STEM სკოლაში 200 მოსწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი
ინჟინერიით, ტექნოლოგიებით და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად STEM სკოლის პროექტს უკვე მესამე წელია ახორციელებს.
პროექტის მიზანი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ახალგაზრდების მომავლის პროფესიებით დაინტერესებაა.
იმისათვის, რომ STEM სკოლაში სწავლა საქართველოს მასშტაბით მცხოვრები, თითოეული მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, სასწავლო პროცესს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ.
ამასთან, განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად, მისაღებ გამოცდაზე საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს STEM სკოლაში სწავლას უფინანსებს. წელს ბანკის სტიპენდიატი 90 მოსწავლე გახდება, რომელთაგან 60 სრულ, 30 კი 50%-იან დაფინანსებას მიიღებს.
ამჟამად STEM სკოლაში 200 მოსწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიატია და მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
სხვა სიახლეები
DataArt მონაცემთა ინჟინერიის მრავალათასწლიან ისტორიას აცოცხლებს
16.03.2026.09:00
ტექნოლოგიური კომპანია DataArt-ის IT მუზეუმი ახალ მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც კაცობრიობის მიერ მონაცემთა დამუშავების ევოლუციას ეძღვნება. ონლაინ პლატფორმაზე retrospect.dataart.com განთავსებული რეტროსპექტივა დამთვალიერებელს სთავაზობს უნიკალურ მოგზაურობას ისტორიის სიღრმეებში, სადაც მონაცემთა ინჟინერიის საწყისები უძველეს ეპოქაშია საძიებელი. პროექტი ნათლად აჩვენებს, რომ ინფორმაციის მართვა და სისტემატიზაცია არა თანამედროვეობის მონაპოვარი, არამედ ათასწლეულების წინ დაწყებული პროცესია, რომელმაც კაცობრიობა დღევანდელ ციფრულ ეპოქამდე მოიყვანა.
ექსპოზიცია მრავალფეროვან წყაროებსა და ვიზუალურ მტკიცებულებებს ეყრდნობა, რომლებიც ასახავს ინფორმაციის აღრიცხვის გზას პირველივე ნიშნებიდან უახლეს ტექნოლოგიებამდე. კატალოგში წარმოდგენილია უძველესი სააღრიცხვო სისტემები, მათ შორის ლუდის მარაგების მართვის პირველი ცხრილები, იმპერიების მშენებლობისთვის საჭირო გადასახადის გადამხდელთა სიები და ვიკინგების სატვირთო ჩანაწერები. ეს ისტორიული ჯაჭვი ლოგიკურად გრძელდება პერფობარათების, Excel-ის ფორმებისა და თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის აგენტების განხილვით, რაც ადასტურებს, რომ მონაცემთა დამუშავების ხელოვნება მუდმივად იყო პროგრესისა და კულტურული განვითარების მამოძრავებელი ძალა.
პროექტის სტრუქტურა სამ ძირითად მიმართულებაზეა დაფუძნებული, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს, ინფორმაციას სხვადასხვა რაკურსით გაეცნოს. პირველი ნაწილი მონაცემთა მანიპულირებისა და შენახვის მეთოდებს იკვლევს, მეორე - ინფორმაციის ვიზუალური რეპრეზენტაციის ფორმებს, როგორიცაა სიმბოლოები და დიაგრამები, ხოლო მესამე მიმართულება იმ ხელსაწყოებზეა ფოკუსირებული, რომლებიც ადამიანსა და მონაცემებს შორის შუამავლის როლს ასრულებდნენ. DataArt-ის IT მუზეუმის ეს ინიციატივა კომპანიის ფუნდამენტურ ღირებულებას - „ადამიანი უპირველეს ყოვლისა“ - ეხმიანება და მიზნად ისახავს იმ პიონერი ინჟინრების ღვაწლის დაფასებას, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროს.
DataArt Georgia წარმოადგენს ICT Association of Georgia-ს წევრ კომპანიას.
ICT Association of Georgia წარმოადგენს დარგობრივ გაერთიანებას, რომლის უმთავრესი მისია ქვეყანაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის გაძლიერება და მისი ეროვნული ეკომონიკის საყრდენად ქცევაა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ინოვაციები და ტექნოლოგიური პროგრესი ქვეყნის მდგრადი განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცევა. სტრატეგიული პარტნიორობებისა და მიზანმიმართული ქმედებების საშუალებით, ასოციაცია ხელს უწყობს ICT სექტორს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებაში, რაც პირდაპირ აისახება საქართველოს მომავალ კეთილდღეობაზე.
ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის დაჩქარება. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ინოვაციური ეკოსისტემის სრულყოფაზე, რაც გულისხმობს როგორც ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიების მხარდაჭერას, ისე მათი ინტერესების დაცვას სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე. ასოციაცია ემსახურება მედიატორის როლს ბიზნესსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის, რათა შეიქმნას ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზა და საინვესტიციო გარემო ტექნოლოგიური წინსვლისთვის.