საქართველო ნელ-ნელა ჩნდება რუკაზე როგორც ტექნოლოგიის მომსახურებისა და მაღალი კვალიფიკაციის კადრების მიმწოდებელი ქვეყანა - თორნიკე სულაბერიძე
საქართველოს ტექნოლოგიური სექტორის ზრდა მხოლოდ უცხოელი მიგრანტების ფაქტორით არ აიხსნება - ინდუსტრიის გაფართოება სულ უფრო მეტად ადგილობრივ ტალანტებსა და პროფესიონალებზეა დაფუძნებული. ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემაში Business Insider Georgia სტუმრობისას, ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო კომპანიებმა საქართველოში მაღალი კვალიფიკაციის კადრები აღმოაჩინეს, რაც მათი ოფისების გაფართოებასა და ადგილობრივი თანამშრომლების დასაქმებას განაპირობებს. მისი შეფასებით, ეს ტენდენცია საქართველოს პოზიციონირებას აძლიერებს როგორც ტექნოლოგიური მომსახურებისა და ნიშური, მაღალკვალიფიციური ტალანტების მიმწოდებელი ქვეყნისა, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, როცა დაბალკვალიფიციური შრომის მოთხოვნა მცირდება, ხოლო მაღალკვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა იზრდება.
„სექტორის ზრდა არ არის მხოლოდ განპირობებული უცხოელი მიგრანტების კუთხით. ეს ზრდა უკვე განპირობებულია ადგილობრივი რესურსებით, ადგილობრივი ტალანტებით, რადგან კომპანიები საქართველოში შემოსვლის შემდეგ ნახეს, რომ აქ არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკმაოდ მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, და დაიწყეს მათი დასაქმება, რამაც ოფისების გაფართოებაც განაპირობა.
ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო კუთხით ამას აქვს ორმაგი ეფექტი. აქვს პირდაპირი ეფექტი ტექნოლოგიებში - ეს ადამიანები მუშაობენ ტექნოლოგიებში და საქართველო ნელ-ნელა ჩნდება რუკაზე როგორც ტექნოლოგიის მომსახურებისა და მაღალი კვალიფიკაციის კადრების მიმწოდებელი ქვეყანა. ამას ასევე აქვს ირიბი ეფექტი, რადგან ეს ადამიანები პროექტებს ქმნიან საერთაშორისო კომპანიებისთვის. საქართველოს ცნობადობა იზრდება, რადგან ისინი სხვადასხვა ინდუსტრიებს ემსახურებიან. ბევრ კომპანიას ჩამოჰყავს თავისი კლიენტები, რომლებიც ადგილზე ეცნობიან ქვეყანას არა მხოლოდ ტექნოლოგიური კუთხით, არამედ სტუმარმასპინძლობის, ღვინის და სხვა მიმართულებით. ამას აქვს გადამდები ეფექტი, რომელიც სხვა სექტორებზეც ვრცელდება.
რა პოტენციალი გაგვაჩნია? ჩვენ, როგორც სექტორი და ამ ინდუსტრიის წარმომადგენლები, ვერასოდეს ვერ ვიქნებით ტალანტების მასიური მიმწოდებელი, მაგალითად, როგორც არის ინდოეთი.
ჩვენ ვაპოზიციონირებთ ჩვენს თავს, როგორც მაღალი კვალიფიკაციის მქონე, ნიშური, ტალანტების მიმწოდებელი ქვეყანა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, რადგან ხელოვნური ინტელექტი ნელ-ნელა ანაცვლებს დაბალკვალიფიციურ მუშახელს, თუმცა მაღალკვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდება, და ამ მიმართულებით უნდა გავზარდოთ ჩვენი პოტენციური შესაძლებლობები“, - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის (GITA) მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია
14.04.2026.17:46
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აზერ ბაირამოვთან და ინოვაციებისა და ციფრული განვითარების სააგენტოს (IDDA) თავმჯდომარის მოადგილე სალარ იმამალიევთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ეკოსისტემების მიმართულებით. მათ შორის, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის, GITA-სა და IDDA-ს კოორდინაციით, უწყებათაშორისი სამუშაო ფორმატის ამოქმედებაზე, რომელზეც მხარეები ერთობლივ პროექტებს განიხილავენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის ინოვაციების ცენტრის რეზიდენტ კომპანიებთანაც. ქართულმა მხარემ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მოქმედი მოქნილი საგადასახადო მექანიზმებისა და იმ ინიციატივების შესახებ, რომლებსაც ქვეყანა ტექნოლოგიურ კომპანიებს სთავაზობს.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოში, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოში, ხელოვნური ინტელექტის ეროვნულ ცენტრში, ASAN-ის ინოვაციების ჰაბში და სხვა საჯარო უწყებებში.