2025 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული რაოდენობის - 1 250 417-მა ვიზიტორმა იმოგზაურა
2025 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 1 250 417-მა ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც ვიზიტორთა რაოდენობის კუთხით რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. 2024 წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის 13%-ით არის გაზრდილი. მონაცემებს დაცულ ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
„აღნიშნული სტატისტიკა მიუთითებს დაცული ტერიტორიების მზარდ პოპულარობაზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებს შორის.
ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს შორის ლიდერობენ:
• პრომეთეს მღვიმე – 285 883 ვიზიტორი
• მარტვილის კანიონი – 275 475 ვიზიტორი
• მტირალას ეროვნული პარკი – 131 271 ვიზიტორი
• სათაფლიის მღვიმე – 105 389 ვიზიტორი
• წალკის კანიონი – 98 809 ვიზიტორი
2025 წელს ქართველი ვიზიტორების რაოდენობამ 515 188 შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 12%-იან ზრდას ასახავს. 14%-ითაა გაზრდილი უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, მოგზაურთა რაოდენობამ 735 229 ვიზიტორს მიაღწია.
მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიები სულ უფრო მიმზიდველი ხდება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეკოტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.
დაცული ტერიტორიების სააგენტო 2025 წლის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდა სარეკრეაციო ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებაზე, რაც ქმნის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ვიზიტორებისთვის და უზრუნველყოფს ბუნებრივი მემკვიდრეობის მდგრად დაცვას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება - ლაშა ხუციშვილი
სხვა სიახლეები
მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს 2026 წლის პროექტები გააცნო
17.02.2026.13:21
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრებს შეხვდა.
მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს 2025 წლის შედეგები გააცნო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წლევანდელი გეგმები წარუდგინა.
„ჩვენ შევხვდით საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრებს. ამ შეხვედრაზე ერთის მხრივ შედეგები, მეორეს მხრივ კი წლევანდელი წლის გეგმები გავაცანით სექტორის წარმომადგენლებს, მოვისმინეთ მათი ახალი ინიციატივები, ჩართულობა ახლა პროექტებთან დაკავშირებით. მსგავსი შეხვედრები რეგულარულად ტარდება. ტურიზმის ასოციაცია ჩვენი ძლიერი პარტნიორია და ხშირად გვაქვს ერთობლივი პროექტები და ვფიქრობ რომ მომავალშიც ეს ინიციატივები უფრო გაძლიერდება“,- განაცხადა მაია ომიაძემ.
შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს ჩაერთონ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტებში, რომლის მიზანია ქვეყანაში ტურისტული ნაკადების გაზრდა, დივერსიფიკაცია, მაღალმხარჯველი ტურისტული სეგმენტის მოზიდვა და კერძო სექტორის ხელშეწყობა.
“შეხვედრა დაიგეგმა ასოციაციის წევრი კომპანიების ინიციატივით. ინფორმაცია მივიღეთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი პროექტების შესახებ, გაგვიზიარეს გასული წლის შედეგები და იმ აქტივობებით მიღებული წარმატებები, რომლებიც სტატისტიკურ მონაცემებში აისახა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესს სჭირდება სწორად განსაზღვროს სამომავლო გეგმები. ზოგადად, ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ის ინიციატივა, რომელიც საჯარო სექტორის მხრიდან მოდის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესსაქმიანობის დასაგეგმად. მარკეტინგი ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ასევე საგანმანათლებლო პროგრამები და სერვისის გაუმჯობესების მიმართულება, რომელიც კერძო სექტორს განსაკუთრებით აწუხებს. ამ საკითხებზე სიღრმისეული დიალოგი გაიმართა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის”,- აღნიშნა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატა კვაჭანტირაძემ.
შეხვედრას საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრი ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროების 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო.