საგადასახადო შეღავათები საინვესტიციო თვალსაზრისით საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ტექნოლოგიური სექტორის ინვესტორებისთვის - გიორგი მარიამიძე
ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. პირველი 3 წლის განმავლობაში მათზე ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს.
„ინოვაციების შესახებ “ და “საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დღეს მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დააანონსა.
თავად ბიზნესი ინიციატივას მიესალმება და მიაჩნია, რომ მსგავსი ტიპის შეღავათებით საქართველოს მიმზიდველობა კიდევ უფრო გაიზრდება და ქვეყანაში ინოვაციების განვითარებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები შეიქმნება.
„სქილვილის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარიამიძე Business Insider Georgia-სთან საუბრისას ამბობს, იმისათვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად გახდეს ტექნოლოგიური ცენტრი, ამისათვის მთელი ეკოსისტემის განვითარებაა საჭირო.
„სქილვილში“ მთავარი მიმართულება ტექნოლოგიური განათლებაა და ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტ ქართველს მივცეთ ტექნოლოგიური განათლება. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ გაჟღერებულ ინიციატივას საკმაოდ დადებითად ვაფასებ, რადგანაც ის ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტექნოლოგიური ცენტრის კიდევ უფრო განვითარებას. საერთაშორისო კომპანიებისთვის დაწესებულმა საგადასახადო შეღავათებმა თავისი გავლენა იქონია და ქვეყანაში რამდენიმე საერთაშორისო, საკმაოდ ცნობილი კომპანია შემოვიდა. ასევე განვითარდნენ ქართული კომპანიებიც და საკუთარ მომსახურებას უკვე საზღვარგარეთ კლიენტებს აწვდიან. იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ტექნოლოგიური ცენტრი მნიშვნელოვანია, რომ მთელი ეკოსისტემა განვითარდეს, აქ საუბარია IT კომპანიებზე, IT განათლებაზე, ინოვაციებზე და სტარტაპებზე. სტარტაპები ტექნოლოგიური ეკოსისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. დაანონსებული ცვლილებები ხელს შეუწყობს და წაახალისებს სტარტაპების როგორც დაფუძნებას, ხოლო შემდგომ ამ სტარტაპების უფრო ფართოდ რეგიონში გავრცელებას“, - ამბობს გიორგი მარიამიძე.
„სქილვილის“ დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის თქმით, დღეს დაანონსებული შეღავათები ქვეყნისადმი ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის, რადგანაც საგადასახადო შეღავათებით ინვესტორისთვის და ტექსტარტაპერებისთვის საქართველოს არჩევა კიდევ უფრო გამარტივდება.
„როგორც მოგეხსენებათ, ტექნოლოგიური ბიზნესი ბევრად უფრო მარტივად მასშტაბირდება, ვიდრე ტრადიციული სექტორი. თუ ქარხნის ან საწარმოს გაფართოება დიდ რესურსებსა და დროს მოითხოვს, ტექნოლოგიურ კომპანიებს ეს ბევრად ეფექტურად და სწრაფად შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ასეთი პირობები საქართველოს საინვესტიციო თვალსაზრისით კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ტექნოლოგიური სექტორის ინვესტორებისთვის.
IT სერვისის ექსპორტის მიწოდებით ერთ სულ მოსახლეზე რეგიონში მნიშვნელოვნად ვუსწრებთ აზერბაიჯანს, ხოლო საქართველო და სომხეთი დაახლოებით თანაბარ მაჩვენებელზეა. ბოლო 5 წელიწადში IT სერვისების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზრდა მოხდა დაახლოებით 8-ჯერ. თუ ის 2019 წელს სადღაც 300 მლნ ლარს შეადგენდა, 2023 წელს იყო 2,4 მლრდ ლარი. შეღავათები კი ექსპორტის ზრდასაც გამოიწვევს“, - ამბობს „სქილვილის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული შეღავათები, მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ განსახილველად და დასამტკიცებლად უკვე საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნება.
მთავრობის მეთაურმა დღეს გამართულ სხდომაზე აღნიშნა, რომ ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების მიმართულების განვითარებას.
„ინოვაციები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ კუთხით საზოგადოებას ჩვენ ვთავაზობთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს, კერძოდ, ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში. აქედან პირველი სამი წლის განმავლობაში, ისინი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან ნული პროცენტით, ანუ ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს სტარტაპერებისთვის. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალი ინოვაციური სტარტაპების დაფუძნებას, ასევე საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, ინვესტიციების შემოდინებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი ქვეყნის ინოვაციურ ჰაბად გარდაქმნას, რაც არის ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ეს ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საგადასახადო მხარდამჭერი მექანიზმების შემოღებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც, რომლებიც ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნით არიან დაკავებული. მთლიანობაში ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების მიმართულების განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნეს გარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა - GITA-ს თავმჯდომარე
11.06.2026.13:30
საქართველო ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, დემოკრატიიდან, თავისუფლებებიდან გამომდინარე უცხოურ ტალანტებს იზიდავს, - ამის შესახებ შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GITA - ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ სან-ფრანცისკოში, ინოვაციების ჰაბის BRID.GE ოფიციალურ გახსნაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნეს გარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.
„მოგეხსენებათ, რომ სან-ფრანცისკო და, ზოგადად, სილიკონის ველი ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, იქ გენერალური საკონსულოთი ვართ წარმოდგენილი და, ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაინახა ამ საკონსულოს იმგვარი ტრანსფორმაციის მნიშვნელობა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას სწორედ ინოვაციების ხაზით დაეხმარება. გამომდინარე იქიდან, რომ სან-ფრანცისკოში აბსოლუტურად ყველა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე საუბრობს და ინვესტიციებიც ამ მიმართულებით მიდის, ასეთ პროექტებს ბევრად მეტი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ეკონომიკაზე.
მე მქონდა პირადი შესაძლებლობა, დამსწრე საზოგადოების წინაშე ქვეყნის ინოვაციების ეკოსისტემის პრეზენტაცია გამეკეთებინა, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ასეთმა პატარა ქვეყანამ ასეთ მოკლე დროში ასეთი მნიშვნელოვანი შედეგი უზრუნველყო. რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ წარმოგვედგინა ის უპირატესობები, რომლებიც საქართველოს მსოფლიო ინოვაციურ ეკოსისტემაში აქვს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციები. მოგეხსენებათ, რომ ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნესგარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა და ეს მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორია ტალანტი - საქართველოში ხელმისაწვდომი და, ასე ვთქვათ, ხარისხიანი კადრების არსებობა უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, დემოკრატიიდან და, ზოგადად, თავისუფლებებიდან გამომდინარე, უცხოურ ტალანტებსაც იზიდავს.
მოგეხსენებათ, 30 000-მდე უცხოელი IT სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაშია და ეს მნიშვნელოვანი სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ტექნოლოგიური მიმართულებით ნიჭიერ ადამიანებს იზიდავს და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ზრდის ახალ თაობასა და სტარტაპ ეკოსისტემას. ის შედეგები, რომლებიც სტარტაპ ეკოსისტემამ ბოლო რამდენიმე წელიწადში აჩვენა - როდესაც სახელმწიფოს მიერ ჩადებულ ყოველ ლარზე კერძო სექტორმა 17-ჯერ მეტი ინვესტიცია განახორციელა და მაღალტექნოლოგიურ ბიზნესში 4 000-ზე მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნა - კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო სწორედ ის ადგილია, საითკენაც ინვესტორებმა უნდა იყურონ. ჩემს გამოსვლაში უცხოელ ინვესტორებს სწორედ ეს ვუთხარი: ახლა არის დრო, შეხედოთ საქართველოს, რადგან საუკეთესო სტარტაპები სწორედ ახლა იქმნება თბილისში. თუ ისინი დააგვიანებენ, დაკარგავენ შესაძლებლობას, ინვესტიცია განახორციელონ მომავლის ახალ, ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებში. ამ სფეროშიც დიდია კონკურენცია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენს ეკოსისტემას კიდევ უფრო მეტი შედეგი ექნება“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.