სან ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბის ამოქმედება ჩვენი ქვეყნის და სტარტაპ ეკოსისტემისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია - ვაკო თურნავა
ძალიან კარგია, რომ ბევრ ქართველს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი სტარტაპ კომპანა წარმოაჩინოს სან-ფრანცისკოში, - ამის შესახებ დეპუტატმა ვაკო თურნავამ საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბის დაგეგმილ გახსნასთან დაკავშირებით Business Insider Georgia-სთან საუბრისას განაცხადა. დეპუტატის თქმით, სან-ფრანცისკო არის ერთგვარი ტექნოლოგიური მექა, სადაც იკრიბებიან მსოფლიოს საუკეთესო ტვინები.
„პირველ რიგში სან ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ამოქმედდება არის მისასალმებელი. ძალიან კარგია იმიტომ, რომ ბევრ ქართველს ექნება შესაძლებლობა, რომ თავიანთი სტარტაპ კომპანიები სან-ფრანცისკოში წარმოაჩინონ. სან-ფრანცისკო არის ერთგვარი ტექნოლოგიური მექა, სადაც იკრიბებიან მსოფლიოს საუკეთესო ტვინები ყველა მიმართულებით და ასევე, ინვესტორებიც. ეს ინვესტორები ეძებენ საუკეთესო სტარტაპებს, რომელიც თეორიულად გახდება უნიკორნი. ამისათვის, ყოველწლიურად ჩააქვთ რამდენიმე ასობით მილიონი დოლარი და ხარჯავენ იმ მიზნით, რომ თუ ერთმაც გაამართლა, ეს უკვე ნიშნავს რომ რამდენიმე უნიკორნს შექმნიან, ანუ მილიარდიან კომპანიას გააკეთებენ.
ჩვენი ქვეყნისთვის, ეს სიახლე არის მნიშვნელოვანი, რაც შეუწყობს ხელს ჩვენი სტარტაპერების წარმოჩენას და შექმნის შესაძლებლობას, რომ ჩვენი სტარტაპები უფრო მეტად განვითარდნენ და მოიზიდონ უცხოური კაპიტალი და ცოდნა. მე ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, ვყოფილვარ იქ და ძალიან საინტერესოა. ამავდროულად ძალიან რთულია. ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სტარტაპ ეკოსისტემისთვის ეს არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი“, - აღნიშნა ვაკო თურნავამ.
დეპუტატის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნა საერთაშორისო რუკაზე.
აღსანიშნავია, რომ დღეს ცნობილი გახდა, აშშ-ში, ქალაქ სან ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომლის მეშვეობით ქართული სტარტაპ კომპანიები უფრო მარტივად შეძლებენ უცხოეთის ბაზრებზე გასვლასა და საერთაშორისო ინვესტორებთან წვდომას გლობალური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში, ე.წ. სილიკონ ველიზე. ტექნოლოგიური ჰაბის მეშვეობით შესაძლებელი იქნება საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემით გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების, უცხოური ვენჩურული ფონდებისა და ენჯელ - ინვესტორთა ქსელების დაინტერესება და ქვეყანაში შესაბამისი ინვესტიციების მოზიდვა.
ტექნოლოგიური ჰაბი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით გახსნის, სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ამოქმედდება. საკონსულო სან ფრანცისკოში 2020 წლიდან ფუნქციონირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში - სილიკონ ველიზე საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის წარმოჩენასა და ქართული სტარტაპების საქმიანობის ხელშეწყობაში. ჰაბის მეშვეობით საქართველო შეძლებს საერთაშორისო არენაზე უკეთ მოახდინოს განვითარებული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის მქონე ქვეყნის პოზიციონირება. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება რეგიონში, რომელიც სილიკონის ველზე ტექნოლოგიურ ჰაბს გახსნის.
ტექნოლოგიური ჰაბის საქმიანობა მიმართული იქნება ქართული სტარტაპების “ნეთვორქინგის” გაძლიერებაზე პოტენციურ ინვესტორებთან და სხვა ტექნოლოგიურ სტარტაპებთან, რაც გულისხმობს დემო დღეებს საერთაშორისო ინვესტორებისთვის, B2B შეხვედრებს პოტენციურ პარტნიორებთან, კლიენტებთან და ინვესტორებთან და პრეზენტაციებს საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის შესახებ. გარდა ამისა, ასევე მოხდება ქართული სტარტაპების მხარდაჭერა ბიზნესის მიმართულებით, რაც გულისხმობს იურიდიულ და ბიზნეს კონსულტაციებს აშშ ბაზარზე შესვლისთვის, ოფისის სივრცით სარგებლობას ქართული სტარტაპებისთვის და ბიზნეს კონტაქტების ბაზის შექმნას და გაზიარებას.
სან ფრანცისკოში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდება. შედეგად, ორი სამთავრობო უწყება გააძლიერებს თანამშრომლობას საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების და ინვესტიციებისა და ინოვაციების ხელშემწყობი ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ დღეის მონაცემებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში 279 სტარტაპია დაფინანსებული, რომელთა შორის ახალგაზრდების წილი 43 პროცენტია. მათი საქმიანობის შედეგად შეიქმნა 4000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. დაფინანსებულმა სტარტაპებმა 545 მილიონი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე საგრანტო პროგრამებით სტარტაპებისთვის გაცემული თანხა 43.5 მილიონ ლარს შეადგენს.
სხვა სიახლეები
DataArt მონაცემთა ინჟინერიის მრავალათასწლიან ისტორიას აცოცხლებს
16.03.2026.09:00
ტექნოლოგიური კომპანია DataArt-ის IT მუზეუმი ახალ მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც კაცობრიობის მიერ მონაცემთა დამუშავების ევოლუციას ეძღვნება. ონლაინ პლატფორმაზე retrospect.dataart.com განთავსებული რეტროსპექტივა დამთვალიერებელს სთავაზობს უნიკალურ მოგზაურობას ისტორიის სიღრმეებში, სადაც მონაცემთა ინჟინერიის საწყისები უძველეს ეპოქაშია საძიებელი. პროექტი ნათლად აჩვენებს, რომ ინფორმაციის მართვა და სისტემატიზაცია არა თანამედროვეობის მონაპოვარი, არამედ ათასწლეულების წინ დაწყებული პროცესია, რომელმაც კაცობრიობა დღევანდელ ციფრულ ეპოქამდე მოიყვანა.
ექსპოზიცია მრავალფეროვან წყაროებსა და ვიზუალურ მტკიცებულებებს ეყრდნობა, რომლებიც ასახავს ინფორმაციის აღრიცხვის გზას პირველივე ნიშნებიდან უახლეს ტექნოლოგიებამდე. კატალოგში წარმოდგენილია უძველესი სააღრიცხვო სისტემები, მათ შორის ლუდის მარაგების მართვის პირველი ცხრილები, იმპერიების მშენებლობისთვის საჭირო გადასახადის გადამხდელთა სიები და ვიკინგების სატვირთო ჩანაწერები. ეს ისტორიული ჯაჭვი ლოგიკურად გრძელდება პერფობარათების, Excel-ის ფორმებისა და თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის აგენტების განხილვით, რაც ადასტურებს, რომ მონაცემთა დამუშავების ხელოვნება მუდმივად იყო პროგრესისა და კულტურული განვითარების მამოძრავებელი ძალა.
პროექტის სტრუქტურა სამ ძირითად მიმართულებაზეა დაფუძნებული, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს, ინფორმაციას სხვადასხვა რაკურსით გაეცნოს. პირველი ნაწილი მონაცემთა მანიპულირებისა და შენახვის მეთოდებს იკვლევს, მეორე - ინფორმაციის ვიზუალური რეპრეზენტაციის ფორმებს, როგორიცაა სიმბოლოები და დიაგრამები, ხოლო მესამე მიმართულება იმ ხელსაწყოებზეა ფოკუსირებული, რომლებიც ადამიანსა და მონაცემებს შორის შუამავლის როლს ასრულებდნენ. DataArt-ის IT მუზეუმის ეს ინიციატივა კომპანიის ფუნდამენტურ ღირებულებას - „ადამიანი უპირველეს ყოვლისა“ - ეხმიანება და მიზნად ისახავს იმ პიონერი ინჟინრების ღვაწლის დაფასებას, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროს.
DataArt Georgia წარმოადგენს ICT Association of Georgia-ს წევრ კომპანიას.
ICT Association of Georgia წარმოადგენს დარგობრივ გაერთიანებას, რომლის უმთავრესი მისია ქვეყანაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის გაძლიერება და მისი ეროვნული ეკომონიკის საყრდენად ქცევაა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ინოვაციები და ტექნოლოგიური პროგრესი ქვეყნის მდგრადი განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცევა. სტრატეგიული პარტნიორობებისა და მიზანმიმართული ქმედებების საშუალებით, ასოციაცია ხელს უწყობს ICT სექტორს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებაში, რაც პირდაპირ აისახება საქართველოს მომავალ კეთილდღეობაზე.
ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის დაჩქარება. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ინოვაციური ეკოსისტემის სრულყოფაზე, რაც გულისხმობს როგორც ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიების მხარდაჭერას, ისე მათი ინტერესების დაცვას სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე. ასოციაცია ემსახურება მედიატორის როლს ბიზნესსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის, რათა შეიქმნას ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზა და საინვესტიციო გარემო ტექნოლოგიური წინსვლისთვის.