საქართველოში IT სფეროში დასაქმებული უცხოელებისათვის 3 წლიანი ბინადრობის მიღება ხდება შესაძლებელი - კანონპროექტის დეტალები
საქართველოში IT სფეროში დასაქმებულ უცხოელებს ბინადრობის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. აღნიშნულის შესახებ ცვლილება “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შედის.
კანონპროექტის მიზანია საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიონალი კადრების მოზიდვის მიზნით საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა. თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ტემპი საჭიროებს დარგის მცოდნე სპეციალისტების ინტეგრირებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ახალი კადრების მომზადებას. აღნიშნული მოითხოვს ბინადრობის ნებართვის პროცედურის ახლებურად დარეგულირებას.
საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ეკოსისტემის გაუმჯობესებისათვის საქართველოს მთავრობამ, სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერი მექანიზმები შეიმუშავა, რომელიც ერთის მხრივ ხელს უწყობს საქართველოში IT მიმართულებით კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებასა და ზრდას, IT ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ, კი საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოდინებას.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით კვალიფიციური კადრების ფორმირებისათვის სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს Do IT პროგრამის ფარგლებში პირთა მომზადებასა და გადამზადებას. 2020-2022 წლამდე სააგენტომ უკვე გადაამზადა 3,000-ზე მეტი IT სპეციალისტი საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამებზე. 2026 წლამდე, კი ეს ციფრი 5,000-მდე გაიზრდება. 2023 წლიდან ხორციელდება 5000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც გამოცდილი, ისე IT სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგ-კურსების ჩატარებასა და კარიერული ზრდის ხელშეწყობას.
საკანონმდებლო დონეზე 2019 წლის 28 ივნისს საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად, შემოღებულ იქნა საერთაშორისო კომპანიის საგადასახადო სტატუსი, რომლის ფარგლებშიც,საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი იბეგრება 5 პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო მოგების გადასახადის განაკვეთია 5 პროცენტი. ამასთან საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან (თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება).
„აღნიშნული სტატუსის ამოქმედების შემდგომ საერთაშორისო IT კომპანიებისა და შესაბამისი მიმართულების ადამიანური რესურსის მხრიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი საქართველოს მიმართ. შემოსავლების სამსახურის სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საერთაშორისო IT კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიათა რაოდენობა 2021 წლიდან 2024 წლის ჩათვლით საშუალო წლიურად 71%-ით იზრდება.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო IT კომპანიის სტატუსის მქონე ერთ კომპანიაში 2024 წელს საშუალოდ დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 51%-ით შემცირდა.
თუმცა, ამავდროულად საერთაშორისო IT კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიაში დასაქმებული პირის საშუალო წლიური ანაზღაურება ყოველწლიურად იზრდება და 2024 წელს 104 ათას ლარს უტოლდება, რაც 2020 წელთან მიმართებაში საშუალო წლიურ 43%-იან ზრდას გულისხმობს.
საერთაშორისო IT კომპანიების საქმიანობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია მათ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს ჰქონდეთ საქართველოში კანონიერად ყოფნისა და ცხოვრების შესაძლებლობა.
საერთაშორისო დონეზე, საქართველოს პოზიციონირების შეფასებისათვის, გაანალიზებულ იქნა „დისტანციურად მუშაობის გლობალური ინდექსი“, რომელიც აფასებს 108 ქვეყნის პოტენციალს, ოთხი ძირითადი განზომილებით: კიბერუსაფრთხოება, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა და სოციალური უსაფრთხოება.
აღნიშნული ინდექსით საქართველო 46-ე ადგილს იკავებს, რითაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის ქვეყნების იმავე მაჩვენებელს, განსაკუთრებით კი ციფრული და ფიზიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რომლითაც საქართველო 67-ე ადგილს იკავებს.
აღნიშნული ინდექსი წარმოადგენს ინსტრუმენტს დისტანციურად დასაქმებულებისთვის, ბიზნესებისა და პოლიტიკის შემქმნელებისთვის, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ინფორმაცია დისტანციური მუშაობისთვის საუკეთესო გლობალური გარემოს შესახებ“ - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ირკვევა, რომ კანონპროექტი გავლენას მოახდენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებზე, ისევე როგორც საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრირებულ უცხოელზე, რომელიც ეწევა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. IT ბინადრობის მიღების შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული პირებს შეექმნებათ შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში გაჩერდნენ 3 წლიანი ვადით, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების საქმიანობასა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე იმ მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრირებული უცხოელების რაოდენობის ზრდას, რომლებიც ეწევიან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. აღნიშნული, შესაბამისად, გაზრდის მათ მიერ ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის ოდენობას.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების შესაფასებლად, განხორციელდა სტატისტიკური მოკვლევა და საერთაშორისო ინდექსების ანალიზი. შემოსავლების სამსახურიდან მიღებული სტატისტიკური მოკვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებში დასაქმებულების და მათ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა ბოლო წლის მონაცემებით მცირდება. იგივე ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში შემდეგი 5 წლის პერიოდისთვის შედეგად მივიღებთ 28% შემცირებულ სამუშაო ადგილებს, 26%-ით ჯამურად ხელფასის სახით გაცემული ანაზღაურების ოდენობასა და 32%-ით შემცირებულ გასაცემ ხელფასზე დაკავებულსაშემოსავლო გადასახადს, საერთაშორისო სტატუსის კომპანიების რეგისტრაციის ზრდის ტემპის მიუხედავად.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მოსალოდნელია კომპანიების ზრდასთან ერთად გაიზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა 20%-ით (2022-2023 წლის საშუალო ზრდის ტემპი), ჯამურად ხელფასის სახით გაცემული ანაზღაურება 71%-ით (2022-2023 წლის საშუალო ზრდის ტემპი), ხოლო გასაცემ ხელფასზე დაკავებული საშემოსავლო გადასახადი კი 60%-ით (2022-2023 წლის საშუალო ზრდის ტემპი). შესაბამისად, აღნიშნული ტემპით გაზრდის შემთხვევაში შედეგად მივიღებთ 5 წლის პერიოდისთვის 745%-ით გაზრდილ ჯამურად ხელფასის სახით გაცემულ ანაზღაურებასა და 564%-ით გაზრდილ დაკავებულ საშემოსავლო გადასახადს 2024 წლის მონაცემებთან შედარებით.
„საერთაშორისო IT კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 5 წელიწადში, ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 6,284-ს გაუტოლდება. ამასთან, დასაქმებულთა მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში კუმულატიურად საქართველოში დახარჯული თანხის მოცულობა 2.7 მლრდ. ლარს მიაღწევს. ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, ერთის მხრივ საერთაშორისო IT კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა 24 ათასს გაუტოლდება, მეორეს მხრივ კი აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულთა მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში კუმულატიურად საქართველოში დახარჯული თანხის საპროგნოზო მოცულობა 6.5 მლრდ. ლარს მიაღწევს.
შემოსავლების სამსახურის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით უცხო ქვეყნის ან მოქალაქეობის არ მქონე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმედ რეგისტრირებულია 24 858 პირი, რომელსაც საქმიანობის სფეროდ მითითებული აქვთ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულება. ამასთან, კვლევებზე დაყრდნობით დაანგარიშებულ იქნა არარეზიდენტი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე პირის მიერ საქართველოში დახარჯული თვიური თანხის საშუალო მოცულობა, რომელიც 4,558 ლარს უტოლდება. არარეზიდენტთა მიერ დაარსებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე სუბიექტთა ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში სუბიექტთა რაოდენობა მომდევნო 5 წელში 52 ათასს გაუტოლდება, მათ მიერ საქართველოში დახარჯული თანხის კუმულატიური მოცულობა კი, მომდევნო 5 წელიწადში 15 მლრდ. ლარს შეადგენს. ხოლო, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შემთხვევაში იმავე პერიოდისათვის სუბიექტთა რაოდენობა 100 ათასამდე გაიზრდება, რაც ასევე გამოიწვევს მათ მიერ საქართველოში დახარჯული თანხის მოცულობის 24 მლრდ. ლარამდე ზრდას“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ შრომით იმიგრანტსა და მის ოჯახის წევრებზე, ასევე უცხოელზე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ეწევა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, და მის ოჯახის წევრებზე ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირზე და მის ოჯახის წევრებზე. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებული ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული შრომითი იმიგრანტი და უცხოელი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად, რომელიც ეწევა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების მოცულობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობაზე ნაკლები არ არის.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
2025 წლის 9 თვეში IT სექტორის შემოსავალი ₾4.5 მილიარამდე გაიზარდა, შემოსავლების ზრდა ძირითადად ექსპორტის მკვეთრი ზრდით იყო განპირობებული | Galt & Taggart
31.12.2025.04:01
Galt & Taggart განახლებულ კვლევას აქვეყნებს ,,IT სექტორი საქართველოში", რომლის თანახმადაც ბოლო წლებში ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი (ICT) სწრაფი ტემპით გაიზარდა და საქართველოს ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი გახდა. 2025 წლის 9 თვის მონაცემებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში სიდიდით მეოთხე ადგილს იკავებს და ნომინალური მშპ-ს 8.2% უჭირავს.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი ექსპორტზეა ორიენტირებული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის მომსახურების ექსპორტში. 2024 წელს ICT ექსპორტმა 842 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი მომსახურების ექსპორტის 10.9% იყო. 2025 წლის 9 თვეში ICT ექსპორტი წლიურად 52.3%-ით გაიზარდა და 898 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი მომსახურების ექსპორტის 14.0%-ს შეადგენდა.
ICT სექტორის ზრდაში ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი IT ქვე-სექტორია. 2025 წლის 9 თვეში IT სექტორის შემოსავალი 4.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 2.1-ჯერ აღემატებოდა. შემოსავლების ზრდა ძირითადად ექსპორტის მკვეთრი ზრდით იყო განპირობებული. 2025 წლისგან განსხვავებით, 2024 წელს IT სერვისების ექსპორტი წლიურად 9.2%-ით შემცირდა, რაც რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო IT კომპანიის შედარებით სუსტ შედეგებს უკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, მცირე საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების ზრდის ფონზე, სექტორის საერთო ბრუნვა 2024 წელს 48.8%-ით გაიზარდა.
IT სექტორის ზრდისა და ექსპორტის ძირითადი მამოძრავებელი ძალა საერთაშორისო კომპანიებია, რასაც დიდწილად ხელი შეუწყო 2020 წელს საგადასახადო შეღავათების შემოღებამ. შედეგად, საქართველოს IT სექტორი მცირე, ლოკალური დარგიდან საერთაშორისო კომპანიებისთვის მიმზიდველ დარგად ჩამოყალიბდა. სექტორის ზრდა განსაკუთრებით დაჩქარდა 2022 წელს, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საერთაშორისო IT კომპანიებისა და სპეციალისტების რელოკაციის შედეგად.
საერთაშორისო კომპანიებისა და კვალიფიციური კადრების შემოსვლამ IT სექტორში ხელფასების დონე გააორმაგა 2020-24 წლებში, რის შედეგადაც ეს სფერო კარიერულად განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა. მაღალი ანაზღაურებისა და საერთაშორისო კარიერული შესაძლებლობების ფონზე, IT განათლებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა – საქართველოში ამჟამად 21 უნივერსიტეტში 12,000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
IT კურსდამთავრებულების მზარდი მიწოდების პარალელურად, ადგილობრივ დასაქმების პლატფორმებზე IT სპეციალისტებზე მოთხოვნა შესუსტდა, რაც რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის (AI-ის) ფართო დანერგვამ განაპირობა. მეორეს მხრივ, ქართველი IT სპეციალისტების საერთაშორისო ჩართულობა გაიზარდა – GitHub-ზე საქართველოდან რეგისტრირებული დეველოპერების რაოდენობა 2024 წელს წლიურად 22%-ით გაიზარდა და 138.3 ათასს მიაღწია.
IT სექტორის გლობალიზაციისა და ქართველი სპეციალისტების საერთაშორისო ინტეგრაციის ფონზე, გლობალურ ტენდენციებთან ადაპტაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სამუშაო ძალის სპეციალიზაციისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. AI-ის მიერ საბაზისო ამოცანების ავტომატიზაციის შედეგად, მოთხოვნა სულ უფრო მეტად იზრდება მაღალი სპეციალიზაციის მქონე კადრებსა და AI-სთან დაკავშირებულ პოზიციებზე. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, 2030 წლისთვის სამუშაოს შესრულება თანაბრად გადანაწილდება ადამიანურ, ტექნოლოგიურ და ჰიბრიდულ მოდელებს შორის, რაც კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად უწყვეტი გადამზადების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოში სამუშაო ძალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ICT ექსპორტის შემდგომი ზრდის ერთ-ერთ საკვანძო წინაპირობას წარმოადგენს.
საგადასახადო შეღავათების გარდა, საქართველოს კონკურენტუნარიანობას ხელს უწყობს ინტერნეტის შედარებით დაბალი ღირებულება და ხელსაყრელი საცხოვრებელი გარემო. მიუხედავად იმისა, რომ ფიქსირებული ინტერნეტ ინფრასტრუქტურა კვლავ ჩამორჩება რეგიონის ქვეყნებს, მობილური ინტერნეტის სიჩქარე 2025 წელს მკვეთრად გაიზარდა, რაც ქვეყნის სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პოტენციალს უსვამს ხაზს.
საერთო ჯამში, IT სექტორის მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სამუშაო ძალის სპეციალიზაცია, კვალიფიკაციის ამაღლება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საშუალოვადიან პერიოდში.