ტექ ოლიმპიადების ჰაბის - Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადამ ინფორმატიკაში, რომელიც წელს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში პირველად გამოცხადდა, ქვეყნის მასშტაბით დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველ ონლაინ ტურში, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე ჩაერთო. მონაწილეების 50%-ზე მეტი ოლიმპიადას რეგიონებიდან შემოუერთდა.
Olyinfo თითოეულ მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას, გამოცადონ საკუთარი უნარები ანალიტიკურ, ლოგიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა.
უკვე ცნობილია მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეების ვინაობა, რომლებიც დასკვნითი ტურისთვის მოემზადებიან. შედეგების გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.olyinfo.ge
OLYINFO ეროვნულ დონეზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წლიდან ტარდება და აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, BTU-ს ბაზაზე გაიმართა.
თიბისისა და BTU-ს პარტნიორობით შექმნილი ტექ ოლიმპიადების ჰაბი ერთიანი პლატფორმაა, რომელიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალი თაობას საშუალებას აძლევს გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები და ტექნოლოგიებში პირველი ნაბიჯები გადადგან.
ტექ ოლიმპიადების ჰაბის მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი სამომავლოდ საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მზადებაა. ჰაბი, ასევე მიზნად ისახავს ინკლუზიური, ხარისხიანი და მდგრადი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში.
თიბისი, ჰაბის გენერალური პარტნიორი, განათლებას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განიხილავს, ამიტომ ბრენდი სისტემურად უჭერს მხარს ტექნოლოგიური განათლების გაძლიერებას საქართველოში.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
რუმინეთში გამართული შეხვედრები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და რუმინეთს შორის ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ციფრული ეკონომიკის სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით - ავთანდილ კასრაძე
11.03.2026.16:39
რუმინეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე რუმინეთის ეკონომიკის, ციფრული ტრანსფორმაციის, მეწარმეობისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილეებს - იულიან კოსმინ მარგელოიუსა და ვიორელ ბალტარეცუს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს მთავრობათაშორის ორმხრივ თანამშრომლობას და განსაზღვრეს კონკრეტული მიმართულებები პარტნიორობის გასაღრმავებლად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამებში ქართული და რუმინული სტარტაპების ჩართულობას, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემების დაახლოებას. მხარეებმა განიხილეს საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური პროექტების კომერციალიზაციას და მათთვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
როგორც ავთანდილ კასრაძე აღნიშნავს, რუმინეთში გამართული შეხვედრები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და რუმინეთს შორის ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ციფრული ეკონომიკის სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.
“ვიზიტის ფარგლებში შევხვდით, როგორც რუმინეთის ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობას, ისე ქვეყნის წამყვან კვლევით და ინოვაციურ ინსტიტუტებს, სადაც განვიხილეთ სტარტაპ ეკოსისტემების განვითარება, ტექნოლოგიური მეწარმეობის მხარდაჭერა და ახალი ერთობლივი ინიციატივების შესაძლებლობები.” - აცხადებს GITA - ს თავმჯდომარე.
სააგენტოს დელეგაციამ ასევე შეხვედრა გამართა ინფორმატიკის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (ICI Bucharest) გენერალურ დირექტორთან, ადრიან ვიქტორ ვევერასთან. საუბრის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის განვითარება იყო; რუმინულმა მხარემ ქართულ დელეგაციას AI ტექნოლოგიების სახელმწიფო სექტორში ინტეგრირების წარმატებული გამოცდილება გაუზიარა.
სააგენტოს თავმჯდომარე, ასევე, რუმინეთის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების დაფინანსების სააგენტოს (UEFISCDI) ხელმძღვანელს, ადრიან კურაჟს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს R&D მიმართულებით დაფინანსების სქემები და საერთაშორისო კონსორციუმებში ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობები. საუბარი შეეხო ინოვაციების მართვის ევროპულ მოდელებსა და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებს.
GITA -ს თავმჯდომარის თქმით, საქართველო აქტიურად მუშაობს, რომ ჩამოყალიბდეს რეგიონულ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ჰაბად, შესაბამისად, მსგავსი საერთაშორისო პარტნიორობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიზნის მიღწევაში.
“დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრების შედეგად ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ინოვაციური კომპანიებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემებისთვის.”
სამუშაო ვიზიტის დასასრულს, სააგენტოს დელეგაცია Măgurele Science Park-ს ეწვია და პარკის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურასა და კვლევით პოტენციალს გაეცნო.
შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი და სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა ესწრებოდა.