საქართველოს IT სექტორის ბრუნვა ბოლო 4 წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა - ირაკლი ნადარეიშვილი
საქართველოს ეკონომიკაში IT სექტორის ბრუნვა ბოლო 4 წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა, 2024 წლის მდგომარეობით კი, მისმა წილმა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში 5%-ი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 5-ჯერ მეტია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური სექტორის განვითარება, მათ შორის IT მიმართულებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„როგორც ბოლო მონაცემები აჩვენებს, IT სექტორი ბოლო წლების განმავლობაში თითქმის ყველა მიმართულებით ჯერადად გაიზარდა. მათ შორის, გაზრდილია IT მიმართულებით დასაქმებულთა რაოდენობა - ეს მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით გაოთხმაგდა. ამასთან, IT სექტორში დასაქმებულთა შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 3 -ჯერ აღემატება. რაც შეეხება IT მიმართულებით გაწეული მომსახურების წილს მთლიანი ექსპორტის მოცულობაში, 2023 წლის მდგომარეობით, ის 7%-ს გაუტოლდა, რაც 2020 წელთან შედარებით 3-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო ექსპორტის მოცულობა 2020 წელთან შედარებით 8 -ჯერ გაიზარდა. ყველა პარამეტრი იმაზე მეტყველებს, რომ ის პოლიტიკა და ინიციატივები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ IT ეკოსისტემის გასაძლიერებლად გაატარა, ძალიან ეფექტურად მუშაობს", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის წარმატებულ ინიციატივებზე, რომლებმაც IT - სექტორის სტატისტიკის გაუმჯობესება გამოიწვია. მისი თქმით, მნიშვნელოვნად განვითარდა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემაც და ქართული სტარტაპების მიერ შექმნილმა ჯამურმა ეკონომიკურმა სარგებელმა 700 მლნ ლარს გადააჭარბა.
მინისტრის მოადგილემ ასევე გამოყო „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა", რომლის ფარგლებში შერჩეული საერთაშორისო აქსელერატორები ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში დაეხმარებიან.
ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება დარგის მხარდაჭერის ბოლო სამთავრობო ინიციატივებზე, მათ შორის, ინოვაციური სტარტაპის სპეციალური სტატუსის ამოქმედებაზე, რომელიც 3 წლის განმავლობაში შესაბამისი პროფილის სტარტაპებს ნულოვან საგადასახადო შეღავათებს ანიჭებს, აგრეთვე ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე უცხოელი IT სპეციალისტებისთვის სპეციალური ბინადრობის პირობების შემოღებაზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარტში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 9.8%-ით გაიზარდა და $320.6 მლნ შეადგინა - სებ
სხვა სიახლეები
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის (GITA) მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია
14.04.2026.17:46
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აზერ ბაირამოვთან და ინოვაციებისა და ციფრული განვითარების სააგენტოს (IDDA) თავმჯდომარის მოადგილე სალარ იმამალიევთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ეკოსისტემების მიმართულებით. მათ შორის, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის, GITA-სა და IDDA-ს კოორდინაციით, უწყებათაშორისი სამუშაო ფორმატის ამოქმედებაზე, რომელზეც მხარეები ერთობლივ პროექტებს განიხილავენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის ინოვაციების ცენტრის რეზიდენტ კომპანიებთანაც. ქართულმა მხარემ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მოქმედი მოქნილი საგადასახადო მექანიზმებისა და იმ ინიციატივების შესახებ, რომლებსაც ქვეყანა ტექნოლოგიურ კომპანიებს სთავაზობს.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოში, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოში, ხელოვნური ინტელექტის ეროვნულ ცენტრში, ASAN-ის ინოვაციების ჰაბში და სხვა საჯარო უწყებებში.