი ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის თვალსაზრისით პოზიტიურად დაიწყო - ძალიან ბევრი მოგზაური გვყავს ზამთრის სეზონზე, როგორც სამთო კურორტები, ასევე სხვა ადგილები, მათ შორის დედაქალაქი ჯავშნებით არის სავსე. რამდენიმე დღის წინ სვანეთში ვიმყოფებოდით და მინდა, აღვნიშნო, რომ მესტიაში ბევრი საერთაშორისო მოგზაურია. გასული წელი ძალიან მაღალ ნიშნულზე, რეკორდული მაჩვენებელებით დავხურეთ შემოსავლების, ასევე ტურისტული ვიზიტების ნაწილში. ჩვენი პროგრნოზით, მიმდინარე წელი ასევე ძალიან წარმატებული იქნება როგორც შემოსავლების, ისე საერთაშორისო მოგზაურობის ნაწილში. ამისთვის წელს ფართომასშტაბიანი გეგმები გვაქვს მარკეტინგული კამპანიების კუთხით არამარტო სამიზნე, არამედ ახალ ბაზრებზეც. ამასთან, ვაპირებთ ძალების მოსინჯვას კერძო სექტორთან ერთად“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია. 2025 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო მიღებული შემოსავლების კუთხითაც - გასულ წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და 4,690.2 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღვაწლმოსილი თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
სხვა სიახლეები
საქართველოს სახელი ალპების მთებში - Freeride World Tour: Georgia Pro 2026 ავსტრიაში ჩატარდება
24.02.2026.14:22
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ჩართულობითა და ფრირაიდის მსოფლიო ტურის გადაწყვეტილებით, ავსტრიის მთებში საქართველოს სახელით შეჯიბრება გაიმართება. ტურის დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ Georgia Pro 2026, მხოლოდ მიმდინარე სეზონზე, ავსტრიაში, კერძოდ კიუჰტაი-ინსბრუკში ჩატარდეს.
შეჯიბრება 26 ან 27 თებერვალს არის დაგეგმილი, ზუსტი თარიღი კი საბოლოოდ მთის პირობების მიხედვით დადასტურდება. რაიდერებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა იბრძოლონ იმ ქულებისთვის, რომლებიც თავდაპირველად საქართველოში, სვანეთში უნდა მოეპოვებინათ.
საქართველოში, თეთნულდის მთაზე გასამართი შეჯიბრება, ოფიციალური დელეგატებისა და მთის უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციის საფუძველზე, არასტაბილური თოვლის საფარის გამო გაუქმდა. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ განსაზღვრულ პერიოდში არსებული ბუნებრივი პირობები არ იძლეოდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების სრულ გარანტიას. ,,ემ თი ეი"-სა და FWT-ისთვის მთავარი პრიორიტეტი მაღალი სტანდარტების დაცვა და მონაწილეთა უსაფრთხოებაა.
უამინდობის ან არასტაბილური თოვლის საფარის გამო ფრირაიდის მსოფლიო ტურის შეჯიბრებების გადადება ან გაუქმება საერთაშორისო პრაქტიკაში იშვიათი არ არის. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა საფრანგეთში, შვეიცარიაში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში. მიუხედავად არსებული ვითარებისა, ფრირაიდის მსოფლიო ტური საქართველოს მომავალ სეზონზე კვლავ დაუბრუნდება. ღონისძიება 2027 წლის ზამთარში ისევ სვანეთში გაიმართება.
საქართველო უკვე მესამე წელია ფრირაიდის მსოფლიო ტურის ოფიციალურ კალენდარშია წარმოდგენილი და იმ ექვს წამყვან ქვეყანას შორის შედის, რომლებსაც ტურის ჩატარების ექსკლუზიური უფლება აქვთ: საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია, აშშ და საქართველო.
საქართველომ ფრირაიდის მსოფლიო ტურის ეტაპს პირველად 2024 წელს უმასპინძლა. ტურის დამფუძნებლების შეფასებით, ღონისძიება არამხოლოდ წარმატებული, არამედ ფრირაიდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შეჯიბრებად დასახელდა. სვანეთი საერთაშორისო ფრირაიდის რუკაზე ახალი მიმართულება გახდა, ხოლო კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის პოზიციონირდა, როგორც ახალი აღმოჩენის ადგილი.
ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ, მაღალმთიან რელიეფზე, გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს და ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ და სანახაობრივ სპორტად ითვლება.