2025 წელმა ბიზნესისთვის შედეგიანად ჩაიარა, ზრდა დაფიქსირდა როგორც საერთაშორისო ვიზიტორებში, ისე ტურისტული ვიზიტების რაოდენობის ჭრილში - ნატა კვაჭანტირაძე
2025 წელმა, გამოწვევებიდან გამომდინარე, მაინც ვთვლით, რომ წარმატებით ჩაიარა. იქიდან გამომდინარე, რომ ზრდა დაფიქსირდა როგორც საერთაშორისო ვიზიტორებში, ისე ტურისტული ვიზიტების რაოდენობის ჭრილში, – ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან 2025 წლის ტურიზმის სტატისტიკის შეფასებისას საქართველოს ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი ნატა კვაჭანტირაძე აცხადებს. მისი განმარტებით, სტატისტიკური მაჩვენებლებით შემოდინების დიდი წილი კულტურულ ტურიზმზე მოდის, თუმცა საკმაოდ აქტიური იყო MICE და სათავგადასავლო ტურიზმიც.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ბიზნესის კეთილდღეობისთვის, რადგან ძლიერი ბიზნესი ნიშნავს ძლიერ შესაძლებლობებს ქვეყნისთვის და ძლიერ ეკონომიკას. თავისთავად ძალიან მისასალმებელია, რომ ამ სტატისტიკურ მონაცემებში მნიშვნელოვანი წილი სწორედ კერძო სექტორის წარმომადგენლებს აქვთ. რა თქმა უნდა, ამ რაოდენობრივ მაჩვენებელში სხვადასხვა ტიპის ვიზიტები განხორციელდა - ტურისტული და სხვა. თავისთავად მნიშვნელოვანია ის, რომ სტატისტიკურ მაჩვენებლებში ყოველთვის ლიდერობს კულტურული ტურიზმით შემოსული სტუმრების რაოდენობა. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია როგორც MICE-მიმართულებები, ასევე სათავგადასავლო მიმართულებები - ზოგადად კურორტებზე ვიზიტები, და თავისთავად ამ ყველაფერმა გადააბალანსა ის რაოდენობა, რომელიც საბოლოოდ მივიღეთ“, - აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.
ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ნებისმიერი მარკეტინგული კამპანია და აქტივობა, რომელიც იგეგმება წლის განმავლობაში როგორც საჯარო სექტორის მხრიდან, ასევე კერძო სექტორის ჩართულობით, ნიშნავს, რომ ეს არის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი აქტივობა, რომელმაც შედეგი შესაძლოა მყისიერადაც მოგვცეს.
„თუმცა ის მაინც გრძელვადიან პერსპექტივას მოიაზრებს და თავისთავად 2025 წელს გაწეული ნებისმიერი საპრომოციო აქტივობა ნიშნავს იმას, რომ წელს გაცილებით უკეთესი შედეგები უნდა მივიღოთ ტურისტული ვიზიტების ჭრილში - როგორც ხარისხობრივ მაჩვენებლებში, ქვეყნების დამატების ნაწილში, ასევე რაოდენობრივ მაჩვენებელში“, – განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.
2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 499,890 ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით +14%-ით გაზრდილია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რეკორდულად მაღალი ვიზიტები დაფიქსირდა გაერთიანებული სამეფოდან (+39.1%; +12,646 ვიზიტი); საბერძნეთიდან (+28.2%; +7,765 ვიზიტი); საფრანგეთიდან (+17.4%; +4,917 ვიზიტი); იტალიიდან (+39.4%; +7,840 ვიზიტი); ესპანეთიდან (+48.6%; +7,167 ვიზიტი).
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის გარდა ზრდა ფიქსირდება სხვა მიზნობრივი ტურისტულები ბაზრებიდან. 2025 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 145,513 ვიზიტი განხორციელდა (ზრდა +3.4%; +4,774 ვიზიტი), მათ შორის ვიზიტების მაღალი ზრდა ფიქსირდება საუდის არაბეთიდან, (+9.1%; +8,042 ვიზიტი).
2025 წელს ვიზიტების განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (+91,444 ვიზიტი; +29.4%); აზერბაიჯანი (+72,793 ვიზიტი; +33.2%;); ჩინეთი (+39,312 ვიზიტი; +44.4%).
2025 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებით გამორჩეული იყო მე-4 კვარტალი. გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული ზრდა დაფიქირდა და ისტორიული მაქსიმუმი 1,214,772 ვიზიტი შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%-ია.
რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებს, გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში, საქართველოში 1,693,484 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით +7.6%-ია.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება - ლაშა ხუციშვილი
სხვა სიახლეები
მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს 2026 წლის პროექტები გააცნო
17.02.2026.13:21
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრებს შეხვდა.
მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს 2025 წლის შედეგები გააცნო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წლევანდელი გეგმები წარუდგინა.
„ჩვენ შევხვდით საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრებს. ამ შეხვედრაზე ერთის მხრივ შედეგები, მეორეს მხრივ კი წლევანდელი წლის გეგმები გავაცანით სექტორის წარმომადგენლებს, მოვისმინეთ მათი ახალი ინიციატივები, ჩართულობა ახლა პროექტებთან დაკავშირებით. მსგავსი შეხვედრები რეგულარულად ტარდება. ტურიზმის ასოციაცია ჩვენი ძლიერი პარტნიორია და ხშირად გვაქვს ერთობლივი პროექტები და ვფიქრობ რომ მომავალშიც ეს ინიციატივები უფრო გაძლიერდება“,- განაცხადა მაია ომიაძემ.
შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს ჩაერთონ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტებში, რომლის მიზანია ქვეყანაში ტურისტული ნაკადების გაზრდა, დივერსიფიკაცია, მაღალმხარჯველი ტურისტული სეგმენტის მოზიდვა და კერძო სექტორის ხელშეწყობა.
“შეხვედრა დაიგეგმა ასოციაციის წევრი კომპანიების ინიციატივით. ინფორმაცია მივიღეთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი პროექტების შესახებ, გაგვიზიარეს გასული წლის შედეგები და იმ აქტივობებით მიღებული წარმატებები, რომლებიც სტატისტიკურ მონაცემებში აისახა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესს სჭირდება სწორად განსაზღვროს სამომავლო გეგმები. ზოგადად, ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ის ინიციატივა, რომელიც საჯარო სექტორის მხრიდან მოდის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესსაქმიანობის დასაგეგმად. მარკეტინგი ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ასევე საგანმანათლებლო პროგრამები და სერვისის გაუმჯობესების მიმართულება, რომელიც კერძო სექტორს განსაკუთრებით აწუხებს. ამ საკითხებზე სიღრმისეული დიალოგი გაიმართა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის”,- აღნიშნა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატა კვაჭანტირაძემ.
შეხვედრას საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრი ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროების 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო.