საქართველოში 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მერვე ნაკადის Demo Day გაიმართა
500 Global-მა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, 500 Global in Eurasia-ს ინტენსიური გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გამართა.
ეს არის შესაძლებლობა სტარტაპებისთვის, საკუთარი იდეები ფართო აუდიტორიას გააცნონ, დაამყარონ ღირებული კავშირები, რომელიც მათ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებას დაეხმარება.
500 Global in Eurasia 12-კვირიანი, სტარტაპების გადამზადების ინტენსიური პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გამოიმუშავებენ ყველა იმ საჭირო უნარს და იძენენ იმ ინსტრუმენტებს, რომელიც მათ სწრაფ ზრდაში დაეხმარება. პროგრამაში მონაწილეობა უკვე მიიღო აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის 80-ზე მეტმა სტარტაპმა. წელს კი 5 ქვეყნის 6 სტარტაპი გადამზადდა.
Demo Day-ს ფარგლებში, აუდიტორიას საკუთარი ბიზნეს იდეები შემდეგმა სტარტაპებმა გააცნეს:
Cuid - ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციას და დაცვის სისტემის ხელმისაწვდომობის ზრდას ბიზნესებისთვის და კერძო მესაკუთრეებისთვის.
Evolve - ამარტივებს ბიზნესისთვის გადამზადების პროცესს. მისი დახმარებით, ბიზნესს საშუალება ეძლევა, სულ რაღაც 24 საათში ყოვლისმომცველი კურსები და ტრენინგები შექმნას.
Aspis - შეიქმნა DeFAI Powerhouse AI-Agent-ებით ვაჭრობისთვის. Aspis-ი არის ჩატზე დაფუძნებული ასისტენტი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ციფრული აქტივების პორტფელის მართვაში, გადაწყვეტილებების მიღებისას ემოციური ფაქტორის გამორიცხვით. თქვენ უბრალოდ უგზავნით მას დავალებას ინგლისურად, პასუხს კი იღებთ მომენტალურად.
Quissly - ჩატზე დაფუძნებული პროდუქტების საძიებო სისტემაა, რომელიც ონლაინ მოვაჭრეებს ეხმარება, შექმნან მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება და ხელი შეუწყონ გაყიდვების ზრდას.
Aino - prompt-ზე დაფუძნებული მდებარეობის დაზვერვის პლატფორმა, რომელიც გეო-მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მეშვეობით ეხმარება მონაცემთა ანალიტიკოსებს, არქიტექტორებს, ურბანულ დამგეგმარებლებს და სხვა დარგის წარმომადგენლებს, იმუშაონ სივრცით მონაცემებზე გლობალურად, სპეციფიკური GIS უნარების გარეშე.
Faqtor - იყიდე ახლა, გადაიხადე მერე – გადაწყვეტა ბიზნესისთვის. პლატფორმა კომპანიებს სთავაზობს სესხს იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. დამტკიცების პროცესის დასაჩქარებლად, Faqtor იყენებს AI-ზე დაფუძნებულ სისტემას, რომელიც სესხის დამუშავების დროს კვირებიდან რამდენიმე დღემდე ამცირებს.
ინფორმაციისთვის, 500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2 900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან, 150+ წევრს აერთიანებს, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
სხვა სიახლეები
საერთაშორისო აქსელერატორების შემოსვლა ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო ინოვაციური ეკოსისტემის რუკაზე ღირსეულ ადგილს იკავებს - ავთანდილ კასრაძე
12.02.2026.20:34
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“ განმახორციელებელ საერთაშორისო აქსელერატორების წარმომადგენლებსა და სტარტაპებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე შეხვდნენ. ამ ეტაპზე Radio City- ში სტარტაპებისთვის აქსელერაციის პროგრამის პირველი ორთვიანი ფაზა მიმდინარეობს, რომელსაც Startupbootcamp და Plug and Play ახორციელებს. მიმდინარე წლის ივლისიდან კი მათ 500 Global და Founder Institute შეურთდება.
როგორც ავთანდილ კასრაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მსოფლიო დონის საერთაშორისო აქსელერატორებმა ქართული სტარტაპებისთვის გადამზადების პროგრამა უკვე დაიწყო და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი დაეხმარება ქართულ სტარტაპებს, ძალიან სწრაფად უზრუნველყონ ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე გატანა.
„საერთაშორისო აქსელერატორების შემოსვლა ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო ინოვაციური ეკოსისტემის რუკაზე ღირსეულ ადგილს იკავებს, გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას თითოეული სტარტაპისთვის აქვს ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რითაც თითოეული ქართული სტარტაპი მინიმუმ სამი წელი ნულპროცენტიანი საგადასახადო რეჟიმით ისარგებლებს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, დამატებით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ტექნოლოგიური სიკეთეების საქართველოს მოქალაქეებამდე მაქსიმალურად მიტანას, იმისთვის რომ ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება ვუზრუნველყოთ.“ - განაცხადა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ
„ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა” ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმია, რომელიც დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში. პროგრამა ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას და შეიტანს წვლილს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კომპანიების კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებაში. “ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში” სულ ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი - Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute - მონაწილეობს.