2025 წელი იყო რეკორდული საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის ვიზიტების მიმართულებით, ზრდა გვაქვს თითქმის ყველა სტრატეგიული ქვეყნიდან - მაია ომიაძე
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2025 წლის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. მაია ომიაძის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზები გამართლდა და საქართველომ 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა, რაც 5,521,866 ვიზიტს შეადგენს და ისტორიული მაჩვენებელია.
„2025 წელია შეჯამებულია და როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან კარგი ციფრებით დასრულდა. ჩვენ წლის დასაწყისშივე ვარაუდობდით, რომ ძალიან წარმატებული წელი იქნებოდა, ასეც აღმოჩნდა. ზრდა გვაქვს თითქმის ყველა ჩვენი სტრატეგიული ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ ტურისტული ვიზიტების ოდენობამ გადააჭარბა. 2025 წელი იყო რეკორდული საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის ვიზიტების მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების მიმართულებით, ასევე აღსანიშნავია საუდის არაბეთიდან ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან უპრეცედენტოდ გაზრდილი მოგზაურთა რაოდენობა საქართველოში“, - აცხადებს მაია ომიაძე.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ვიზიტების ზრდას მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო საქართველოდან მიზნობრივი ტურისტული ბაზრების მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნამ და ფრენების სიხშირეების გაზრდამ.
„რა თქმა უნდა უნდა, ძალიან დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში პირდაპირ ფრენებს. წლევანდელი წლიდან, 2026 წლიდან, აქტიურად იგეგმება ახალი ფრენები, ახალი მიმართულებები და სიხშირეების დამატება, ასევე ტრადიციული მარკეტინგული კამპანიები, რომლებსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე ახორციელებს. 2025 წელი იყო გამორჩეული, ჩვენ გვქონდა ძალიან მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები, რომელიც 32 ქვეყანაში ჩატარდა და შესაბამისად შედეგიც სახეზეა. ვიმედოვნებთ და დარწმუნებულები ვართ. 2026 წელიც წარმატებული იქნება“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.
2025 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებით გამორჩეული იყო მე-4 კვარტალი. გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა და ისტორიული მაქსიმუმი 1,214,772 ვიზიტი შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%-ია.
რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებს, გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში, საქართველოში 1,693,484 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით +7.6%-ია.
სხვა სიახლეები
მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს 2026 წლის პროექტები გააცნო
17.02.2026.13:21
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრებს შეხვდა.
მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს 2025 წლის შედეგები გააცნო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წლევანდელი გეგმები წარუდგინა.
„ჩვენ შევხვდით საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრებს. ამ შეხვედრაზე ერთის მხრივ შედეგები, მეორეს მხრივ კი წლევანდელი წლის გეგმები გავაცანით სექტორის წარმომადგენლებს, მოვისმინეთ მათი ახალი ინიციატივები, ჩართულობა ახლა პროექტებთან დაკავშირებით. მსგავსი შეხვედრები რეგულარულად ტარდება. ტურიზმის ასოციაცია ჩვენი ძლიერი პარტნიორია და ხშირად გვაქვს ერთობლივი პროექტები და ვფიქრობ რომ მომავალშიც ეს ინიციატივები უფრო გაძლიერდება“,- განაცხადა მაია ომიაძემ.
შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს ჩაერთონ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტებში, რომლის მიზანია ქვეყანაში ტურისტული ნაკადების გაზრდა, დივერსიფიკაცია, მაღალმხარჯველი ტურისტული სეგმენტის მოზიდვა და კერძო სექტორის ხელშეწყობა.
“შეხვედრა დაიგეგმა ასოციაციის წევრი კომპანიების ინიციატივით. ინფორმაცია მივიღეთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი პროექტების შესახებ, გაგვიზიარეს გასული წლის შედეგები და იმ აქტივობებით მიღებული წარმატებები, რომლებიც სტატისტიკურ მონაცემებში აისახა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესს სჭირდება სწორად განსაზღვროს სამომავლო გეგმები. ზოგადად, ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ის ინიციატივა, რომელიც საჯარო სექტორის მხრიდან მოდის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესსაქმიანობის დასაგეგმად. მარკეტინგი ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ასევე საგანმანათლებლო პროგრამები და სერვისის გაუმჯობესების მიმართულება, რომელიც კერძო სექტორს განსაკუთრებით აწუხებს. ამ საკითხებზე სიღრმისეული დიალოგი გაიმართა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის”,- აღნიშნა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატა კვაჭანტირაძემ.
შეხვედრას საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრი ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროების 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო.