ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების მიმართულების განვითარებას.
„ინოვაციები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ კუთხით საზოგადოებას ჩვენ ვთავაზობთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს, კერძოდ, ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში. აქედან პირველი სამი წლის განმავლობაში, ისინი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან ნული პროცენტით, ანუ ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს სტარტაპერებისთვის. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალი ინოვაციური სტარტაპების დაფუძნებას, ასევე საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, ინვესტიციების შემოდინებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი ქვეყნის ინოვაციურ ჰაბად გარდაქმნას, რაც არის ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ეს ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საგადასახადო მხარდამჭერი მექანიზმების შემოღებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც, რომლებიც ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნით არიან დაკავებული. მთლიანობაში ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების მიმართულების განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე Web Summit 2025-ზე მასშტაბური სივრცითა და StartUP in Georgia-ს ინიციატივით წარდგა
14.11.2025.15:30
საქართველო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე Web Summit 2025-ზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “აწარმოე საქართველოს” თანამშრომლობის ფარგლებში, მასშტაბური სივრცითა და “StartUP in Georgia”- ს ინიციატივით იყო წარმოდგენილი, რომლის მიზანია ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე, როგორც რეგიონული ჰაბის — სტარტაპების განვითარებისა და ინოვაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყნის.
აღნიშნული ინიციატივა აერთიანებს ყველა აქტივობას, პროგრამას, მხარდაჭერის მექანიზმსა თუ ღონისძიებას, რომელიც ქვეყნის ფარგლებში ტარდება ეკოსისტემის და ინოვაციების საზოგადოების განვითარების მიზნით. ასევე სამიტზე წარსდგნენ ქართული სტარტაპები:
• Klics – პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას შექმნან ინტერაქტიული და მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული გამოცდილებები.
• BetterStep – ციფრული პლატფორმა დამოკიდებულების აღდგენის მხარდასაჭერად. მოწყობილობაზე დაფუძნებული სერვისი უზრუნველყოფს უწყვეტ, 24/7 მხარდაჭერას.
• VS1 – DeFi ჰაბი, რომელიც ფუნქციონირებს XRP Ledger-ზე და აერთიანებს ფინანსურ ინსტრუმენტებსა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიას დეცენტრალიზებული ფინანსების ხელშესაწყობად.
• Backoffice – ქართულ ბაზარზე შექმნილი ციფრული სამუშაო სივრცე, რომელიც ეხმარება კომპანიებს ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციასა და სრულ გაციფრულებაში.
• Herio – პლიკაცია, რომელიც დროებითი და მოკლევადიანი სამუშაოების მაძიებელ ახალგაზრდებს აკავშირებს სტუმართმასპინძლობასა და ტექ. სფეროებში არსებულ ბიზნესებს.
• Tasteit – საკვებზე ორიენტირებული სოციალური ქსელი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს საერთო კულინარიული ინტერესების გარშემო.
Web Summit ყოველწლიურად აერთიანებს 70,000-ზე მეტ მონაწილეს, ასობით სტარტაპს, ინვესტორსა და საერთაშორისო კომპანიას 160-ზე მეტი ქვეყნიდან. ღონისძიება წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას საქართველოსთვის, წარადგინოს საკუთარი სტარტაპ ეკოსისტემა, მოიზიდოს საერთაშორისო ინვესტორები და შექმნას ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები გლობალური მასშტაბით.