თიბისის მხარდამჭერით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართა
თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).
ეროვნული AI ოლიმპიადის პირველ ტური 27 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობა IX-XII კლასის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მთელი საქართველოდან, მეორე ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე გადავა.
მეორე, ფინალური ტურის შედეგების მიხედვით კი, რომელიც მაისის ბოლოს ჩატარდება, ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება. 4-წევრიანი ნაკრები 2-9 აგვისტოს პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი.
ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამასთან, მონაწილეებს აძლევს შანსს, დაამყარონ ახალი კავშირები დარგის წამყვან პროფესიონალებთან საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ თიბისის მხარდაჭერით შექმნა. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.
თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.
სხვა სიახლეები
როდის გაიხსნება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი
12.03.2026.15:00
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით უნიკალური სივრცე იქნება, როგორც ცნობილია, ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობაში განთავსდება ინტერაქტიული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, ხელოვნური ინტელექტის ექსელენს ცენტრი, კრეატიული სწავლების ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის და გარე რეკრეაციული სივრცე, მათ შორის განახლებული ხელოვნური ტბა. პროექტი არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო ტურისტებს მოიზიდავს, ხოლო მისი მიზანია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სიყვარული ახალგაზრდებში ჩამოყალიბდეს და ქვეყნის სამომავლო განვითარებას შეუწყოს ხელი.
„პირველ რიგში მნიშვნელობას გავუსვამ ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი მთლიანად რეგიონალური თვალსაზრისით და რეგიონში არ ვგულისხმობ იმერეთის რეგიონს - ვგულისხმობ, საერთოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონს. გამომდინარე იქედან, რომ ბევრი უნიკალური სივრცე განთავსდება, პირველ რიგში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, რომელიც დარწმუნებული ვარ რომ აბსოლუტურად საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე იქნება ვიზიტორი ამ სივრცის, წაიყვანს ბავშვებს, ახალგაზრდებს. ის არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ტექნოლოგიების სიყვარული სწორედ იქ ჩამოყალიბდეს, რაც მათი მომავალი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად ყველა ექსპონატი უკვე ნაყიდია და საქართველოში არის ჩამოსული.
მოგეხსენებათ, რომ ეს არის პარლამენტის ყოფილი შენობა ქუთაისში, სადაც განთავსება ტექნოლოგიური ჰაბი. ზუსტად, რომ ავუხსნათ პროგრესი მოსახლეობას, ძალიან რთული შენობაა და ამიტომ წაიღო დრო რომ სწორად გაკეთდეს. ინფრასტრუქტურა ისე იყო მოწყობილი, რომ სუნთქვა უბრალოდ შეუძლებელი იყო. მაშინ ერთმა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება და დაავალეს, რომ პარლამენტი გადასულიყო და რა სამუშაო პირობები ჰქონდათ მათ არავინ არ წუხდა მაგაზე და იქ სუნთქვა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ჩვენ მთლიანად დავასრულეთ გაგრილების სისტემის რეაბილიტაცია, რომ ჩვენი მოქალაქეები კომფორტულად გრძნობდნენ თავს იმ შენობაში, ასევე შესასვლელები მთლიანად მოწესრიგდა, ხელოვნური ტბა ასევე რომელიც იქ არსებობდა და მხოლოდ ერთხელ გახსნისას აავსეს წყლით, ჩვენ მოვახდინეთ მისი რეაბილიტაცია და მშვენიერი სარეკრაციო სივრცე იქნება. აღმოსავლეთის შესასვლელის რეაბილიტაცია თითქმის დამთავრებულია და მიდის გადახურვის სისტემის სრული რეაბილიტაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან დიდი ხარვეზები იყო და სწრაფად ცდილობდნენ ამ შენობის გახსნას და ძალიან ბევრი შეცდომებია მშენებლობის პროცესში დაშვებული, რომლის გამოსწორებასაც ახლა ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს.
მიმდინარეობს შიდა რემონტი, სადაც მთლიანად მოხდა უკვე დემონტაჟი ყოფილი კაბინეტების, რომ ეს უკვე გადაკეთდეს ტექნოლოგიებისთვის შესაბამის სივრცეებად და დაწყებულია უკვე სარემონტო სამუშაოები. გეგმა გვაქვს, რომ მაისის ბოლოს უკვე ეს სივრცე ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. აქ იქნება წარმოდგენილი არამარტო მუზეუმი, რომელიც არის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი და ყველაზე წამყვანი ლაბორატორიებით, ხელოვნური ინტელექტის ექსელენს ცენტრი განთავსდება აქ, განთავსდება ასევე მნიშვნელოვანი სასწავლო კრეატიული და ტექნოლოგიების მიმართულებით ცენტრი, რომელიც მსოფლიოს 17 ქვეყანაშია დღეს და საქართველოშიც იქნება წარმოდგენილი ექსკლუზიურად მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის და ძალიან უნიკალური სივრცე, გარე რეკრეაცია ასევე ხელოვნური ტბა და მუზეუმი ერთობლიობაში ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ უნიკალურ სივრცეს ქმნის და არა მარტო საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ვფიქრობთ რომ ტურისტებისთვისაც ერთ-ერთი თვალსაჩინო, სანახავი ადგილი იქნება ტექნოლოგიური ჰაბი“, - განმარტავს ავთანდილ კასრაძე.