მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგი ელექტრონული სისტემით განხორციელდება
ჯანდაცვის სამინისტრომ, ელექტრონული სისტემა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგი დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება. ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცვლილებით, მარეგულირებელი, ქვეყანაში არსებული წამლების მიმოქცევის, მარაგების, საბითუმო და საცალო სარეალიზაციო ფასების თაობაზე ინფორმაციას ელექტრონულად მიიღებს.
ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციაში ჩართული კომპანია, რომელსაც მარაგების აღრიცხვის საკუთარი ელექტრონული სისტემა (პროგრამა) გააჩნია, ჯანდაცვის სამინისტროს, ინფორმაციას საკუთარი ელექტრონული სერვისების საშუალებით გადასცემს.
ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორს, რომელსაც არ გააჩნია მარაგების აღრიცხვის საკუთარი სისტემა, ინფორმაცია შეაქვს უშუალოდ სამინისტროს მიერ შექმნილ ელექტრონულ სისტემაში. მომხმარებლის სახელი და პაროლი ორგანიზაციებს იმ ელ-ფოსტაზე დაეგზავნებათ, რომელიც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტაციაშია მითითებული.
ტრენინგის საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს, 22 თებერვლამდე მიმართოს, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – drugmonitor@ita.gov.ge. გადმოგზავნილ ინფორმაციაში უნდა მიუთითოს: ორგანიზაციის დასახელება, ობიექტის მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი და საკონტაქტო პირი.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მუშაობს ცხელი ხაზი – 032 2 510021 (შიდა ნომერი – 1616) და ელექტრონული ფოსტა: appsupport@ita.gov.ge
ელექტრონული სისტემა 2023 წლის 1-ელ მარტამდე საპილოტე რეჟიმში იმუშავებს. 1-ლი მარტიდან 15 მარტამდე, დამრღვევი დაწესებულება მხოლოდ გაფრთხილებას მიიღებს. 15 მარტიდან კი ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტის ხელმისაწვდომობის წესის დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას, განმეორების შემთხვევაში – სამართალდამრღვევი 5000 ლარით დაჯარიმდება.
jandacva.ge
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.10:21
თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).
ეროვნული AI ოლიმპიადის პირველ ტური 27 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობა IX-XII კლასის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მთელი საქართველოდან, მეორე ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე გადავა.
მეორე, ფინალური ტურის შედეგების მიხედვით კი, რომელიც მაისის ბოლოს ჩატარდება, ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება. 4-წევრიანი ნაკრები 2-9 აგვისტოს პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი.
ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამასთან, მონაწილეებს აძლევს შანსს, დაამყარონ ახალი კავშირები დარგის წამყვან პროფესიონალებთან საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ თიბისის მხარდაჭერით შექმნა. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.
თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.