Skillwill-ის კოლეჯი ბათუმში - სტუდენტების მიღება 2025 წელს სექტემბერში დაიწყება
საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება ახალ ეტაპზე გადადის. ბათუმში იხსნება Skillwill-ის კოლეჯი, რომელიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, სრულიად უფასოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით, შეისწავლონ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესია - Front-end დეველოპმენტი.
Front-end დეველოპერი ქმნის იმ ციფრულ გარემოს, რომელსაც საბოლოო მომხმარებელი ვებგვერდზე ან აპლიკაციაში იყენებს. ეს პროფესია აერთიანებს როგორც პროგრამულ, ისე ვიზუალურ კომპონენტებზე მუშაობას, რაც დეველოპერს შესაძლებლობას აძლევს, შექმნას მომხმარებელზე მორგებული, ინტუიციური და ფუნქციურად გამართული ციფრული პროდუქტები. ციფრულ ეპოქაში, როდესაც კომპანიების უმრავლესობა ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გზას ადგას, Front-end დეველოპერებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. შესაბამისად, ამ პროფესიას აქვს როგორც დასაქმების დიდი პოტენციალი, ისე კარიერული განვითარებისა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის რეალური შესაძლებლობა.
Skillwill-ის ბათუმის კოლეჯის მრავალფუნქციური სივრცე, პეტრე ბაგრატიონის ქუჩა N129-ში მდებარეობს და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აუდიტორიებით, საკონფერენციო სივრცეებით, მოსასვენებელი ზონებითა და კაფეტერიით. აქ დაგხვდებათ გარემო, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტის სრულფასოვან საგანმანათლებლო და პროფესიულ განვითარებას.
2025-2026 სასწავლო წელს კოლეჯში ამოქმედდება Front-End დეველოპმენტის 11-თვიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს იმ პროფესიონალების მომზადებას, რომლებსაც ექნებათ ციფრული ტექნოლოგიების უახლეს ტენდენციებზე დაფუძნებული თეორიული ცოდნა და შესაბამისი პრაქტიკული უნარები. ერთი მხრივ, ეს ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, წარმატებით დაიწყონ კარიერა შრომის ბაზარზე, როგორც საქართველოში ასევე იმუშაონ დისტანციურად მსოფლიოს მასშტაბით - მეორე მხრივ კი, დამსაქმებლებს დაეხმარება კვალიფიციური კადრების დეფიციტის შემცირებაში.
სწავლება კოლეჯში ჰიბრიდული ფორმატით წარიმართება და მოიცავს როგორც სააუდიტორიო სემინარებს, ასევე ონლაინ გაკვეთილებს. სტუდენტებს უფასოდ ექნებათ წვდომა კოლეჯის ყველა რესურსზე. პროგრამას კი უხელმძღვანელებენ ტექნოლოგიურ სექტორში გამოცდილი პრაქტიკოსი ლექტორები, რაც საგანმანათლებლო პროცესს კიდევ უფრო მოარგებს რეალური სამუშაო გარემოს მოთხოვნებს.
გიორგი მარიამიძე, Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი:

„თანამედროვე შრომით ბაზარზე უმაღლესი განათლება აღარ არის საჭირო. მთავარი ფასეულობა პრაქტიკული ცოდნა, ტექნოლოგიური კომპეტენციები და სამუშაო გამოცდილებაა. სწორედ ამ რეალობას პასუხობს Skillwill-ის მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ პროფესიის სწავლებას, არამედ სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერისთვის საჭირო უნარების სრულფასოვან გადაცემას. ჩვენ ვქმნით საგანმანათლებლო გარემოს, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ჰიბრიდულ სწავლებას, ინდუსტრიაში დასაქმებულ ლექტორებსა და პირდაპირ კავშირს დამსაქმებლებთან. ბათუმის კოლეჯის გახსნა ამ ხედვის ლოგიკური გაგრძელებაა - ქალაქში, რომელსაც მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით. გვჯერა, რომ ჩვენი კოლეჯი რეგიონის ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთ ცენტრალურ კერად იქცევა და ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას, ისე ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში“.
კონსტანტინე შუბითიძე, Skillwill-ის აკადემიური დირექტორი:

„ახალი ტექნოლოგიების განვითარებამ საგანმანათლებლო სივრცის წინაშე ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები გააჩინა. თანამედროვე პროფესიული განათლება აღარ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით. ის უნდა ეყრდნობოდეს პრაქტიკას, აქტუალობასა და უშუალო კავშირს რეალურ შრომით ბაზართან. სწორედ ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობთ Skillwill-ში, მათ შორის, ბათუმის ახალ კოლეჯში, სადაც სტუდენტები მიიღებენ არა მხოლოდ მაღალხარისხიან ტექნოლოგიურ განათლებას, არამედ მათ შევუქმნით პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ სრულფასოვან გარემოს. ჩვენი მიზანია, მოვამზადოთ დეველოპერები, რომლებიც თავისუფლად ინტეგრირდებიან ადგილობრივ და საერთაშორისო ტექნოლოგიურ სექტორში. დარწმუნებული ვართ, რომ ბათუმის კოლეჯი ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“.
Skillwill-ი 2018 წლიდან დღემდე 8000-ზე მეტ სტუდენტს დაეხმარა ტექნოლოგიური პროფესიის დაუფლებასა და დასაქმებაში. კურსდამთავრებულები უკვე წარმატებით მუშაობენ ისეთ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში, როგორებიცაა: ეროვნული ბანკი, Amazon , კრედო ბანკი, საქართველოს ბანკში, თიბისი ბანკი, მეიქინგ საიენს სვიფტი, არქი, ლინეატი და სხვა.
Skillwill-ის კოლეჯი ბათუმში არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება - ეს არის სივრცე, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიური განათლება ერწყმის კარიერულ განვითარებას და სადაც თითოეულ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ციფრული ეპოქის კონკურენტუნარიანი პროფესიონალი.
რეგისტრაცია 2025 წლის სექტემბერში დაიწყება, ხოლო სწავლა - ნოემბერში.
დეტალური ინფორმაციისთვის და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს:
https://forms.gle/uMvnVY6duvAW8NMq5
სხვა სიახლეები
საერთაშორისო აქსელერატორების შემოსვლა ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო ინოვაციური ეკოსისტემის რუკაზე ღირსეულ ადგილს იკავებს - ავთანდილ კასრაძე
12.02.2026.20:34
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“ განმახორციელებელ საერთაშორისო აქსელერატორების წარმომადგენლებსა და სტარტაპებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე შეხვდნენ. ამ ეტაპზე Radio City- ში სტარტაპებისთვის აქსელერაციის პროგრამის პირველი ორთვიანი ფაზა მიმდინარეობს, რომელსაც Startupbootcamp და Plug and Play ახორციელებს. მიმდინარე წლის ივლისიდან კი მათ 500 Global და Founder Institute შეურთდება.
როგორც ავთანდილ კასრაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მსოფლიო დონის საერთაშორისო აქსელერატორებმა ქართული სტარტაპებისთვის გადამზადების პროგრამა უკვე დაიწყო და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი დაეხმარება ქართულ სტარტაპებს, ძალიან სწრაფად უზრუნველყონ ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე გატანა.
„საერთაშორისო აქსელერატორების შემოსვლა ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო ინოვაციური ეკოსისტემის რუკაზე ღირსეულ ადგილს იკავებს, გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას თითოეული სტარტაპისთვის აქვს ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რითაც თითოეული ქართული სტარტაპი მინიმუმ სამი წელი ნულპროცენტიანი საგადასახადო რეჟიმით ისარგებლებს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, დამატებით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ტექნოლოგიური სიკეთეების საქართველოს მოქალაქეებამდე მაქსიმალურად მიტანას, იმისთვის რომ ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება ვუზრუნველყოთ.“ - განაცხადა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ
„ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა” ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმია, რომელიც დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში. პროგრამა ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას და შეიტანს წვლილს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კომპანიების კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებაში. “ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში” სულ ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი - Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute - მონაწილეობს.