SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორი: ComCom-ის აქტიურმა და პროგრესულმა მიდგომამ შექმნა ხელსაყრელი გარემო ახალი თაობის ტექნოლოგიებისთვის
ილონ მასკის SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორმა, სტეფან ნელსონმა, ინტერნეტ მმართველობის გლობალურ ფორუმზე (IGF 2024) ComCom-ის ორგანიზებით გამართულ სესიაზე „რეგიონის გაძლიერება და მდგრადი ციფრული განვითარება“ განაცხადა, რომ საქართველოს რეგიონში აქვს სტრატეგიული ლოკაცია, იმისთვის, რომ ქვეყანა ბუნებრივი ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი იყოს ტრანსკასპიურ სავაჭრო მაგისტრალზე, რომელიც ორ კონტინენტს ერთმანეთთან აკავშირებს.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანა ბუნებრივ დამაკავშირებელ რგოლად იქცა გლობალურ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. მისი სტრატეგიული ლოკაციიდან გამომდინარე, საქართველო მთელი ისტორიის განმავლობაში ასრულებდა რეგიონებს შორის გამტარის როლს, დღეს კი მისი გეოგრაფიული უპირატესობა ახალ მნიშვნელობას იძენს.“ - აღნიშნა სტეფან ნელსონმა.
SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორის განცხადებით, როდესაც საუბარია საქართველოს სტრატეგიულ პოზიციაზე, აუცილებელია აღინიშნოს კომუნიკაციების კომისიის ნოვატორული როლი, როგორც ტელეკომუნიკაციების პირველი მარეგულირებელი ორგანოსი კავკასიის რეგიონში, რომელმაც Starlink-ის ლიცენზირება მოახდინა. ლიცენზირების შედეგად კი, Starlink-მა საქართველოში მოახერხა ციფრულ სერვისებზე წვდომის თვალსაზრისით არსებული გეოგრაფიული დაბრკოლებების აღმოფხვრა.
„ComCom-ის აქტიურმა და პროგრესულმა მიდგომამ შექმნა ხელსაყრელი გარემო ისეთი ახალი თაობის ტექნოლოგიებისთვის, როგორიცაა Starlink და ამით მთელი ქვეყნის მასშტაბით მისცა მოსახლეობას წვდომა მაღალი სიჩქარის და დაბალი დაყოვნების ინტერნეტ-კავშირზე. ახლა კი გაგიზიარებთ იმის მაგალითებს, თუ როგორ ხდება ComCom-ის მარეგულირებელი ხედვისა და Starlink-ის ტექნოლოგიების ერთობლიობით საქართველოში ციფრული დერეფნების შექმნა. მაღალმთიან სოფლებში, როგორებსაც მაგალითად სვანეთსა და თუშეთში ვხვდებით, სადაც ტრადიციული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ნაკლებობით ხალხმა ათწლეულების მანძილზე იზარალა, დღეს Starlink-ის მეშვეობით უკვე ხელმისაწვდომია 100-200 მბ/წმ სიჩქარის, 20 მილი წამამდე დაყოვნების ინტერნეტი,“ - განაცხადა SpaceX-ის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ მომავალი წლიდან Starlink-ს საქართველოში ახალი ბიზნეს მოდელების შექმნის გეგმები აქვს.
„მომავალში კიდევ უფრო ბევრი სიახლეა მოსალოდნელი, სპექტრის უფრო ეფექტურად გამოყენებიდან დაწყებული, 1 გბ/წმ-მდე სიჩქარის და დაბალი დაყოვნების ინტერნეტის მიწოდებით დამთავრებული. საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობის, სტრატეგიული ლოკაციის, ComCom-ის ინოვაციური და მოქნილი მიდგომის და Starlink-ის მოწინავე ტექნოლოგიის შერწყმა ქმნის ძლიერ საფუძველს მდგრადი განვითარებისთვის. მაღალი სიჩქარის და დაბალი დაყოვნების ინტერნეტ-კავშირის უზრუნველყოფა საქართველოს ნებისმიერ წერტილში ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რაც რეგიონში ციფრულ განვითარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.“- აღნიშნა SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორმა.
სესიაზე სტეფან ნელსონმა განმარტა ისიც, თუ რა მნიშვნელობა აქვს ციფრულ დერეფნებს და როგორ უწყობენ ისინი ხელს ინოვაციების განვითარებას: „აღნიშნული დერეფნები თანამედროვე აბრეშუმის გზების ფუნქციას ასრულებენ. ისინი უზრუნველყოფენ მყისიერ კომუნიკაციას, ხელს უწყობენ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას, ასევე ახდენენ გლობალური ცოდნისა და ბაზრებზე წვდომის დემოკრატიზაციას. მაგალითისთვის ავიღოთ მაღალმთიანი სოფელი უშგული - ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლება. ტრადიციულად, აქ მცხოვრები საზოგადოება ციფრულად იზოლირებული იყო და მას შეზღუდული წვდომა გააჩნდა ონლაინ განათლებაზე, ტელემედიცინასა თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესმენი ხართ, რომელიც ამზადებს პრეზენტაციას; სტუდენტი, რომელიც დისტანციურად ერთვება გაკვეთილზე; თუ უბრალოდ მამა, რომელმაც შვილები უნდა გაართოს ხანგრძლივი ფრენის დროს - Starlink-ის მეშვეობით თქვენ შეინარჩუნებთ კავშირს და სწრაფად გაიყვანთ დროს.“ - განმარტა სტეფან ნელსონმა.
მისივე მტკიცებით, აღნიშნული შესაძლებლობები არ წარმოადგენს სამომავლო მისწრაფებებს. Starlink-ის მომხმარებლებისთვის ისინი დღეს უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოს არაერთ ბაზარზე. ComCom-თან მჭიდრო თანამშრომლობით კი ამ ტექნოლოგიების შემოტანა 2025 წელს საქართველოშიც იგეგმება.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.10:21
თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).
ეროვნული AI ოლიმპიადის პირველ ტური 27 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობა IX-XII კლასის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მთელი საქართველოდან, მეორე ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე გადავა.
მეორე, ფინალური ტურის შედეგების მიხედვით კი, რომელიც მაისის ბოლოს ჩატარდება, ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება. 4-წევრიანი ნაკრები 2-9 აგვისტოს პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი.
ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამასთან, მონაწილეებს აძლევს შანსს, დაამყარონ ახალი კავშირები დარგის წამყვან პროფესიონალებთან საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ თიბისის მხარდაჭერით შექმნა. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.
თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.