ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოლოდინში კიდევ 8 კომპანიაა - ავთანდილ კასრაძე
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძე განცხადებით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ქართულ კომპანიებს უნიკალურ საგადასახადო შეღავათს აძლევს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, სტატუსის მიღების შემდეგ პირველი სამი წლის განმავლობაში ისინი საშემოსავლო გადასახადისგან სრულად თავისუფლდებიან. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის მიღება რთულ კრიტერიუმებს უკავშირდება, უკვე რვა სტარტაპმა შეძლო მისი მოპოვება, რაც მიზნად ისახავს ქართული ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდას.
„პირველ რიგში თვითონ სტატუსზე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის თვისობრივად უნიკალური შესაძლებლობა ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის, რომ მათ განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, როდესაც ისინი მათ ოპერაციები ახალი დაწყებული აქვთ, მიიღეს ინვესტიცია ან საგრანტო დაფინანსება და პროდუქტის განვითარების ეტაპზე არიან, პირველი სამი წლის განმავლობაში აბსოლუტურად უნულდებათ საშემოსავლო გადასახადი მას შემდეგ, რაც ისინი მიიღებენ ინოვაციური სტარტაპის სტატუსს.
რაღა თქმა უნდა ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მიღება ეს არის რთული პროცესი, ძალიან ბევრი კრიტერიუმებია, რომელიც ქართულმა ინოვაციურმა სტარტაპებმა უნდა დააკმაყოფილონ.
არის ძალიან ბევრი მოთხოვნა როგორც კვალიფიციურ ინვესტიციასთან მიმართებაში, ისევე რაოდენობასთან მიმართებაში, ისევე ინოვაციური ბიზნესი, მისი შემოსავლების და ხარჯების აუდიტირება და როგორ არის ის დაკავშირებული ინოვაციურ საქმიანობასთან და ასე შემდეგ.
კომპლექსური გზა არის გასავლელი, მაგრამ რვა ქართულმა სტარტაპმა უკვე მიიღო სტარტაპ სტატუსი. დაახლოებით მაგდენივე უახლოეს მომავალში კიდევ მიიღებს ამ სტარტაპ სტატუსს და მიმდინარეობს პროცესი, რომ სწორად იყოს უზრუნველყოფილი ქართული საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია, რომ ქართულ სტარტაპებს მართლაც უნიკალური შესაძლებლობა აქვთ და რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქართული სტარტაპ ეკოსისტემა იყოს კონკურენტულ უპირატესობაში გლობალურ ინოვაციურ ეკოსისტემებთან. არის ურთულესი ეს საქმე, თუმცა ჩვენი სტარტაპ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ერთადერთი გზა მიდის საერთაშორისო ბაზრებზე გამარჯვებაში. რაც მეტი ქართული ინოვაციურ სტარტაპს ექნება გლობალური კონკურენტუნარიანი პროდუქტი, მით უფრო მეტი იქნება ხელფასები ქვეყანაში, დასაქმების მაჩვენებელი, ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად სწორედ ამისკენ არის მიმართული სახელმწიფოს კეთილი ნება და ჟესტი ქართული ინოვაციური სტარტაპებისადმი, რომ პირველი არა თუ ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი დაფინანსების პროგრამა გვაქვს საქართველოს მთავრობას სტარტაპებისთვის, არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ ვაფინანსებთ, გარდა ამისა პირველი სამი წელი საერთოდ უარს ვამბობთ მათგან ნებისმიერი თანხის გადასახადზე და სახელმწიფო ბიუჯეტში მათ შენატანზე. მთავარია, რომ სწრაფად განავითარონ გლობალური ტექნოლოგიური პროდუქტი, დაასაქმონ ადამიანები და სწრაფად გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე“, - აცხადებს ავთანდილ კასრაძე.
სხვა სიახლეები
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აგრძელებს მუშაობას, რომ სტარტაპებს ჰქონდეთ სრული ციკლი - განათლებიდან ინვესტიციამდე, რაც საქართველოს რეგიონულ ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია l ავთანდილ კასრაძე
06.04.2026.13:18
სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისა და კომპანიების სწრაფი მასშტაბირების ხელშეწყობის მიზნით, 500 Global- მა საქართველოში, 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით უკვე ექვსი წელია ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტარტაპები 12-კვირიან ინტენსიურ აქსელერაციას გაივლიან, რომლის განმავლობაშიც მათთან იმუშავებენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენტორები. მონაწილეები მიიღებენ, როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას საკუთარი იდეების დახვეწის, მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და მათთვის საჭირო სხვა საკითხების შესახებ. ამასთანავე, მათ ექნებათ წვდომა ახალ სანაცნობო ქსელთან, რაც ხელს შეუწყობს მათი სტარტაპების სწრაფ განვითარებასა და ზრდას.
როგორც GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრსაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულია, რომ 500 Global in Eurasia-თან პარტნიორობით საქართველოში უკვე მეათედ იმართება რეგიონული აქსელერაციის პროგრამა.
“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა პირველი ვენჩურული ფონდი, რომელმაც ეკოსისტემას მხოლოდ ცოდნა და მენტორობა კი არა, რეალური საინვესტიციო კაპიტალიც მოუტანა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აგრძელებს მუშაობას, რომ სტარტაპებს ჰქონდეთ სრული ციკლი — განათლებიდან ინვესტიციამდე — რაც საქართველოს რეგიონულ ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.” - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 15 ქვეყნის 100-ზე მეტი სტარტაპი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს 500 Global in Eurasia.