თბილისის მერი ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ორგანიზებით, დედაქალაქში, ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომლის მიზანიც ფინტექის განვითარების სტრატეგიის შესახებ ცნობადობის ამაღლებაა.
კონფერენციას თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„მიხარია, რომ ჩვენი დედაქალაქი მასპინძლობს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენ არის მიმართული. საქართველოში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა უკვე საკმაოდ განვითარებულია. განსაკუთრებით თვალშისაცემია კომერციული საბანკო სექტორი და მის მიერ დანერგილი ისეთი ინოვაციები, რომლებიც მოქალაქეების ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს ამარტივებენ. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა იძლევა შესაძლებლობას, კულტურული მრავალფეროვნება და ბიზნესის წარმოების სიმარტივე ფინტექ სექტორში გააერთიანოს, რაც თავის მხრივ, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სერვისების დანერგვის მოთხოვნილებას ზრდის. ტექნოლოგიას შეუძლია, დაძლიოს გეოგრაფიული ბარიერები, გაზარდოს ტრანზაქციების სიჩქარე, უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და როგორც ადგილობრივ მომხმარებლებს, ისე ტურისტებს, მათზე უკეთ მორგებული ფინანსური სერვისები შესთავაზოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური მომსახურება მოიცავს საბანკო, საინვესტიციო, სადაზღვევო და სხვა სახის მიმართულებებს, საქართველოში ფინტექის, როგორც ალტერნატიული ფინანსური სისტემის განვითარება, მნიშვნელოვანია.
„ფინტექი ალტერნატიული ფინანსური სისტემაა და გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური მომსახურება მოიცავს საბანკო, საინვესტიციო, სადაზღვევო და სხვა სახის მიმართულებებს, ჩვენთვის ამ სფეროს განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა და ტექნოლოგიების იმგვარად განვითარება, რომ საერთაშორისო კომპანიებს ჰქონდეთ ქართულ ბაზარზე მარტივად ოპერირების საშუალება, ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ ცნობადობას მოუტანს, გაზრდის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას, ამასთანავე, ხელს შეუწყობს მეტი მოქალაქის დასაქმებასა და განვითარებას. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარებას. დღეს თბილისის მუნიციპალიტეტი, საქართველოში მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობით მოწინავეა, თუმცა ვმუშაობთ ყოველდღიურად, ვახორციელებთ რეფორმებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა და კონფერენციის მონაწილეებს ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
ღონისძიება თემატური პრეზენტაციებითა და პანელური დისკუსიებით გაგრძელდება, რომლის მონაწილეებიც ფინტექის მომავალსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.
კონფერენციას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი რობერტ ბრეგი, ფინანსური სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
მობილური ინტერნეტის სისწრაფით საქართველო მსოფლიოში მე-14 ადგილზეა
20.01.2026.16:16
Speedtest.net-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ვრცელდება იმ ქვეყნების სია, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი ექნებათ 2026 წელს.
საქართველო ამ მაჩვენებლით მე-14 ადგილზეა და ბულგარეთისა და დანიის გარდა, ევროკავშირის ყველა ქვეყანას უსწრებს. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ინტერნეტის სიჩქარე წამში 169,82 მეგაბიტია.
2025 წლის დეკემბრის მონაცემების თანახმად, მობილური ინტერნეტის სისწრაფით, საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა ნიდერლანდები, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და შვეიცარია.
Speedtest-ის რეიტინგში პირველ ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები, მე-2 ადგილზეა კატარი, მესამეზე კი - ქუვეითი.