2023 წელთან შედარებით ინტერესი გაზრდილია - Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მოლოდინი გაქვს, რომ უფრო მეტ სტუმარს მივიღებთ და დატვირთულობა გაიზრდება, - ამის შესახებ სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს. თათია ჩიკვაიძე ამბობს, რომ სასტუმროს მაგალითზე წლის პირველი ნახევარი საკმაოდ დატვირთული იყო და განსაკუთრებული აქტიურობა ჩინეთის, ინდოეთის და გალფის ქვეყნების ბაზრებიდან შეინიშნებოდა.
„მიმდინარე წლის 6 თვეში საკმაოდ დიდი დაინტერესებაა ჩინეთიდან, ინდოეთიდან, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო პირდაპირმა ავიარეისებმა და სავიზო რეჟიმის გამარტივებამ. შესაბამისად ამ სეგმენტზე საკმაოდ დიდი დატვირთვა მოდის და ასევე დიდია ინტერესი გალფის ქვეყნებიდან. ინტერესი საკმაოდ მაღალია, ჯავშნები საკმაოდ აქტიურად შემოდის შემდეგ თვეებზეც. წლის ბოლომდე ველოდებით ამ ბაზრებიდან კიდევ უფრო გააქტიურებას.
შარშანდელთან შედარებით ინტერესი გაზრდილია, თუმცა ეს ზრდა უფრო მოდის აზიის ქვეყნებიდან, ვიდრე ევროპის ქვეყნებიდან“, - აცხადებს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათია ჩიკვაიძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია.
იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2,123,816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +10%-ია.
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1,720,516 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია.
აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1,185,172 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +9.2%-ია.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.
სხვა სიახლეები
გერმანიაში Lufthansa-სა და Eurowings-ის პილოტები გაიფიცნენ
13.04.2026.14:29
ავიაკომპანიების Deutsche Lufthansa AG, Lufthansa Cargo AG და Lufthansa CityLine GmbH პილოტებმა გაფიცვა დაიწყეს. პროტესტს შეუერთდნენ Eurowings GmbH-ის პილოტებიც, რომლებიც რეისებს გერმანიის აეროპორტებიდან ასრულებენ. აქცია პილოტთა პროფკავშირის, Vereinigung Cockpit-ის ინიციატივით ტარდება. გაფიცვამ ყველაზე დიდი შეფერხებები ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში გამოიწვია და 14 აპრილის, ადგილობრივი დროით 23:59 საათამდე გაგრძელდება.
ერთი დღით ადრე Eurowings-ში ვარაუდობდნენ, რომ ფრენების განრიგის „დიდ ნაწილს“ მაინც შეასრულებდნენ Eurowings Europe-ისა და პარტნიორი ავიაკომპანიების მხარდაჭერის იმედით.
ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობის გამო, გაფიცვისგან გათავისუფლდნენ Lufthansa-სა და CityLine-ის ის პილოტები, რომლებიც ასრულებენ რეისებს გერმანიიდან შემდეგი მიმართულებებით: აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ერაყი, იემენი, კატარი, ქუვეითი, ლიბანი, ომანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
პროფკავშირის წარმომადგენლებმა გაფიცვის მიზეზად ის გარემოება დაასახელეს, რომ Lufthansa-ს და Lufthansa Cargo-ს ჯერჯერობით არ წარუდგენიათ წინადადებები კორპორაციული საპენსიო პროგრამების შესახებ. ანალოგიური სიტუაციაა CityLine-ის შემთხვევაშიც თანამშრომლებთან კოლექტიური ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით. წელს ესLufthansa-ს გაფიცვების მეოთხე ტალღაა.