ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გააგრძელებს ისეთი პლატფორმების შექმნას, სადაც ქართული სტარტაპები გააძლიერებენ შესაძლებლობებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან დასაკავშირებლად - ავთანდილ კასრაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე და Glovo-ს დამფუძნებელი და ტექნოლოგიური ლიდერი საშა მიშუ, თბილისის ტექნოპარკში, სტარტაპებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ქართველმა სტარტაპერებმა უშუალოდ Glovo-ს თანადამფუძნებლისგან მოისმინეს კომპანიის განვითარების ისტორია და პრაქტიკული რჩევები. საშა მიშუმ აუდიტორიას გაუზიარა, როგორ ჩამოყალიბდა Glovo-ს იდეა, ისაუბრა სტარტაპის განვითარების საწყის ეტაპებზე, თავდაპირველ შეცდომებსა და სტრატეგიულ ცვლილებებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბის ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნას ახლავს. შეხვედრაზე განხილული იყო, როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში — საჭირო უნარები, სტარტაპერებისთვის მნიშვნელოვანი რჩევები და განსხვავება დამფუძნებლებსა და შემქმნელებს შორის.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ GITA - თვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველ სტარტაპებს ჰქონდეთ შესაძლებლობა უშუალოდ გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებისა და ლიდერების გამოცდილებიდან მიიღონ პრაქტიკული რჩევები, რაც მათ საქმიანობაში გამოადგებათ.
“ასეთი შეხვედრები ეხმარება სტარტაპებს უკეთ გაიგონ, როგორ ვითარდება იდეა საერთაშორისო მასშტაბის პროდუქტად და რა ნაბიჯებია საჭირო გლობალურ ბაზარზე წარმატებისთვის. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გააგრძელებს ისეთი პლატფორმების შექმნას, სადაც ქართული სტარტაპები მიიღებენ ცოდნას, გაიღრმავებენ კონტაქტებსა და შესაძლებლობებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან დასაკავშირებლად.” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ვითარდება ტექნოლოგიებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით. Glovo-ს მსგავსი გლობალური გამოცდილების გაზიარება პირდაპირ პასუხობს ადგილობრივი მეწარმეების საჭიროებებს — როგორ მასშტაბირდეს იდეა და როგორ გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის (GITA) მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია
14.04.2026.17:46
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აზერ ბაირამოვთან და ინოვაციებისა და ციფრული განვითარების სააგენტოს (IDDA) თავმჯდომარის მოადგილე სალარ იმამალიევთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ეკოსისტემების მიმართულებით. მათ შორის, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის, GITA-სა და IDDA-ს კოორდინაციით, უწყებათაშორისი სამუშაო ფორმატის ამოქმედებაზე, რომელზეც მხარეები ერთობლივ პროექტებს განიხილავენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის ინოვაციების ცენტრის რეზიდენტ კომპანიებთანაც. ქართულმა მხარემ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მოქმედი მოქნილი საგადასახადო მექანიზმებისა და იმ ინიციატივების შესახებ, რომლებსაც ქვეყანა ტექნოლოგიურ კომპანიებს სთავაზობს.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოში, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოში, ხელოვნური ინტელექტის ეროვნულ ცენტრში, ASAN-ის ინოვაციების ჰაბში და სხვა საჯარო უწყებებში.